როგორც ტურნეს ორგანიზატორი, პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, დუეტი "ჯორჯია" დედოფლისწყაროელი მაყურებლის წინაშე 2 საათიანი პროგრამით წარსდგება. საბოლოო ჯამში მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ 20-ზე მეტ ძველ და ახალ სიმღერას შეასრულებენ.
"მაკას და რატის ძალიან უყვართ კახეთი და კახელები, ამიტომაც გადაწყდა, რომ რეგიონებში მათი საკონცერტო ტურნე თავდაპირველად სწორედ კახეთის რეგიონიდან დაწყებულიყო. კონცერტი დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ჩატარდება. ვგეგმავთ, რომ საუკეთესო აპარატურა და თანამედროვე სპეც-ეფექტების განათებები დავამონტაჟოთ. რაც ყველაზე უმთავრესია, სოლო კონცერტები ცოცხალი შესრულებით გაიმართება. შესრულდება რამდენიმე სიმღერის პრემიერა. რატიმ და მაკამ სულ ახლახან ჩაწერეს რომა რცხილაძის უძველესი სიმღერა "ვარსკვლავები", რომელიც ახალი ინტერპრეტაციით გაიჟღერებს. გადაწყდა, რომ ამიერიდან რატი და მაკა ყველა კონცერტს ამ სიმღერით დაასრულებენ. ძალიან კარგი კომპოზიცია გამოვიდა და ვფიქრობთ, რომ კონცერტის დასკვნით ნაწილს ძალიან მოუხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოლო-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე "ნიჭიერის" მომღერალი მარიამ ტომარაძე. ასე რომ, მაყურებელს ბევრ ახალ პრემიერას და სიურპრიზს შევთავაზებთ. ეტაპობრივად ყველა რაიონის მონახულებას ვაპირებთ და დუეტ "ჯორჯიას" სოლო-კონცერტის ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ," - აცხადებს პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დუეტ "ჯორჯიას" სოლო კონცერტი დედოფლისწყაროს კულტურის სახლში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий