ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების კომპანია წყლის მიწოდებას გაუფრთხილებლად და მოულოდნელად წყვეტს, რის გამოც ისინი სასმელი წყლის წინასწარ მომარაგებასაც ვერ ახერხებენ. ამის გამო კი მოსახლეობა რთულ ვითარებაში ამოჩნდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრმა კომენტარი გააკეთა. დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი ირწმუნება, რომ ზაფხულის ცხელი დღეების გამო მოსახლეობაში წყლის მოხმარება შედარებით გაიზარდა, რის გამოც დებეტის უკმარისობის პრობლემა დღის წესრიგში რეალურად დადგა. გაირკვა, რომ წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას წყლის არსებულ მარაგს ვერ აწვდენს და დებეტის სიმცირეზე საუბრობს.
ბენაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამჯერად დედოფლისწყაროს ე.წ. სტადიონის სატუმბო სადგურიც მთელი დატვირთვით მუშაობს, თუმცა 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხი ამის მიუხედავად მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
,,ჩვენი მიზანია ქალაქ დედოფლისწყაროში 24 საათიანი წყალმომარაგება იყოს, რაც შეეხება სოფლებს ჯაფარიძესა და წითელწყაროს, მათ წყალს უკვე გრაფიკით მივაწვდით. სოფელ წითელწყაროში, დამონტაჟებული საუბნო ონკანებიდან აღურიცხავი წყლის დიდი რაოდენობაა და მიგვაჩნია, რომ გრაფიკის დაწესება აუცილებელია," - აცხადებს ბენაშვილი.
წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრი მოსახლეობას წყლის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებს და თხოვნით მიმართავს, წყალი სარწყავად არ გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის უწყვეტად მიწოდების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. /ქიზიყი/
* * *
სხვის ჭერს შეფარებული მარტოხელა ქალი ხელისუფლებას და სოც-სააგენტოს ადანაშაულებს
დედოფლისწყაროში, სადგურის ქუჩა #6-ში მცხოვრები მარტოხელა 72 წლის ლეილა გულაშვილი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი ქალბატონი დღემდე ძმის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, საკუთარი ჭერიც არ გააჩნია და არც რაიმე ღირებულს ფლობს, სოციალურმა სააგენტომ საარსებო შემწეობა არ დაუნიშნა. მხოლოდ ჯანმრთელობის პოლისი მიაკუთვნეს და ისიც მალევე გაუუქმეს. ის სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, თუმცა პოლისის არარსებობისა და უსახსრობის გამო ვერც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავს.
,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი დახმარება მხოლოდ 3 თვე მივიღე და მალევე შემიწყვიტეს. არადა მას შემდეგ ჩემი ყოფა უფრო გაუარესდა, არც არაფერი შემიძენია და არც ოჯახისწევრის ცვლილება მომხდარა. განცხადება ასჯერ შევიტანე, მამოწმებენ, მაგრამ დახმარება მაინც არ მენიშნება. სოც-აგენტები ყოველთვის ადასტურებენ, რომ მართლაც არაფერი გაქვთ სახლშიო, მაგრამ ისეთ დეკლარაციას წერენ, გამოდის, რომ დახმარება არ მეკუთვნის. 5-6 ოპერაცია გავიკეთე, ახლაც მაღალი წნევებისგან ანევრიზმა დამემართა, სასწრაფო ოპერაცია მესაჭიროება, მაგრამ ვერ ვმკურნალობ. წნევების გამო ყოველ 2 დღეში სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვიძახებ... მაღაზიებში ყველგან ვალი მაქვს, რომ მშიერი არ მოვკვდე. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. პენსიას სულ ვალებში ვარიგებ და ცარიელ-ტარიელი დავრჩები ხოლმე, წამალიც ვეღარ მიყიდია...
საოცარია, საკუთარი ბინაც კი არ მაქვს, ძმის ბინაში ერთ ოთახში ვარ დროებით შეჭყუნული. ისიც არ ვიცი ძმა როდემდე შემიფარებს. ერთადერთი რაც მაბადია 15 ლარიანი მობილური ტელეფონია და ალბათ მაგის გამო არ მაძლევენ... ტელეფონიც აღარ მქონდეს, რომ სასწრაფო მაინც გამოვიძახო-ხოლმე?... არადა, ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას ისეთი ოჯახები იღებენ, გაგიჟდებით... მაშინ სია უნდა დამიდონ, რომ რამდენიმე დავასახელო, ერთ და ორ ასეთ ოჯახს ხელს ვერ დავადებ... მიჭირს და დახმარებას ამიტომ ვითხოვ, თორემ რომ არ მიჭირდეს ამდენს არც ვიდავებდი და თავს არ შევიწუხებდი. ამასწინათ, ცუდად გავხდი, ექიმის ფულიც არ მქონდა და იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ დედოფლისწყაროს მთავარ ექიმთან ვანო ნატროშვილთან შევედი და შევეხვეწე ფული არ მაქვს და იქნებ გამომიკვლიოთ-მეთქი. დამეხმარა და ექიმთან შემიყვანა, თორემ კაპიკი ფული არ მქონდა. ვერ ვხვდები ასე უსამართლოდ როგორ მუშაობს სოციალური სააგენტო, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ქალს დახმარება არ მომაკუთვნეს. არც ქათამი მყავს და არაფერი... ავადმყოფობის გამო არაფრის თავი არ მაქვს და ასე ღვთის ანაბარა ვარ... სოციალური სააგენტოდან ამასწინათ მხოლოდ სამედიცინო პოლისი მივიღე, დროებით მკურნალობას მაინც ვახერხებდი, შარშან პოლისიც ჩამომართვეს და მძიმე დღეში აღმოვჩნდი. ექიმთან მისვლასაც რომ ვერ მოახერხებ, თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ... ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ვითხოვ, ხელისუფლებისგან უყურადღებოდ ვარ მიტოვებული," - აცხადებს მარტოხელა ქალბატონი. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий