„უფასო სასადილოში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი დავდივართ, ზოგიერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს. საუბარს გვიშლიან და გვემუქრებიან, ჩუმად იყავით, თორემ საკვებს არ მოგცემთო. საკვებს ისედაც გვაკლებენ, წვნიანში ხორცის მაგივრად ქონს გვიდებენ. დირექტორიც, მზარეულებიც და დამლაგებელიც მასხარად გვიგდებენ, მათხოვრებს გვეძახიან. ეს ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. სადილი 14:00 საათზე იწყება და 16:00 საათამდე გრძელდება, მაგრამ იქ მისვლა 5 წუთით თუ დაგვაგვიანდა, ამაზეც შეურაცხყოფას გვაყენებენ. რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ბენეფიციარი დაგვიანებით მოვიდა და იმ დღეს პური აღარ მისცეს. ბენეფიციარები დააშინეს და საწყლები, ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ. მე, რომ ვაპროტესტებ მათ ასეთ მოპყრობას, მზარეულმა თავში ქილა ჩამარტყა, ხელში ჭიქის ჩარტყმაც სცადა. საცემად იწევენ. ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებს აქეზებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენონ. ადგილობრივ გამგეობას რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბენეფიციარმა მადონა ღვინიაშვილმა.
უფასო სასადილოს დირექტორმა ნუგზარ მახარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა და კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო განყოფილების უფროსის თამრიკო მათეშვილის ინფორმაციით, უფასო სასადილოში 185 ბენეფიციარი ირიცხება და მათ გამოსაკვებად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათასი ლარია გამოყოფილი.
ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
Комментариев нет:
Отправить комментарий