როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილი აცხადებს, ნინო მეხრიშვილი საკრებულოს პრესასთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე სამთვიანი ხელშეკრულებით დაინიშნა:
„საკრებულოს თავმჯდომრის 22 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, მეხრიშვილი მუშაობას უკვე შეუდგა. ამჟამად ის სტრუქტურას ეცნობა და თავის სამსახურეობრივ მოვალეობებში გარკვევას ცდილობს. ამ გოგონამ ახლახან გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩემთვის არის ცნობილი ყველას მოწონება დაიმსახურა. ხელშეკრულება სამი თვის ვადით არის გაფორმებული,“ – განმარტავს საკრებულოს აპარატის უფროსი.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, მეხრიშვილს ჟურნალისტური განათლება, ან მსგავსი სამუშაო გამოცდილება არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ქიმიური განათლება აქვს მიღებული.
მეხრიშვილის დედა ნანი ტოკლიკიშვილი იმავდროულად საკრებულოს დეპუტატი და საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომრის მოადგილეა. ხოლო მისი მამა თემურ მეხრიშვილი დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილეა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს საკრებულოს პრეს–მდივანი ინგა შიოლაშვილი შპს გაზეთ „შირაქის“ დირექტორად გადაიყვანეს. რეორგანიზების შედეგად დედოფლისწყაროს ერთადერთი ბეჭდვური გაზეთი განახლებული ფორმატით, ყოველკვირეულ რეჟიმში გამოიცემა. /ქიზიყი/
გამოხმაურება პრესაში>> "ნიუსლაინი"
* * *
თვითმმართველობამ სოფლების სახელწოდებების ცვლილების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება მიიღო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა სამი სოფლისთვის ახალი სახელწოდებების მინიჭების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანების ხელმოწერის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ საკრებულოდან აცნობეს.
მიხეილ სააკაშვილმა "ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ" ბრძანებას ხელი 30 აგვისტოს მოაწერა. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლებისთვის სახელების გადარქმევის თაობაზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ცვლილების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება არ ჰქონდათ. „ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობამ თბილისიდან ოფიციალური შეტყობინება 5 სექტემბერს მიიღო.
„პრესაში ვრცელდება, თუმცა ჩვენთვის არავის უცნობებია. როცა წერილობით შეტყობინებას მივიღებთ, ახალ სახელწოდებებს მხოლოდ მას შემდეგ გამოვიყენებთ. ალბათ, უახლოეს დღეებში შეტყობინებას ფოსტით მივიღებთ,“ – აცხადებდა ლევან ბაღაშვილი.
ამიერიდან დედოფლისწყაროს თვითმმართველობა და ადგილობრივი მედიასაშუალებები ძველის ნაცვლად სოფლების ახალ სახელწოდებებს გამოიყენებენ. ახალი სახელწოდებების მოსახლეობაში დამკვიდრების საქმეში დედოფლისწყაროში მოქმედი გამოცემების როლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ახალი სახელწოდებები მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ამიერიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს - "ხორნაბუჯი", სოფელ ჯაფარიძეს - "სამრეკლო", სოფელ ლენინოვკას კი - "ჭოეთი" ეწოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий