საბერძნეთიდან 21 წლის რეზო ჟამურელის ცხედარს საქართველოში 28 ივლისს გადმოასვენებენ. ამის შესახენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჟამურელის გადმოსვენება აქამდე ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა. ის ასევე კატეგორიულად უარყობს საკონსულოს მიმართ ჟამურელის ოჯახის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ცხედრის გადმოსვენებისთვის საბერძნეთში საქართველოს საკონსულო პრობლემით არ ინტერესდება.„ჩვენი კონსული ოჯახთან ყოველდღიურ კონტაქტზე იმყოფება. რეალურად პრობლემა არ არსებობს, რადგან კონსულის უშუალო ჩარევით გვამი უკვე კუნძულიდან, სადაც ის დაიღუპა, ათენში გადმოასვენეს და მას ხუთშაბათს, ათენი-თბილისის რეისით გადმოასვენებენ. აქამდე მისი გადმოსვენება ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა“, , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავართქილაძემ.
თავათქილაძის თქმით, რეზო ჟამურელი დაახლოებით 2 კვირის წინ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. გარდაცვილის ოჯახის წევრების განცხადებით, რეზო ჟამურული საბერძნეთში ლეგალურად იყო წასული და ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა. /ქიზიყი/
* * *
"ჩვენ თვითონ" პირუტყვის სასწრაფო ვაქცინაციას ითხოვს
პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ” ხელისუფლებას მოუწოდებს, საგანგებო ზომები გატაროს ჯილეხის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.
ამის შესახებ დღეს პარტიის წარმომადგენელი გიორგი ხოკერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ჯილეხით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
,,წელს დაავადების ეპიცენტრი საგარეჯოა, თუმცა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა დედოფლისწყაროში, ახალციხეში, ბაღდადში, დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშიც. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გვაქვს ლეტალური შემთხვევაც. ჯილეხით დაიღუპა 65 წლის მამაკაცი”, _ განაცხადა ხოკერაშვილმა და დასძინა, რომ ჯილეხის გავრცელების მიზეზი ვეტერინარული კონტროლის შესუსტება გახდა.
ხოკერაშვილი სანიტარული ნორმების დაცვას აუცილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაავადების ძირითადი წყარო რქოსანი პირუტყვია, თუმცა, დაინფიცირება შესაძლებელია მიწასთან კონტაქტითაც.
,,დაცემული ცხოველი უნდა დაიწვას ან დამუშავდეს სადეზინფექციო ნივთიერებით და ღრმად დაიმარხოს. ასეთი სამარხები, უნდა იყოს შემოსაზღვრული და გაკეთებული უნდა ჰქონდეს სათანადო წარწერა. რასაც ჩვენთან ყურადღება არ ექცევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თუ პირუტყვი აცრილია, დაავადების საფრთხე არ არსებობს. მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ახდენს პირუტყვის დროულ და სრულფასოვან ვაქცინაციას”, - აღნიშნა ხოკერაშვილმა.
“ჩვენ თვითონ” სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეახსენებს, რომ კანონი ვეტერინარიის შესახებ პირდაპირ ავალდებულებს მას ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლს, ასევე ცხოველთა და ადამიანების საერთო დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვას. /ქიზიყი/
* * *
საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის დედოფლისწყაროში ჩამოსვენება 15–ე დღეა ვერ ხერხდება
11 ივლისს საბერძნეთის კუნძულ კორსიზე გარდაცვლილი 21 წლის რევაზ ჟამურელის სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ გარდაცვლილის დედა ზაირა ჟამურელმა განუცხადა, პროცესი შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო ჭიანურდება.
ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურეობრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ბერძნული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ:
,,ნათესავების უმრავლესობა იქ გვყავს, მაგრამ დოკუმენტების შეგროვებას კვლავაც ვერ ახერხებენ და გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. გვამი ამ დრომდე კუნძულის პროზექტურაშია. ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმარონ," - აცხადებს ზაირა ჟამურელი.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი კუნძულ კორსიზე 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий