როგორც გაზეთ „ქიზიყს“ ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა განუცხადა, დედოფლისწყაროელმა ნიკა ჩიტიშვილი 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მისი განმარტებით, 10 წლის ნიკა ჩიტიშვილი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და მას ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ბრძოლა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ორგანიზატორებმა პირველად დაუშვეს შეჯიბრების დროს მუხლის გამოყენება. ტურნირის ორგანიზატორების განმარტებით, ამ წესებით შოუ უფრო დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გახდა.
ჩემპიონატზე აზერბაიჯნის კიკბოქსინგის ფედერაციის სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ხრიდოლის, უშუ–ს ეროვნული ფედერაცია, ხელჩართული ბრძოლების ფედერაცია, ახმეტის, გურჯაანისა და რუსთავის კიკბოქსინგის კლუბები.
ჩემპიონატი ხელჩართული ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა კახაბრიშვილისა და საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
„ნიკა ჩიტიშვილი საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია. შავი ზღვის თასის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე თბილისის მერიის თასის გამარჯვებული. კახეთის ოთხგზის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი სანდაში, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი კუნგ–ფუ–ში, რეგიონული ტურნირების სამგზის ჩემპიონი და K–1 საერთაშორისო ჩემპიონატის პრიზიორია. ამჯერად ნიკას ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა, ორი რაუნდის ნაცვლად 4 რაუნდი იბრძოდა. მანამდე ბრძოლა სულ თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოო გამარჯვება მაინც მას ერგო. მას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონის ტიტული აკლდა, დანარჩენი ყველა საფეხური უკვე დაძლია. ამიტომ, ამ ტიტულის მოსაპოვებლად სერიოზულად ემზადებოდა და ფსიქოლოგიურადაც მზად იყო. სპორტსმენის წარმატებისთვის კი ფსიქოლოგიურ მზადყოფნას დიდი როლი ენიჭება. ამიტომაცაა, რომ ვარჯიშის დროს მუდმივად გმირობებზე და სხვადასხვა თავგადასავლებზე ვესაუბრებით, რომ მებრძოლი ჟინი უფრო გაუღვივდეთ. სამწუხაროდ, ფინანსების არქონის გამო დანარჩენი სპორტსმენის წაყვანა ვერ შევძელით და მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა.
ახლახან, თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა საქართველოს თასის პირველობა კუნგ–ფუში. ნიკა ჩიტიშვილი ამ ტურნირშიც ასპარეზობდა. შეჯიბრებაზე მას ათი მოწინააღმდეგე ჰყავდა. გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ წესებით პირველად ასპარეზობდა, ჩიტიშვილმა მესამე ადგილზე გასვლა შეძლო და დედოფლისწყაროში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ჩემპიონატში ირანის უშუს ფედერაციის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის კიკბოქსინგის ფედერაციის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий