დედოფლისწყაროს რაიონში ბრუცელოზით 42 წლის ქალი გარდაიცვალა. ავადმყოფი ჯერ რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, _ აცნობეს მედიანიუსს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
ქალბატონი წლების განმავლობაში საქონლის ფერმაში მუშაობდა. მას ერთი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ლალი ალადაშვილის თქმით, მათ სამსახურში ბრუცელოზით ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა რეგისტრირებული არ არის. „საავადმყოფოს ინფექციონისტი ვალდებულია, რომ მონაცემები მოგვაწოდოს, თუმცა თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ, რატომ არ გვაქვს ეს ინფორმაცია, გავარკვევ“, - განაცხადა ალადაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კახეთში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების რიცხვი გაიზარდა. 2009 წელს რეგიონში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების 106 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2008 წელთან შედარებით მეტია. 2010 წელს კი 135 შემთხვევაა რეგისტრირებული. 2011 წლის სტატისტიკა ჯერ გამზადებული არ არის. სპეციალისტების თქმით, დაავადების ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.
ადამიანების ბრუცელოზით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს რაიონშია გამოვლენილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ეპიდემიოლოგის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, საგარეჯოს ბევრ სოფელში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევს, რაც დაავადების მეტ შემთხვევას განაპირობებს.
„ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა. ის ადამიანზე ცხოველიდან გადადის. აზერბაიჯანულ სოფლებში ცხვრის დიდი ფარები ჰყავთ. საქონელი ივრის პირებზეა გაშლილი. ტერიტორია ნაკლებად კონტროლდება, რაც დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა ნელი ხიზანიშვილმა. /მედიანიუსი/
Комментариев нет:
Отправить комментарий