
EXCLUSIVE - პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერმა კახა კუკავამ 15 მაისს დედოფლისწყაროში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა. პრეზენტაციას პარტიის რეგიონალური მდივანი გია ყრუაშვილი და პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილიც ესწრებოდნენ. მათ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად თამილა გურაშვილი წარადგინეს.
პარტიის რაიონული ორგანიზაცია დედოფლისწყაროში 2011 წლის მაისიდან მოქმედებს. შეგახსენებთ, თამილა გურაშვილი მანამდე 1 წლის განმავლობაში ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქციაში საქმიანობდა. მისი თქმით, ჟურნალისტიკა ზეწოლებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დატოვა და ხელისუფლებასთნ ბრძოლაში ჩაერთო.
შეხვედრაზე დასასწრებად სოფლების საბათლოს, ზემო მაჩხაანის ქედების ზონისა და სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობაც იმყოფებოდა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც განსხვავებულ ხედვას წარადგენს. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველომ „ნატო“-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას. მათი თქმით, საქართველო არჩევანის წინაშე დგას, აფხაზეთი და ოსეთი, ან „ნატო“. მათი თქმით, ხელისუფლება რუსული ბაზრის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდეს. კუკავა მიიჩნევს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რუსული ბაზრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პარტიის ლიდერებს დედოფლისწყაროს სოფლებიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ მიწის ნაკვეთების დაკარგვისა და დაუმუშავებლობის პრობლემაზე ყურადღების გაამახვილება სთხოვეს და აღნიშნეს, რომ საწვავის სიძვირისა და სახნავ-სათესი მიწევისა თუ საძოვრების არარსებობის გამო მათი ყოფა კიდევ უფრო გართულდა.
„ზემო ქედში ფული აღარ ტრიალებს, ყველაფერი გაცვლა-გამოცვლით იყიდება. სოფელში ფული არ არის, ხალხი საჭირო პროდუქციას კვერცხზე, მარცვლეულზე და შინაურ პროდუქტებზე ცვლის. ქედების ზონაში შუა საუკუნეებია,“ - აღნიშნეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

როგორც რადიო "ჰერეთს" პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, დედოფლისწყარო პერიფერიულად მნიშვნელოვანი რაიონია, სადაც ხელისუფლება მუდმივად ახდენდა არჩევნების გაყალბებას: „ის გარემოება, რომ დედოფლისწყარო აზერბაიჯანთან სასაზღვრო რაიონია, ჩვენი ორგანიზაცია გვაძლევს იმედებს, რომ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლია დასრულდება. ოფისის გახსნა კი არის ახალი ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რაც მეტ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა კახა კუკავამ.
პოლიტიკური ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო" მორიგ ოფისს, მომავალ კვირას საგარეჯოში გახსნის, შტაბი უკვე გაიხსნა ქალაქ გურჯაანშიც: უახლოეს ერთ თვეში გავხსნით 25 ოფისს, ხოლო მთლიანობაში გვინდა 3600 საარჩევნო უბანზე ყველგან დავაყენოთ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური ხმებისვთის იბრძოლებენ. კახეთში მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ ჩვენ ვიქნებით", - აღნიშნა კუკავამ.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პარტიის ოფისი სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე განთავსდა. პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით სულ 73 შტაბი გაიხსნება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
(ვიდეო მზადდება და სულ მალე შემოგთავაზებთ)