ხათუნა ბიკაშვილი: ,,უფროს ბავშვებს ასაკთან შედარებით საკმაოდ მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, რომ მშივრები არ დავრჩეთ და თავი ვირჩინოთ. გული მტკივა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... თავის დროზე როცა დედოფლისწყაროს სამშობიაროში ვიმშობიარე, ფული ვერ გადავიხადე და გინეკოლოგმა ნოდარ ბოჭორიშვილმა ასე მითხრა, სანამ მშობიარობის ფულს არ მოიტან, მანმადე არ დამენახო, ოფიციალურად ვერ გაგიფორმებ და ვერც დაბადების მოწმობას მიიღებო... ორ უმცროს შვილს, რომლებიც 5 და 3 წლისანი არიან, მოწმობები დღემდე არა აქვთ. რა მექნა აბა, გადასახადი ფული არ მქონდა და ასე დამრჩნენ ბავშვები. საბუთები რომ არ აქვთ, ეს დამატებით უამრავ პრობლემას მიქმნის. ამის გამო, მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარებებითა თუ საჩუქრებითაც ვერასოდეს ვსარგებლობ. წასასვლელიც არსად მაქვს და ამ პირობებში პატარა ბინაში ვართ. არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება ან რა გვეშველება. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი
სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები სამი შვილის დედა შუშანა ქარცივაძე წელიწადნახევრის წინ დაქვრივდა. ამბობს, რომ უკიდურესად უჭირთ და შვილების გამოკვებას ვერ ახერხებს. მისი მეუღლე რომა 4 წლის მანძილზე სამთაწყაროს ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. მისი თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახის ყოფა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან უყურადღებობას გრძნობს. სამშვილიანი ქვრივი დედა იქვე იმასაც დასძენს, რომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად არც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს და არანაირ დახმარებას არ იღებს. ქარცივაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის სოციალურ აგენტებს საარსებო შემწეობის მიკერძოებით განაწილებაში და არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა #108-ში მდებარე ბინაში 44 წლის
სოფია აზოვი ორ შვილთან ერთად უნდა ცხოვრობდეს.
იმის გამო, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია, ოჯახს
კი მისი მოწესრიგების საშუალება არ აქვს, ისინი მეზობლად
მდებარე ბინას დროებით აფარებენ თავს.
ამბობს, რომ ქირას არ იხდის, რადგან ფულადი შემოსავალი საერთოდ არა აქვთ. შენობაში ცხოვრების სანაცვლოდ ისინი მეპატრონის საქონელს უვლიან. ასაკის მიუხედავად ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. უკვე ერთი წელია სოციალურმა აგენტებმა დახმარებაც შეუწყვიტეს, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახადა. სამივეს გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ.
სოფია აზოვი: ,,7 თვეა ოპერაცია მჭირდება, მუცელში კისტა მაქვს, 21 წლის ბიჭს კუჭის სიმსივნე დაუდგინდა, პატარა ბიჭს კი ბოლო 5 წელია თავის ძლიერი ტკივილები აქვს ტომოგრაფია სჭირდება და ვერცერთი მკურნალობას ვერ ვახერხებთ. (ტირის) პატარას რა სჭირს იმის დადგენაც კი ვერ მოვახერხეთ. იმდენიც არ შეგვიძლია, რომ ექიმთან გასასინჯად ერთხელ მაინც მივიდეთ. მეც ამხელა მუცელი გამიხდა და დროზე თუ არ მივხედავ შესაძლოა კიბოში გადაიზარდოს. არც პოლისი გვაქვს, არც არანაირი დახმარება გვეძლევა. არადა, ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გარდა იმისა, რომ გვიჭირს, ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგანგაშოა. მეუღლეს გავშორდი და ასე უპატრონოდ ვართ მიტოვებულები. ისიც სვამს და არც ისაა კარგ დღეში. სოციალურ დახმარებას მხოლოდ სამი თვის მანძილზე ვიღებდით. მერე მოვიდნენ, კიდევ შეამოწმეს და შეგვიწყვიტეს. ასე უკაპიკოდ დავრჩით, შემოსავალი აღარსაიდან აღარ გვაქვს და თავის რჩენაც გვიჭირს.
-- გასაგებია, რომ სხვის ბინას შეაფარეთ, მაგრამ საინტერესოა, თავს რითი ირჩენთ, კვებას როგორ ახერხებთ?
-- ბინის მეპატრონე ჯემალ კოტაშვილი რომ მოდის ხოლმე, საკვები ჩვენთვისაც მას მოაქვს. ფაქტიურად პურს ის გვაჭმევს. თუ მოსვლა ვერ მოახერხა ვრჩებით ასე მშივრები. ის რომ არ იყოს, აქამდე მშივრები ღია ცის ქვეშ დავრჩებოდით და ასე დავიხოცებოდით. (ცრემლს იწმენდს) მთავრობისგანაც არანაირ ყურადღებას არ ვგრძნობთ.
-- სამსახურის პოვნას ვერ ახერხებთ, თუ მუშაობა ფიზიკურად არ შეგიძლიათ?
-- სად არის სამსახური?... აბა, სად უნდა ვიმუშაოთ... თანაც, ყველა წევრს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ სულ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული. ყურადღებას ვერ ვაქცევთ ამ დაავადებებს და არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებთ. (ტირის) რა ვქნა, ექიმთან წასასვლელი ფული არ გვაქვს. ჯანმრთელობის პრობლემა მაინც რომ არ გვქონდეს, თავს გავიჭირვებდით ვიმუშავებდით და ასე რთულად აღარ ვიქნებოდით.
-- ვის ადანაშაულებთ, რა პრეტენზიები გაქვთ?
-- სოციალური სააგენტო უსამართლოდ მოგვექცა. რადგან დახმარება დაგვინიშნეს ესეიგი გვეკუთვნოდა, მაგრამ არც შეგვარგეს. მხოლოდ სამჯერ ავიღეთ და შეგვიწყვიტეს. მას შემდეგ ჩემი ოჯახის ვითარება უფრო გაუარესდა და ჯანმრთელობაც დაგვიმძიმდა და საკითხავია, რა ჩაწერეს აგენტებმა ისეთი, რომ დახმარება შეგვიწყვიტეს.
-- მთავრობა რომ არ გეხმარებათ გასაგებია, მაგრამ არც კერძო პირები დაგხმარებიან?!
-- მამა ნიკოლოზ ლომსაძე დაგვეხმარა. ჩემს შვილს, რომელსაც კუჭის სიმსივნე დაუდგინდა, თბილისში ექიმებთან წასვლაში მოძღვარი დაეხმარა. ჩვენი სახსრებით ამას ნამდვილად ვერასოდეს მოვახერხებდით. თბილისში კი არა, რაიონში ასვლასაც ვერ ვახერხებთ ხოლმე.
მამა ნიკოლოზ ლომსაძე: ,,ჩვენ ბევრს ვეხმარებით ხოლმე, ზოგს ფინანსურად, ზოგსაც შეძლებისდაგვარად... ხან შეძლებულ ადამიანებს ვთხოვთ ხოლმე, რომ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ. კონკრეტულად ამ ახალგაზრდის შესახებ ახლა არაფერი მახსენდება. ვერ გეტყვით რა სახის დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ჩვენ არავის ვყოფთ, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.
დავემშვიდობეთ დიასახლისს და მათი რთული ვითარების მოსმენის გამო მთელი დღე უხასიათოდ გავატარეთ. აღარც დახმარება აქვთ და არც ის იციან, უყურადღებოდ მიტოვებული ავადმყოფობა რა შედეგებამდე მიიყვანს თითოეულ მათგანს.გაზეთი ქიზიყი მოხარული იქნება, თუ მკითხველთაგან რომელიმე ნებისმიერი სახის დახმარებას აღმოუჩენს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მათ, ასე აუტანელ ყოფას.
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ნერგების ერთჯერადი მორწყვა დედოფლისწყაროს ბიუჯეტს 11 ათასი ლარი უჯდება
მაშინ, როცა კახეთი წყალს მიაქვს დედოფლისწყაროს გამგეობაში საკმაოდ უცნაური ბრძანებები გამოიცემა. მუნიციპალიტეტის გამგებლის 18 ივნისის #321-ე ბრძანების საფუძველზე შპს ტექნოსერვისი I-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან 10 793 ლარი გამოეყო.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, ახლადარჩეულმა გამგებელმა საკრებულოს მიერ ნდობის გამოცხადების პირველივე დღეს 11 ათასამდე ლარი ორგანიზაციას ნერგების მხოლოდდამხოლოდ ერთჯერადი მორწყვისთვის გადაურიცხა. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, წყალდიდობების ფონზე, რატომ გახდა აუცილებელი და გადაუდებელი ამ ხელშეკრულების გაფორმება.
ტექნოსერვისს დაევალა ქალაქ დედოფლისწყაროში ელიას მთასთან, შირაქში და სოფელ წითელწყაროში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნერგები ერთჯერადად მორწყოს.
ქიზიყმა დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის ბრძანება ქუჩაში, რიგით გამვლელებს გააცნო და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. ხალხის მოსაზრებები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
მოსახლეობას ის ფაქტიც აეჭვებს, რომ ხელშეკრულება სწორედ გახშირებული წვიმების დროს გაფორმდა. ადგილობრივებს თანხებიც ზედმეტად გაბერილი ეჩვენებათ და მიიჩნევენ, რომ გახშირებული წვიმებისა და ღვარცოფების ფონზე ამგვარ ღონისძიებებში თანხების ხარჯვა დაუდევრობა და წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა, დედოფლისწყაროელები ეჭვობენ, რომ ჭარბი ნალექების ფონზე ორგანიზაციას მორწყვა სულაც არ განეხორციელებინა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სახელოვანი ძიუდოისტები სტუმრად დედოფლისწყაროში, გაასმაგებული პატრიოტიზმი და ტაშფანდური რესტორან ნიკალაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა შაბათს 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ძიუდოში გამარჯვებულებს უმასპინძლა. შეხვედრა კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა.
სახელოვან სპორტსმენებს, რომელთა გამარჯვებასაც სულ ახლახან ვლადიმერ პუტინიც ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა შესანიშნავი ღონისძიება მიუძღვნა. მასში ადგილობრივი ცეკვისა და ხალხური სიმღერების გუნდები მონაწილეობდნენ. საღამოს ასევე, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ახლადარჩეული გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი, პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური და ყოფილი პარლამენტარი ლაერტი ზუბადალაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებას კულტურის სახლის დირექტორი ცარო მარტიაშვილი ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა. რამდენიმე ნომრის შემდეგ წამყვანმა სცენაზე ანზორ მარტყოფლიშვილი იხმო და სიტყვა დაუთმო.
ანზორ მარტყოფლიშვილი (ძიუდოს ფედერაციის მდივანი): ,,დიდი მადლობა ყველას, ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრით. ვალში არც ძიუდოს ნაკრები გვრჩება. ძალებს არ იშურებენ, რომ ახალ-ახალი წარმატებები მოგვიტანონ. მათი გამარჯვებები კი უდიდესი სტიმული მომავალი თაობებისთვის. ძალია მიხარია, როცა ვხედავ, რომ მოზარდებში სპორტისადმი სიყვარული და ინტერესი იზრდება. გუშინ დამირეკეს, რომ თურმე დედოფლისწყაროში გამოჩნდა ჩემი მოგვარე სულ ახალგაზრდა, 15 წლის მოჭიდავე არსენ მარტყოფლიშვილი, რომელიც ამ დღეებში ირანში მიემგზავრება საასპარეზოდ. მინდა უდიდესი წარმატებები ვუსურვოთ მას და ბედნიერი ვარ, როცა ასეთი ამბები მესმის.
ძიუდოს ფედერაციის მდივნის სიტყვის დასრულების შემდეგ ღონისძიების წამყვანმა სცენაზე ანზორ მარტყოფლიშვილის მეგობარი, ბიზნესმენი და სპორტის ქომაგი მარლენ კვაჭანტირაძე მიიწვია, რომელმაც სიტყვა წარმოსთქვა, შემდეგ კი ანზორ მარტყოფლიშვილი სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა და ხანჯალი უსახსოვრა.
მარლენ კვაჭანტირაძე: ,,ქართველები გენეტიკურად ძლიერები ვართ. საქართველომ ევროპას დაუმტკიცა, რომ ჩვენ მრავალი ჩემპიონი გვყავს. ასეთ პატარა ქვეყანას უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავს, ვიდრე სხვა ქვეყნებს, ეს კი ბევრს ნიშნავს.
ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდოისტთა მწვრთნელი): ,,ჩვენ ამაყები ვართ, რომ კახეთი ძიუდოსადმი დიდი გულშემატკივრობით გამოირჩევა. 1 ივლისს მივემგზავრებით მოსკოვში. ვემზადებით მსოფლიო პირველობისთვის. ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ფაქტიურად შეუძლებელი შეძლეს. დედოფლისწყაროელმა სპორტსმენებმა, რომელთაც ყველა კარგად იცნობს, ლევან წიკლაურმა და ზაზა კედელაშვილმა წარმოუდგენელი შეხვედრა ჩაატარეს. ასევე, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მოგვიანებით სცენაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ავიდა და ის დღე გაიხსენა, როცა გამგეობის მიერ სპორტსმენებთან მოწყობილი წინა შეხვედრისას სპორტსმენებმა გამარჯვებების პირობა დადეს და ის პირნათლად აასრულეს კიდეც.
ლევან ბაღაშვილი: ,,დედოფლისწყაროელების სახელით მადლობა მინდა ვუთხრათ ამ სპორტსმენებს, რომელთაც ჩვენი რაიონისა და მთლიანად საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო მასშტაბით გააქვთ.
ჩვენდა გასაკვირად, დედოფლისწყაროს გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი სცენაზე საერთოდ არ ასულა და საპატიო სტუმრებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.
ლევან წიკლაური: ,,მინდა გითხრათ, რომ ამ წარმატებით არ შემოვიფარგლებით. უფრო მეტს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, დედოფლისწყაროსთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მადლობას გიხდით ასეთი შეხვედრისთვის.
სპორტსმენებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა და სცენაზევე ძალზე ემოციურად წაიკითხა ქ. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ნათელაძემ. ევროპის ჩემპიონები ნორჩმა პოეტმა იმდენად მოხიბლა, რომ მათ ქეთევანს ლექსის ასლის გადაცემა სთხოვეს, მან კი სულ მალე ავტოგრაფით დამშვენებული საკუთარი ლექსების კრებული გადასცა, რომელშიც მათივე ლექსიც იყო შესული.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სახელით სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ. შემდეგ კისტუმრები და მასპინძლები ტრადიციულად რესტორან ნიკალაში გაემართნენ, სადაც ე.წ. მეორე განყოფილება გაიმართა და სტუმრებს ქიზიყური სტუმართმოყვარეობითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ. როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყისთვის გახდა ცნობილი, სახელოვანი სპორტსმენების საპატივსაცემოდ სუფრის გაწყობა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ამირან თეთვაძემ და მარლენ კვაჭანტირაძემ ითავეს. ორგანიზატორებს ტრადიციულად მეორე განყოფილებაზე მედიის წარმომადგენლები აღარც გახსენებიათ, ისე გაეშურნენ ნიკალაში სატაშფანდუროდ... როგორც წესი, ჟურნალისტები ამჯერადაც მხოლოდ იმ დრომდე ახსოვდათ, ვიდრე ყველა სპორტსმენს საგაზეთო სურათებს საგულდაგულოდ გადაუღებდნენ...
რეპორტაჟი მოამზადეს:
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *
გუბერნატორს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვების გამოყენების იდეა არ მოსწონს
კახეთში გახშირებული სეტყვის მიუხედავად, ხელისუფლება სეტყვის საფრთხის შემცვლელი ღრუბლების გასაფანტად სპეციალური ჭურვების გამოყენებას არ აპირებს. როგორც კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული ჭურვები უსაფრთხო არ არის და წლების წინ, მის გამოყენებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რადგან ჭურვი ჩვეულებრივი ბომბივით ფეთქდება. მისივე თქმით ამასთან აღნიშნული ჭურვები არც ისე ეფექტური იყო, ამიტომ უკვე დიდი ხანია საქართველოში მისი გამოყენება აიკრძალა. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი წელს სეტყვამ სერიოზულად დააზიანა ზოგიერთ რაიონში მოსავალი მთლიანად განადგურებულია. /ჰერეთი/
დიდი ოდენობით იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ კირვალიძეს 5 ივლისს გაასამართლებენ
ორიოდ თვის წინ, შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ადგილობრივი მკვიდრი, დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსის თამაზ კირვალიძის მამა, ვალოდია კირვალიძე დააკავა. როგორც დედოფლისწყაროს სასამართლოში გაზეთ ქიზიყს განუცხადეს, კირვალიძეს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მიმდინარე წლის 5 ივლისს გაასამართლებს. სასამართლო მოსმენა დღის 14 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომა 16 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 5 ივლისისთვის გადაიდო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდოდ, დაკავებულს 8 წლამდე პატიმრობა ელის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий