![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjnCP3z8wLIP-RvTCrGZFTo2YoO6nT_EyhG1fDxtF3ff89WAbQHsrj9Cx3Fqb2Kqw9ovF7a_BR3r-IhtnupXFeePRSIWZjv-fqKSi5qOr0BE_v92V-uEvYJdwXxdx5eLwEI84uYgANC-Zs/s320/%25E1%2583%25A8%25E1%2583%2594%25E1%2583%25A8%25E1%2583%2590%25E1%2583%2590%25E1%2583%2590.jpeg)
შეშის უსასყიდლოდ დასარიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 20 000 ლარი გამოიყო, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 ათასი ლარი, დამატებით, პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის განკარგულების თანახმად ჩაირიცხა.
როგორც სოფელ მირზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურაბ დათუკიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, პროცესი მირზაანშიც მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ხდება:
„აუცილებელია მოქალაქემ წარმოადგინოს განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებიდან, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია დახმარების საჭიროების შესახებ. ასევე, თუ პირი უნარშეზღუდულია, მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს,“ – აღნიშნავს ზურაბ დათუკიშვილი.
დედოფლისწყაროს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ივანე ხელაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში შესულია სასიამოვნო ცვლილება, რის თანახმადაც, შეშის გაცემის წესს ახალი პუნქტი დაემატა.
შეირჩა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საოჯახო დახმარების მიმღები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 და ნაკლებია, შეშა მათგან გარკვეულ კატეგორიებს გადაეცემათ.
„მოგეხსენებათ, სოციალური დახმარების გარეშე კიდევ უამრავი ოჯახია დარჩენილი, რომელთაც უკიდურესად უჭირთ, არც მარჩენალი ჰყავთ, თუმცა ქულები დააკლდათ და სიღარიბის დაძლევის ერთიან ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი. არადა დახმარებას უდაოდ საჭიროებენ. ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ მუხლი, სადაც მითითებულია, რომ შეშას ასევე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ტერიტორიულ ორგანიში და რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია. ასეთი ოჯახები საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა გვიჩვენა, რომ ამ პუნქტის ჩამატება აუცილებელი იყო, რადგან გაცემის წესის მიღმა კიდევ ბევრი გაჭირვებული რჩებოდა შეშის გარეშე. ამდენად, ამიერიდან ასეთ ადამიანებს რწმუნებული გაუწევს რეკომენდაციას და ისინიც ისარგებლებენ ამ დახმარებით,“ – განმარტავს ხელაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий