დედოფლისწყაროში სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ნაწილს, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები ჯერ არ მიუღია. ერთ-ერთი მათგანია ლალი აბულაძის პირველკლასელი გოგონა. მათი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ პირველი კლასის სახელმძღვანელოები მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 15 სექტემბერს უნდა მიეღოთ.
ლალი აბულაძე "ჰერეთთან" ამბობს, რომ წიგნები დღემდე არ მიუღია და მისი შვილი საშინაო დავალებებს ვერ სწავლობს. აბულაძემ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად რამდენჯერმე სცადა, თუმცა კლასის პედაგოგმაც და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრშიც უთხრეს, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის დამატებითი სიები შედგა და წიგნებს ელოდებიან.
აბულაძის თქმით, სასწავლო პროცესის პირველი სემესტრი დასასრულს უახლოვდება და წიგნები ახლა თუ არ მიიღეს, ბავშვი პროგრამას ჩამორჩება. "დღემდე ჩემმა შვილმა თუ რამე ისწავლა, ეს გაკვეთილზე მოსმენილია. მხოლოდ გაკვეთილზე მოსმენილი კი არამარტო პირველკლასელისთვის, ალბათ მაღალი კლასის მოსწავლისთვისაც არასაკმარისია", - ამბობს ლალი აბულაძე.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განმარტება გააკეთეს. როგორც რადიო "ჰერეთს" სამსახურის უფროსმა მარინა მეხრიშვილმა განუცხადა, ლალი აბულაძემ ბავშვი გვიან დაარეგისტრირა სკოლაში და ამის გამო პირველად ჩამოსული წიგნები მათ არ შეხვდათ. მეხრიშვილის თქმით, აბულაძის ბავშვი, როგორ გვიან დარეგისტრირებული მეორად სიებშია და როგორც კი სამინისტრო წიგნებს გამოგზავნის, ისინი სახელმძღვანელოებს მიიღებენ. /ჰერეთი/ აუდიო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий