დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხით დაავადების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტს ციმბირის წყლულის კანის ფორმა აქვს გამოხატული. ავადმყოფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პაციენტი სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები გიორგი იაკობაშვილია. ამის შესახებ "ქიზიყს" ადგილობრივებმა აცნობეს. სავარაუდოდ ჯილეხი მამაკაცს საქონლის ხორციდან გადაედო. "ქიზიყის" ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერ გურამ ნათელაძის ოჯახს 4 ივლისს ძროხა ციმბირის წყლულის ნიშნებით მოუკვდა. მან დასახმარებლად დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურს მიმართა. დანარჩენ დეტალებს ვეტერინარები დაადგენენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ წელთან შედარებით, ჯილეხით დაავადებულთა რაოდენობამ წელს საგრძნობლად იმატა.
„ჯილეხით ადამიანის დაავადების ოფიციალურად დადასტურებული 15 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარკვეული მატება არის, რადგან შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო ეს რაოდენობა, წელს კი პირველ 6 თვეშია ამდენი“, - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий