როგორც დედოფლისწყაროს მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, მათი ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრებები ინტენსიურად ტარდება.
კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, მეოთხე ტურში კი ერთმანეთს გუნდების კაპიტნები გაეჯიბრნენ და დამატებითი ქულების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ქულათა ოდენობით, თავდაპირველად მეორე საჯარო სკოლის გუნდი „ვუნდერკინდი“ ლიდერობდა, თუმცა ის მესამე ტურში „რჩეულმა“ 2 ქულით ჩამოიტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ #1 საჯარო სკოლის ინტელექტუალებმა გუნდურ მუშაობაში ყველაზე დაბალი ქულები აჩვენეს, ინდივიდუალურ შეჯიბრში ყველაზე სხარტი აზროვნება სწორედ ამ სკოლის მოსწავლემ გამოავლინა და კონკურსში პირველი ადგილი დაისაკუთრა. ჟიურიმ დედოფლისწყაროში „ყველაზე ჭკვიანი 2011“–ს წოდება #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნინო მახარაშვილს მიანიჭა.
„მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით, ტრადიციულად, ხშირად იმართება ამგვარი შეჯიბრებები, კონკურსი გასულ წლებშიც ჩავატარეთ და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. ტრადიციას არც წელს ვუღალატეთ და ინტელექტუალებს თავი კვლავაც მოვუყარეთ. თავდაპირველად პატარა ბავშვებით დავიწყეთ, შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები შედარებით გავზარდეთ. კითხვებიც შესაბამისად შეირჩა,“ – აღნიშნავს დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი.
მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში მათემატიკური შეჯიბრებების გამართვა იგეგმება და ამგვარი კონკურსები კვლავაც ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий