მეწყერით დაზარალებულები ჩატარებული სამუშაოებით
უკმაყოფილებას გამოხატავენ
აპრილში ხანგრძლივი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ არბოშიკში ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინები დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ოჯახებმა დასახმარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. შედგა პროექტი და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ბაღაშვილები მიიჩნევენ, რომ მათი აზრი არავის გაუთვალისწინებია. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის ქვეშ ორი ბინა დადგა პროექტის ფარგლებში მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა. გამგეობას მეორე საცხოვრებელიდან მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია და არც ბინის გამაგრებაზე უზრუნია. სწორედ ეს ოჯახი გამოსთქვამს ეჭვებს და ამბობს, რომ ცალცალკე შეტანილი განცხადებების შემდეგ პროექტი ერთიანად არ უნდა შეედგინათ. ნადია ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ოჯახი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა და საფრთხის აღმოსაფხვრელად რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ისინი წუხან, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები პრობლემით გულითადად არ დაინტერესდნენ და საკითხს ზედაპირულად მიუდგნენ, დაზარალებული ოჯახები კი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 7 მაისის #252 ბრძანების საფუძველზე სოფელ არბოშიკში ხანგრძლივი წვიმების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 6 000 ლარი გამოიყო. გამგებლის სახელზე მოხსენებითი ბარათი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დაწერა.
ავთანდილ ბაღაშვილის ბინის კედლების დემონტაჟისა და მის ქვეშ რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და კედლების აღდგენის მიზნით სპეციალური პროექტი შედგა. გამგეობამ ხელშეკრულება შპს ტექნოთერმთან გააფორმა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
აღმოჩნდა, რომ ავარიულ ბინებში მცხოვრები სხვა დედოფლისწყაროელებისგან განსხვავებით რეკორდულად მაღალი თანხით დაფინანსებული ოჯახები სამუშაოებით კმაყოფილები არ არიან. ბაღაშვილები აცხადებენ, რომ პროექტის შედგენისას მათი აზრი არავის უკითხავს და არც მათი შენიშვნები გაუთვალისწინებიათ.
ნადია ბაღაშვილი (დავით ბაღაშვილის მეუღლე): ,,საერთოდ არა ვარ კმაყოფილი, ისე მოვიდნენ და მუშაობა ისე დაიწყეს, არავინ შეგვკითხებია რა გინდათ, ან როგორ გავაკეთოთ, რას ითხოვთო... მოვიდნენ, სურათები გადაუღეს და პროექტი ისე შეადგინეს ჩვენი აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს და რაც მინდოდა ისე არ კეთდება. ასე კი პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. სახელდახელოდაა გაკეთებული. ჩვენი სახლის უკან ხეები რომ არ ყოფილიყო მეწყერი მთლიანად წალეკავდა ჩვენს სახლს და უბედურება დატრიალდებოდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯიბღაშვილმა ბანკში წამიყვანა, რაღაცაზე ხელი მომაწერინა. არც ვიცი ხელი რაზე მოვაწერეთ, ან რამდენი თანხით დავფინანსდით. ეპილეფსიით დაავადებული მეუღლე მყავს. ავადმყოფები გავედით რაიონში.
-- რატომ გაეჭვებთ ეს პროექტი?
-- ჯერ ერთი მიკვირს ეს ორი ოჯახის სამუშაოები რატომ გააერთიანეს. მე განცხადება ცალკე მქონდა დაწერილი და დახმარებას ვითხოვდი, იმათაც ცალკე. თანაც, მათი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ჩვენი ეზოდან ჩამოშლილი მასა გაიტანეს. ამხელა თანხით დაფინანსების მიუხედავად სხვა გამაგრებითი სამუშაოები არაფერი ტარდება და გამოდის, რომ გამგეობა მხოლოდ მიწის გატანაში დაგვეხმარა. მინდოდა კედელთან მოებიტონებინათ, რომ იგივე საფრთხე კიდევ აღარ განმეორდეს და ცოტა დაცული ვყოფილიყავით, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. საქმეში საერთოდ არ ჩაგვახედეს და თვითნებურად გააკეთეს. ესაა საეჭვო. ჩაშლილი მასა კი ამოიღეს, მაგრამ მისი გამაგრება არ ხდება, ამიტომ დაზღვეულები არ ვართ, რომ ხვალაც იგივე არ განმეორდება.
სტიქიის შედეგად დაზარალდა მესამე ოჯახიც. ანუ, ჩამოშლილი ტერასა, რომელმაც ავთანდილ ბაღაშვილის სახლს საფრთხე შეუქმნა გოგი გოგიშვილის ეზოს ეკუთვნის. როგორც ქიზიყმა გაარკვია, სამუშაოებით უკმაყოფილოა 72 წლის მარტოხელა პენსიონერი გოგი გოგიშვილიც. მისი თქმით, სამუშაოები გულდასმით არ სრულდება, რის გამოც ტერასის ჩამოშლის საფრთხე ისევ არსებობს, პროექტის ავტორებმა კი მის აღმოსაფხვრელად არ იზრუნეს და იქ მცხოვრებთა აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს. მოხუცი ამბობს, რომ მათ არავინ მოუსმინათ.
გოგი გოგიშვილი: ,,რადგან დავით ბაღაშვილის ეზოსა და ჩემს ეზოს შორის დიდი ხევია, მანამდე აქ ბეტონის მესერი იყო და ის გვიცავდა. მას შემდეგ რაც ტერასამ ჩანგრევა დაიწყო, მას შემდეგ ორი ძროხა ჩამივარდა ამ ადგილას და ვიზარალე. არადა მარტოხელა ვარ და ჩემთვის ეს დიდი დანაკლისი იყო. სოფლის რწმუნებული რობიზონ დათუკიშვილი ახლო არ გვიკარებს. ფაქტიურად, ამ სტიქიის შედეგად ყველაზე დაზარალებული მე აღმოვჩნდი, რადგან ეზოს ვკარგავ და ინგრევა. ჩაშლილი მასა კი ამოიღეს, მაგრამ მისი გამაგრება არ ხდება. არადა ამ ადგილის გამაგრებაზე არავის უზრუნია. ეს ჩანგრევას ყოველ წვიმაზე ისევ გააგრძელებს. ან ასე ღიად დატოვება როგორ შეიძლება. აქამდე ხეები იჭერდა, ახლა ისიც გამოაცალეს და უფრო რთული ვითარება შეიქმნება. პატარა მესერი მაინც გაეკეთებინათ, რომ ოდნავ გაემაგრებინა და აღარც გადავარდნის საფრთხე ყოფილიყო. მთქმელს გამგონე უნდა და შესრულება უნდა შვილო... ენა გადავიტყავე და ათასჯერ ვთქვი, მაგრამ ვინ გვაქცევს ყურადღებას? მაინც არავინ ითვალისწინებს. ეს არის სანახევროდ გაკეთებული საქმე. სამი ოჯახი დაზარალდა და ძირითადად მხოლოდ ავთო ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა, სხვა არაფერი გაუკეთებიათ.
აკაკი ბეგიაშვილი (ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, შპს ტექნოთერმი): ,,დროთა განმავლობაში მიწა ისევ ჩაიშლება, მაგრამ ავთო ბაღაშვილის შენობა რკინა-ბეტონის სვეტებზე დაიდგა. წინა ორი ოთახი მნიშვნელოვნად გამყარდა და სახლს დანგრევა აღარ ემუქრება. 8 ადგილობრივი მუშაა დასაქმებული, რამდენიმე დღეში სულ დავასრულებთ. სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდა.
ადგილობრივებს პრეტენზია პროექტის ავტორებთან აქვთ და მიიჩნევენ, რომ თუ გამგეობას პრობლემის რეალურად აღმოფხვრა სურდა, მაშინ დაზარალებულებისთვის აზრი უნდა ეკითხათ და მუშაობა ისე დაეწყოთ. ბაღაშვილები სამუშაოების დასრულებას უიმედოდ უყურებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გაწვიმების შემთხვევაშიც ტერასის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც დიდია. განსაკუთრებით რისკის ქვეშ დავით და ნადია ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინა რჩება, სადაც გამგეობას მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია. პროექტის მიხედვით, მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა...
რეპორტაჟი მოამზადეს
ილია მარტყოფლიშვილი
გამგებლის მოადგილეებად კულუარებში ალექსანდრე ალუღიშვილსა და ზურაბ ყოჩიაშვილს მოიაზრებენ
საკრებულოს თავმჯდომრისა და გამგებლის არჩევის შემდეგ დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი გამგებლის მოადგილეების შესაძლო კანდიდატურებზე ატყდა. კულუარებში ბევრს საუბრობენ ამა თუ იმ საჯარო პირის გამგებლის მოადგილედ გადაყვანის თაობაზე.აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გამგებლის მოადგილის სავარძელი, შესაძლოა, ამჟამად გამგეობის აპარატის უფროსმა ალექსანდრე ალუღიშვილმა დაიკავოს. თავად ალუღიშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია.
* * *
ლევან გოგილაშვილის მკვლელობის დეტალები - ტაქსის გამო მას დანა გულში დაარტყეს
დედოფლისწყაროში მცხოვრები 28 წლის ლევან გოგილაშვილი თბილისში, თავისივე ნათესავის შოთა ბეგიაშვილის მეუღლის დაბადების დღეზე გაემგზავრა. იქიდან წამოსულს კი უცნობებთან შეკამათება მოუხდა, რა დროსაც გოგილაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.მკვლელობა ვარკეთილში, ზემო პლატოს დასახლებაში კალაუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთაზე შაბათს, ღამის 2 საათზე მოხდა. ქეიფის შემდეგ შოთა ბეგიაშვილი სტუმარს, ლევან გოგილაშვილს კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად აცილებდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა გვიან ღამით ერთი და იგივე ტაქსი გააჩერა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მოკლულ გოგილაშვილს და მის ნათესავ ბეგიაშვილს უცნობებმა უთხრეს, რომ ტაქსმა ამ უბანზე მხოლოდ მათთვის გამოიარა და მძღოლი მხოლოდ მათ უნდა მომსახურებოდა.
შეხლა-შემოხლის დროს მუცლის არეში დაიჭრა შოთა ბეგიაშვილი, ხოლო დანით გულის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გოგილაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბეგიაშვილი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
გია აზმაიფარაშვილი (ქირურგი): ,,ორივე დაშავებული სტაციონარში ერთდროულად შემოიყვანეს. ერთი იყო გვამი, ხოლო ბეგიაშვილს ოპერაცია პირადად მე გავუკეთე. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება მკურნალობა.
მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს. დაჭრილის მეგობრები ამბობენ, რომ თავდამსხმელებს ისინი არ იცნობდნენ და მათ ერთმანეთი პირველად ნახეს.ტელეკომპანია იმედი იუწყება, რომ უკვე დადგენილია იმ ტაქსის მარკა და მოდელი, რის გამოც ვარკეთილში ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა. მოკლული გოგილაშვილი მანამდე შსს სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა და სპორტსაც აქტიურად მისდევდა.გარდაცვლილის ცხედარი დედოფლისწყაროში უკვე გადმოასვენეს. ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია იძიებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий