სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბოლო დროს "ქიზიყის" რედაქცია მოკვლევას აწარმოებს. როგორც ცნობილია, ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, სამუშაოებს შპს "სტანდარტი C" აწარმოებს.
15 იანვარს წმიდა სერაფიმე საროველის ხსენების დღე აღინიშნა. დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშიც ამ დღისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღევლინა. სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი
დავით ფხოველიშვილი კურირებს. დედოფლისწყაროს გამგეობას ტაძრის რესტავრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა როგორც "ქიზიყმა" გაარკვია და როგორც მუშებიც აღნიშნავენ, ფხოველიშვილი სამუშაოებს იმ მიზეზით კურირებს, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი მისი ცოლის ძმა გახლავთ. სწორედ ამიტომ, "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტთან, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში, დავით ფხოველიშვილთან სცადა.
თავდაპირველად მან დაადასტურა რომ მთელ დღეებს სწორედ სოფელ ჯაფარიძის ტაძართან ატარებს, თუმცა მას შემდეგ რაც გამოყოფილი თანხების დაკონკრეტებასა და სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას შევეხეთ, ფხოველიშვილი გაღიზიანდა, არაადექვატური გახდა, ყვირილი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კითხვები სრულიად უწყინარი იყო და ის ეკლესიის რესტავრაციის თემას ეხებოდა და "ქიზიყი" ამის გაშუქებას დადებითი კუთხით გეგმავდა, დავით ბატონმა სრული ისტერიკა მოაწყო, ტელეფონი რამდენჯერმე გაგვითიშა და მასთან დარეკვა აგვიკრძალა.
-- რა სამუშაოები... არაფერ სამუშაოებს არ ვკურირებ, არაფერი არ ვიცი მე...
-- ახლა ხომ მითხარით, დღესაც მთელი დღე იქ ვიყავიო და, მთელ დღეებს იქ რატომ ატარებთ, თუ არაფერს კურირებთ...
-- გასაგებად გითხარი, რო მე არ ვიცი...
-- უბრალოდ გვაინტერესებს რომელი ორგანიზაცია აწარმოებს სამუშაოებს და რა თანხა არის გამოყოფილი?...
-- არ ვიცი-მეთქი, ვაა... აქ აღარ დარეკოთ... (ყვირის) თავი დამანებეთ... გითხარი, გათიშე მეთქი ტელეფონი... (ხმამაღლა ყვირის) გამითიშეთ ტელეფონიიიი... არ ვიცი!...
-- ამბობენ, რომ შპს "სტანდარტი C"-ს ხელმძღვანელი არის თქვენი ცოლის ძმა და ამიტომ კურირებს სამუშაოებსო.. -- (ხმამაღლა ყვირის) ვერ გაიგე?... ტელეფონი გამითიშე-მეთქი... (მობილური ტელეფონი თვითონვე გაგვითიშა). მისმა გაღიზიანებამ და უსაფუძვლო ისტერიკებმა ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. ფხოველიშვილს პირად ნომერზე 8(77) 95 41 47 კიდევ ერთხელ დავურეკეთ. მან ხმის ტონს კიდევ უფრო აუწია, წარმოდგენები გამართა და კვლავაც ისტერიკაში ჩავარდა.
-- აუუ... ხო გითხარი, ნუ მირეკავ. შემეშვი...
-- ეს ხომ საქველმოქმედო საქმეა და კარგი კუთხით გვაინტერესებს, ვინ აწარმოებს სამუშაოებს და რა თანხა მოხმარდება სოფელ ჯაფარიძეში ტაძრის აღდგენას? -- ტელეფონი გამითიშე-მეთქი, ვაა... ვერა ხართ თქვენ კარგად?... (ღრიალებს) არ ვიცი, არ ვიციიიი... აღარ დარეკო, გათიშეეეეე... მე რა ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი და ვინ რას ასრულებს... დამანებეთ თავი.
ვიფიქრეთ, გამგეობის თანამშრომელს სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დასჭირდესო და აღარ დაგვირეკია, თორემ ალბათ ვაჟბატონი დავითი გინებასაც არ ითაკილებდა... ღმერთმანი, ასეთი საჯარო მოხელეები რომ გვყავს, იმიტომაც არის ჩვენი საქმე ასე... ფხოველიშვილის უტაქტო და გაუწონასწორებელი საქციელის შესახებ მის უშუალო ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
დავით ჯიბღაშვილი (დედოფლისწყაროს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი): ,,ამ ტაძრის რესტავრაციასთან მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას კავშირი არ აქვს. ჩვენი სამსახურის თანამშრომელი იქ იმიტომ დადის, რომ მორწმუნე კაცია და სურს მონაწილეობა მიიღოს. სხვა არაფერი ვიცი. რაც შეეხება მის გაღიზიანებას, ის მორწმუნეა და არ ვიცი ასე რატომ მოიქცა. ალბათ, სხვა რამეზე იყო გაღიზიანებული"... დაგვეთანხმებით, ძალზე მორწმუნე ყოფილა დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში. არადა, ქრისტიანული სარწმუნოება ღვარძლის ნთხევას და ისტერიკების გამართვას სულაც არ ქადაგებს. მით უფრო, რომ ვაჟბატონი ფხოველიშვილი საჯარო მოხელე გახლავთ და ალბათ მას იმაზეც აქვს პრეტენზია, რომ დედოფლისწყაროს მშენებლობასა და სივრცითი მოწყობის საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს... ისე არაა ჩვენი მტერი, როგორც ფხოველიშვილს საჯარო მოხელის ავან-ჩავანი და განმარტება ესმოდეს... იმ მდარე ტერმინოლოგიით და გლეხური ფრაზებით, რითიც ამ უკანასკნელმა "ქიზიყთან" საუბარში ოფიციალური კომენტარი გააკეთა, ბოდიში მოგვითხოვია და, მთაში მწყემსები მეტყველებენ და საქონელს ერეკებიან, მაგრამ დედოფლისწყაროში ასეთები თვითმმართველობის ორგანოში საქმდებიან. უფრო მეტიც, მიაქციეთ ყურადღება: დავით ფხოველიშვილი უბრალოდ სპეციალისტი არ გახლავთ, ის ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარი სპეციალისტია. მართალია სპეციალისტთან შედარებით მთავარ სპეციალისტს 10 ლარით მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი მისი სტატუსია, მთავარი სპეციალისტი, ანუ კვალიფიციური კადრი, რომელიც სხვებზე უფრო მაღლა დგას...
დავით ფხოველიშვილი ყველაზე მაღლა რომ დგას და ღრუბლებში დაფრინავს, ეს ზემოთ მოცემული ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს... მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ადგილზე, ჩვენ მას მთავარი სპეციალისტის ადგილზე დიდხანს არ მოვაცდენდით და მწვერვალებისკენ გაუკვალავდით გზას. ამგვარ პოტენციალს დაშურება და გამოყენება უნდა. აბა შენ იცი, ჩვენო დავით, მიდი, იმოქმედე... შენი შესაძლებლობები რაიონს მოახმარე, თორემ ვიღუპებით... არა, არც მწყემსობა არის დასაძრახი საქმე, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ საჯარო მოხელე ასეთი ენით მეტყველებს, სრულიად გაუწონასწორებელია და ისტერიკებს მართავს. მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტთან ასე მოიქცა, ცხადია უნდა სცოდნოდა, რომ მისი ეს საქციელი პრესაში დაწვრილებით გამოქვეყნდებოდა. თუმცა, ამ ყველაფერს ფხოველიშვილი სულაც არ შეუფერხებია და ერთი ვაი-ვიში გამართა. თუკი ბატონი ფხოველიშვილი თავშეკავებას არც ჟურნალისტთან საუბარში ავლენს, მაშინ საკითხავია, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან და უბრალო გლეხებთან რამდენად გადავა დაუკრეფავში... ისე, ჩვენში დარჩეს და, ხალხი იმასაც ამბობს, შირაქის ქუჩაზე ფხოველიშვილმა თავის სასახლეში საუკეთესო სივრცითი მოწყობა განახორციელა და დიდძალი სარემონტო სამუშაოები აქვს გაჩაღებულიო... მოსახლეობას ისიც აინტერესებს, რა სახსრებით ახერხებს ამხელა ხარჯების გაღებას, როდესაც მისი ხელფასი 620 ლარს არ აღემატება?... აბა, ისიც ასევე ომახიანად გვითხარი, ბიჭო დავით, საიდან გაქვს ეს ფულები?... ახლა არ თქვა, ლომის უკანალიდანო... /ქიზიყი/