მოკლედ, ვაჟბატონმა გოგიტამ "ქიზიყს" შემოუთვალა, გოგიტა-ს ნუ მიწოდებთ, მე გიორგი მქვიაო... დავიწყოთ იმით, რომ ამ უკანასკნელს ყველა გოგიტას ეძახის. სახელი ,,გოგიტა" გაზეთში გიორგი რომ უნდა იყოს, ეს "ქიზიყის" რედაქციაშიც მშვენივრად ვიცით, მაგრამ ასე მას შემდეგ დავბეჭდეთ, რაც გამგეობის საშტატო ნუსხაში მისი გვარის გასწვრივ სწორედ <გოგიტა> იყო მითითებული და არა გიორგი.
ამ შენიშვნის შემდეგ რობიტაშვილმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ "ქიზიყში" მის შესახებ სტატიები არ უნდა იწერებოდეს. მოგვიანებით კი იქვე დასძინა:
,,მე არჩევნებზე რაც დამავალეს - ის გავაკეთე!.. საარჩევნო შტაბშიც ვმუშაობდი, დავიმსახურე და გამგეობაში იმიტომ დამასაქმეს!... რომ წერთ, საარჩევნო უბანზე უკანონოდ იქცეოდაო, ზედმეტი არაფერი გამიკეთებია. რაც მე მევალებოდა ის შევასრულე," - განუცხადა რობიტაშვილმა "ქიზიყის" კორესპონდენტს.
აი, აღიარებაც ასეთი უნდა. მევალებოდაო... ბრავო, ბატონებო! საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მას "დაავალეს"...
ბატონო გიორგი, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა დაგავალეს? საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები თუ დააშინეს და უბნიდან გააძევეს, ხმა არ ამოიღოთო? საარჩევნო პროცესი თუ შეფერხდა და უბანზე აჟიოტაჟი შეიქმნა - ხმა გაიკმინდეთო? ჟურნალისტებს თუ ემუქრებიან - ამაზეც თვალები დაიბრმავეთ და ენა ჩაიგდეთო???
მოქმედ საარჩევნო კოდექსში, საარჩევნო უბნის თავმჯდომარის (ანუ თქვენი) მოვალეობები სულ სხვაგვარად არის განმარტებული და თქვენ კოდექსს ემორჩილებით, თუ ეშმაკებს??? დარღვევებზე რეაგირება რომ უნდა მოგეხდინათ და თავმჯდომარე უსარგებლო ჩვარივით უმოქმედოდ არ უნდა მჯდარიყო, ხმა ამოეღო და უსამართლობა აღეკვეთა - ამას მოვალეობად არ თვლით? თუ, არც იმ ვალდებულებას აღიარებთ, რომ თავმჯდომარე უბანზე საარჩევნო პროცესის ნორმალურად და მშვიდ ვითარებაში წარმართვას უნდა უზრუნველყოფდეს? რაც მოდით ვაღიაროთ, რომ ჩაგიფლავდათ და ვერ მოახერხეთ... უფრო სწორად, თავი სულაც არ შეიწუხეთ... სამაგიეროდ, როგორც ახლა აღიარეთ, რაც ზემოდან დაუვალებიათ, ის პირნათლად შეგისრულებიათ და სავარძელიც ამიტომ ჩაუხუტებიათ...
ისე კი, ღმერთმანი, ასეთ ვალდებულებებზე და პარტიულ საიდუმლოებზე ხმამაღლა რომ არ უნდა იყრანტალოთ, ეს თქვენთვის არავის უსწავლებია?... მითუმეტეს, თუ რაღაც დაგავალეს და თქვენც ის ყურმოჭრილ მონასავით შეასრულეთ, შემდეგ ეს ჟურნალისტთან რომ არ უნდა წამოროშოთ - ამდენს კი უნდა ხვდებოდეთ...
გიორგი, ხელმძღვანელი პირების მითითებებზე და დავალებებზე სხვებთან რომ არ ლაპარაკობენ და მითუმეტეს ჟურნალისტებთან არ ყვებიან - ეს ბავშვმაც კი იცის... შესაძლოა, ამით თავის მართლება სცადეთ და ჩვენს დარწმუნებას ცდილობთ, თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყოთ, მაგრამ თქვენს საქციელს ნამდვილად არც ეს არ ამართლებს.
დავიმსახურეო - რომ ბრძანებს, ამაში ის იმ ფაქტს გულისხმობს, ორიოდ თვის წინ სოც-სააგენტოში დაწუნებული და სკანდალურად გათავისუფლებული რობიტაშვილისთვის გამგეობაში სპეციალური შტატი რომ შექმნეს და ისევ სოც სამსახურის სპეციალისტად გააფორმეს. ცხადია, გააფორმებდნენ, რათა დამსახურებული პარტიული გმირი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და ღვაწლიც ასე დაუფასეს... აკი აღიარებს კიდეც - დამიფასესო და ქედმაღლურად ბრძანებს - დავიმსახურეო. უდაოდ დაიმსახურე, უდაოდ... ღამეებს სოციალურად დაუცველთა კეთილდღეობისთვის ფიქრში ათევდი და სააგენტოდან რომ გაგათავისუფლეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უქმად აღარ მოგაცდინეს და ისევ იმავე სფეროში დაგაბრუნეს.
მოდით, დამსახურებებზე ნუ მიდგება საქმე, თორემ თქვენ თუ მოკლე მეხსიერება გაქვთ, ჩვენ კვლავაც ბევრი რამ გვახსოვს. ამას გარდა, უნდა ვაღიაროთ, თქვენი სოც სააგენტოში მუშაობის შემდეგ თქვენი მადლიერი ერთი მოქალაქეც არ შეგვხვედრია. ჟურნალისტები თქვენი მისამართით ღატაკებისგან უამრავ ბრალდებებს ვისმენთ, რომლებიც არაობიექტურობაში და პირადი ინტერესების გატარებაში ხშირად გადანაშაულებენ... ალბათ, ესეც თქვენს დამსახურებად მიგაჩნიათ...
ახლა, მაგ სამსახურისთვის, რომელშიც ახლა ბრძანდებით, თქვენი განათლებით, გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით რომ არ მიგიღწევიათ და სხვა დამსახურებების გამო წამოსკუპდით სკამზე, ჩვენ რომც არ შევახსენოთ, დედოფლისწყაროელებმა ესეც მშვენივრად იციან... ხალხი ბრძენიაო - უთქვამთ და ყველა მშვენივრად ამჩნევს, რატომ შექმნეს თქვენთვის სახელდახელოდ ახალი შტატი, მითუმეტეს იმავე სფეროში, სადაც დაგიწუნეს და რამდენიმე თვის წინ სკანდალურად გაგათავისუფლეს... დაწუნებული კადრის იმავე სფეროში დაბრუნება კი არცთუ სამაგალითო საქმეა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აშკარაა, რომ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში კადრების პირადი ინტერესებით შერჩევა ხდება.
როგორი წინდახედული ყოფილხართ და თურმე რაოდენი სარგებლობა მოგაქვთ მშობლიური ნაც-პარტიისთვის, მტერსაც კი შეშურდებოდა... ალბათ, თქვენი შემხედვარე პარტიული ხელმძღვანელობა ამაყობს თქვენი უბადლო ნიჭით და იმით, თუ როგორი თავგანწირვით ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით დედა პარტიას.
ჩვენც ვამაყობთ თქვენით, მაგრამ ერთი მოკრძალებული და მეგობრული რჩევა გვაქვს, ასეთ ბრიყვულ განცხადებებს ნუღარ გააკეთებთ და, თუ ღმერთი გწამთ, შიდა პარტიალ დავალებებს სააშკარაოზე ნუღარ გამოიტანთ, თორემ ნაციონალური მოძრაობის ისედაც შერყეულ იმიჯს კიდევ უფრო ლაფში ამოსვრით და ასე მმართველ პარტიას რეიტინგს დაუკარგავთ...
გვიყვარხარ - სრულიად დედოფლისწყაროს და სრულიად სამშობლოს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!!!... /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий