ნაცემ გოგოლაურს კომენტარის გაკეთება და ფაქტის გახმაურება არ სურს
EXCLUSIVE ფიზიკური ანგარიშსწორების უცნაური ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. 18 წლის ნინო გოგოლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ დაზიანების ფაქტზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ინციდენტი რუსთაველის ქუჩაზე რესტორან "ნიკალასთან" იმ დროს მოხდა, როცა შებინდებისას გოგონა სავარჯიშო დარბაზიდან შინ ბრუნდებოდა. როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, შეტყობინება ღამით საპატრულო პოლიციიდან შევიდა და ექიმთა ბრიგადა დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე გავიდა.
,,გოგონა დედოფლისწყაროს სტაციონარში მოვათავსეთ, თუმცა როგორც ვიცი, მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს. ალბათ, ექიმებმა ასე ჩათვალეს," - აცხადებს ზურიკაშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, კამათი სატელეფონო კონტაქტებს უკავშირდება. ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათ დაზარალებული ბიჭი ეგონათ და ფიზიკურად ამიტომ გაუსწორდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ გოგონა მათი მისამართით იგინებოდა.
,,დედა საბერძნეთში ჰყავს და გოგონა ჩემთან იზრდება. ერთმანეთს პირადად არ იცნობდნენ, მაგრამ ტელეფონზე უკმაყოფილება ჰქონიათ და შეხვედრისას კამათი ამას მოჰყვა. უმოწყალოდ არის ნაცემი, საკმაო თანხა დაგვეხარჯა და ვინ აგვინაზღაურებს უცნობია... მოვითხოვთ, რომ დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისაჯონ," - აცხადებს დაზარალებულის ბებია დოდო ლომიძე.
საქმეში ორი მამაკაცი ფიგურირებს, დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები 19 წლისზაზა წიკლაური და დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი 18 წლის ბიჭიკო ჩართოლანი.
როგორც დანაშაულში მონაწილე მოზარდები და მათი ახლობლები აცხადებენ, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა შენგელია დაკითხვის დროს მათზე ზეწოლას ახორციელებდა, აგრესიულად მიმართავდა და დანაშაულის აღიარებას ხმამაღალი ტონით აიძულებდა.
მშობლები ირწმუნებიან, რომ მოზარდები დაკითხვაზე ისე წაიყვანეს, ოჯახის წევრებისთვის არავის შეუტყობინებია. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია, საქმეს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა შიუკაშვილი იძიებს.
ბიჭების მიერ სასტიკად ნაცემი გოგონა ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობებით თბილისში გადაიყვანეს, პაციენტი სტაციონარულს მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий