და რატომ აღარ ისურვა ბაღაშვილმა მისი მოადგილეობა?
რატომ დააქვეითეს გამგებლის მოადგილე, ამოწურა თუ არა
რესურსი და ვის გაუჩნდა მისი ჩამოშორების სურვილი?
ამჯერად, გამგებლის უალტერნატივო მოადგილედ წოდებული
გელა თეთრაულის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს გადავავლებთ
თვალს და საინტერესო ფაქტებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აქტიურად საუბრობდნენ, რომ მმართველი გუნდი საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელს დედოფლისწყაროში გელა თეთრაულს უმზადებდა, რომელიც მანამდე არაერთი ცვლილების მიუხედავად გამგებლის მოადგილის სავარძელს ურყევად ინარჩუნებდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური აქტივობით ან მეორე პირისთვის დამახასიათებელი გავლენებით ის არასოდეს გამოირჩეოდა, პირველი პირის ცვლილების მიუხედავად მან თანამდებობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. თეთრაულის მფარველებზე მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ მას შემდეგ დაიწყო, რაც სრულიად გამოუცდელი კადრი დედოფლისწყარო რაი-გაზიდან პირდაპირ გამგებლის მოადგილის სავარძელში ჩასვეს და ასე სამ წელზე მეტი გაატარა.
ამ ფონზე, საფუძველს მოკლებული არავის ეჩვენებოდა, რომ შესაძლოა თეთრაული საკრებულოს თავმჯდომარედ გაეყვანათ. ასეა თუ ისე, ამ საკითხზე მედიაც ბევრს წერდა და დედოფლისწყაროშიც აჟიოტაჟი არ ცხრებოდა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისიც ითქვა, რომ თეთრაულის არათუ დაწინაურება, არამედ მისი ჩამოშორება სურთ და ბევრი ამტკიცებდა, რომ მას დააქვეითებდნენ.
რაიონში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ თეთრაულის პირადი ინტერესების გამო გამგეობის სოციალური სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან ნატროშვილმა პროტესტი ღიად გამოხატა, მუშტიც დააბრახუნა და თეთრაულის მეუღლის ფიქრია წიკლაურის უფასო სასადილოს ხელმძღვანელობიდან წასვლასაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. სხვათაშორის, იმავე პერიოდში, მაშინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყთან საუბარშიც არ დამალა, რომ თავის მოადგილეს, ანუ გელა თეთრაულს მისი მეუღლის უფასო სასადილოში მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ღიად უთხრა და ისიც დასძინა, რომ ამ სასადილოსთან მიმართებაში ბევრი პრეტენზია არსებობდა. გამგებლის ამგვარი კომენტარის შემდეგ კულუარებში პირდაპირ ალაპარაკდნენ, რომ ლევან ნატროშვილმა და ლევან ბაღაშვილმა თეთრაულს უფასო სასადილოში ხელების ფათურისგან თავის შეკავება და განზე გადგომა ურჩიეს...
ვერ გეტყვით რამდენად მართალია, მაგრამ საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. ამბობენ, რომ ნატროშვილი გაცილებით კატეგორიული იყო და უფასო კვების ობიექტში თეთრაულის ინტერესების არსებობას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ სოციალური სამსახურის უფროსად ლევან ნატროშვილის გადაყვანის შემდეგ თეთრაულის მეუღლემ სასადილოს ხელმძღვანელის პოსტი სულ რამდენიმე დღეში დატოვა, აღარც მზარეულად მუშაობა ისურვა და განაცხადა, მირჩევნია დრო შვილებს დავუთმოო. უცნაურია ისიც, რომ ლევან ნატროშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ უფასო ნაციონალურ სასადილოს ესტუმრა, ბენეფიციართა გაბერილი სიის გაცხრილვა და მკაცრად გაკონტროლება მოითხოვა.
ძალზე საინტერესო მინიშნებებს გადავაწყდით ჩვენს არქივში:
,,თუ თეთრაულის მუშაობა ნაყოფიერი არ იქნება და რესურსს ამოწურავს, სხვების მსგავსად მასაც სახლში წასვლა მოუწევს - ამგვარ კომენტარს ლევან ბაღაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლად რამდენიმე დღის დანიშნული იყო, ორი წლის წინ, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან საუბრისას აკეთებდა:
-- ბატონო ლევან, თქვენმა მოადგილემ, გელა თეთრაულმა იმდენი ,,იწვალა`` მეორე პირის სავარძელს კიდევ ერთხელ გამოჰკრა ხელი. მისი დანიშვნა მოსახლეობამ და არასამთავრობოებმა ჯერ კიდევ თქვენს წინამორბედსაც შეცდომად შეუფასეს... ნუთუ, სხვა კადრი ვერ გამონახეთ, რატომაა გელა თეთრაული მუდმივად უალტერნატივო და უცვლელი მოადგილე?...
-- ვთვლი, რომ თეთრაულს გამოცდილება აქვს, ამიტომ, ვნახოთ რა იქნება...
-- მოადგილის პოსტზე ლევან ჯამალაშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა. მასთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ და რატომ ვერ მოიპოვა თქვენი ნდობა?
-- ჯამალაშვილი ასე გამოკვეთილი არ ყოფილა. არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ასე გადაწყდა. საბოლოო სიტყვას კი მათი მუშაობის შედეგები იტყვის...
-- ანუ, თეთრაულთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილება გადახედვას აღარ საჭიროებს?...
-- წინასწარ არავინ არაფერი იცის, მოვლენები როგორ განვითარდება და რა იქნება... არაფერია გამორიცხული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... (23 აპრილი 2008 წელი; სტატია გამოქვეყნებულია თავისუფალ გაზეთში)
სხვათაშორის ამ დროს თეთრაულს გამგებლის მოადგილის სავარძლის შესანარჩუნებლად უცნაური ხრიკების გათამაშებაც დასჭირდა. მაშინ, როცა კახეთის გუბერნატორს გია ნაცვლიშვილს წყალი შეუყენეს და დედოფლისწყაროს მაშინდელი გამგებლის დავით ლეკიშვილის ბედიც გაურკვეველი იყო, როგორც ჩანს გელა თეთრაულს კარიერის გაფუჭების შეეშინდა და სკამის შესანარჩუნებლად უცნაურ სვლებს მიმართა. გამგებლის გადადგომამდე მოადგილის პოსტი თავადვე დატოვა, სულ მალე კი თავი კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ ადგილს შეაფარა. (!) მას შემდეგ, რაც რაიონის თავკაცის ბედი საბოლოოდ გაირკვა, თეთრაულს კვლავაც მეორე პირის სავარძლის ნოსტალგია გაუჩნდა, ამბიციები ვერ დაიცხრო და როგორც ჩანს საერთო ენა ახლადდანიშნულ გამგებელთან ლევან ბაღაშვილთანაც გამონახა. ასე წავიდა მეორე წრეზე, სადაც სამ წელზე მეტი გაატარა.
ბოლოს კი მოვლენები ძალზე უცნაურად განვითარდა. ვერ გეტყვით პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელები რას დაპირდნენ, ან როგორ დაითანხმეს, მაგრამ ფაქტია, რომ თეთრაული შვებულებაში გავიდა და კენჭი მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში შესასვლელად იყარა. უცნაურია ისიც, რომ მისი კანდიდატურა არა ქალაქიდან (სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს), არამედ მეზობელი სოფლიდან წამოაყენეს. ან იქნებ ქალაქ დედოფლისწყაროში თეთრაულის იმიჯი იმდენად დაბალია, რომ მმართველ გუნდს მისი გამარჯვების იმედი ნაკლებად ჰქონდა, ვერ გარისკეს და ამიტომაც გადატყორცნეს სოფელში.
წითელწყაროდან გამარჯვების მიუხედავად, თეთრაულს მაღალი რეიტინგი არც ამ სოფელში რომ აქვს ამაში ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც დარწმუნებულნი არიან და მის გამარჯვებას ეჭვის თვალით უყურებენ. #1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი თენგიზ ტუხაშვილი დარწმუნებულია და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურა, ხელისუფლების ჩარევით, მისგან უნებართვოდ რომ არ მოეხსნათ და არჩევნებში თეთრაულს გაჯიბრებოდა 80 პროცენტით დაამარცხებდა. ამბობს, რომ გელა თეთრაულის რეპუტაცია ამ სოფელში 10 პროცენტს ოდნავ აღემატება და მხოლოდ სახელისუფლებო რესურსების დახმარებით ის ხმების 20 პროცენტზე მეტის მოგროვებას ვერ შეძლებდა.
თენგიზ ტუხაშვილი: ,,ეს კარგად იცოდნენ ლევან ბაღაშვილმაც და გელა თეთრაულმაც, ამიტომ როგორც გაიგეს, რომ ქრისტიან-დემოკრატებიდან მე ვიყრიდი კენჭს, მაშინვე ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელზე გოდერძი აბულაშვილზე განახორციელეს ზეწოლა და კანდიდატურა ბოლო დღეს ისე მოხსნეს არაფერი ვიცოდი.. აბულაშვილის ვაჟი და მეუღლე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და ამით აიძულეს, ასე მოქცეულიყო. აბულაშვილმა არც ჩემთან საუბრისას დამალა, წნეხში ვარო, მეუღლის და შვილის გამო მაიძულებენო. ასე რომ არ ყოფილიყო თეთრაულს 80 პროცენტით მოვუგებდი, ვერც საკრებულოში შევიდოდა და მანდატის გარეშე დავტოვებდი. ამ სოფელში ვცხოვრობ, უამრავი საახლობლო და მეგობრები მყავს. ამას გარდა, წლების მანძილზე სკოლის დირექტორი ვიყავი. უამრავი მოსწავლე მყავს გამოზრდილი, მათი მშობლები... ბევრი მცნობს და ცხადია, თეთრაულთან შედარებით მე უფრო რეალური შანსები მქონდა... სამწუხაროდ, ოპოზიციად წოდებულმა გოდერძი აბულაშვილმაც ორმაგი თამაში ითამაშა და ჩემს უკითხავად მოხსნა ჩემი კანდიდატურა... - აცხადებს ტუხაშვილი.
ეს რაც შეეხებოდა იმას, თუ როგორ მოიპოვა გელა თეთრაულმა გამარჯვება და საკრებულოს მანდატი. ახლა ჯერი იმაზე მიდგა, მართლა დაიკავებდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელს, მაგრამ ასე არ მოხდა. იყო ვარაუდი, რომ მოადგილის პოსტს მაინც უწილადებდნენ, მაგრამ როგორც სჩანს ლევან ბაღაშვილმა თეთრაულის მოადგილეობა სულაც აღარ ისურვა.
საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამ ეტაპზე გელა თეთრაული საკრებულოს რიგითი წევრია და მეტი არაფერი... მარტივად რომ ვთქვათ - თეთრაული დააქვეითეს!... არც საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელი შეხვდა, არც მოადგილის და გამგებლის პოსტიც სხვამ დაიკავა... იმის გათვალისწინებით, რომ თეთრაულისთვის ხელმძღვანელის სავარძელი ვერსად მოინახა, იმის ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში ის ბევრს აღარ ეპიტნავება, მისი ჩამოჩოჩება სურდათ და სწორედ ამიტომ გაუყენეს საკრებულოს გზას...
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ახალგაზრდა მამაკაცი გულში დანის დარტყმით მოკლეს
დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან გოგილაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შაბათს ღამით ერთ-ერთ კაფე-ბარში მოკლეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგილაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი კაფეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ჩხუბი მოხდა...წინასწარი ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჩხუბში რვამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, გარდაცვლილის ცხედარი თბილისიდან დედოფლისწყაროში უკვე გადმოასვენეს. გოგილაშვილი მანამდე სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა და სპორტსაც მისდევდა.
ქიზიყმა ამ დრომდე ვერ გაარკვია, დაკავებულია თუ არა ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირი, ან ცნობილია თუ არა კონკრეტული ეჭვმიტანილის ვინაობა. მკვლელობის მოტივისა და დამნაშავეთა დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.
/ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
Комментариев нет:
Отправить комментарий