„სოკარ ჯორჯია–კახეთი გაზი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალის თანამშრომლებს მოსახლეობა თაღლითობაში ადანაშაულებს. ქალაქ დედოფლისწყაროს სამთოელებისა და პრესის ქუჩის მცხოვრებნი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაზიფიკაციის თანამშომლებმა ნოდარ ლაპიაშვილმა და ალექსანდრე ჭუაძემ ისინი მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც მათ დამატებითი თანხების გადახდას აიძულებენ. ამჯერად მოსახლეობამ დასახმარებლად დედოფლისწყაროს ფილიალის ხელმძღვანელს თემურ გოგილაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართა, რომლის ასლი „ქიზიყს“ ხელში ჩაუვარდა. განცხადებას თან ახლავს აბონენტების ხელმოწერებიც.
„გასული წლის დეკემბერში გაზიფიკაციის თანამშრომლებმა ალექსანდრე ჭუაძემ და ნოდარ ლაპიაშვილმა ჩვენი ქუჩების ათზე მეტი ოჯახი შეცდომაში შეიყვანა. მათ არ გავუფრთხილებივართ, რომ ჩვენი მრიცხველების შემოწმება შეიძლებოდა, რის შემდეგაც დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ახალი მრიცხველის გადასახადს თავიდან ავიცილებდით. ჩამოგვართვეს ჩვენი გამართული მრიცხველები და საწყობში გამოკეტეს. გაირკვა, რომ დეკემბერში იმ მრიცხველების შემოწმების ვალდებულება სწორედ დედოფლისწყაროგაზს ეკისრებოდა. ეს ინფორმაცია თანამშრომლებს დროულად რომ მოეწოდებინათ, დაუყოვნებლივ მოვახდენდით შემოწმებას, თუმცა დედოფლისწყაროგაზის თანამშრომლების მიერ შეცდომაში შევედით, რის გამოც არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით და მნიშვნელოვნად დავზარალდით... ახლა კი ქვითრები მოგვივიდა, სადაც მოხმარებული აირის გარდა დამატებით კიდევ 160 ლარის გადახდას გვაიძულებენ... ვითხოვთ, რომ გაგვათავისუფლონ უსამართლოდ დარიცხული გადასახადისგან და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არ გვქონდეს ამ კომპანიაში არსებული განუკითხაობის შეგრძნება და თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ, “ – აცხადებენ უკმაყოფილო აბონენტები.
როგორც „სოკარ ჯორჯია–კახეთი გაზი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალის ხელმძღვანელი თემურ გოგილაშვილი ამბობს, ამ საკითხის ირგვლივ საქმის კურსშია და აბონენტების დახმარებას შეეცდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც ლაგოდეხის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განაცხადა, 10 ათასი ჰექტარი მიწა, რომელზეც სიმინდი უნდა დაითესოს უკვე მოხნულია. უახლოეს პერიოდში მარცვლეულის დათესვა დაიწყება. ლაგოდეხში ხორბალი ტრადიციულად ნაკლები დაითესა, რადგან ძირითადი აქცენტი სიმინდზე გაკეთდა. მიწის მოხვნის სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა დედოფლისწყაროს რაიონშიც.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ამბობს, რომ ძირითადი საგაზაფხულო კულტურები რაიონში ქერი, მზესუმზირა და სიმინდია. მისივე ინფორმაციით, დედოფლისწყაროში 12 ათას ჰექტარზე სიმინდი, ხოლო 30 ათასზე ხორბალი დაითესა. მზესუმზირის და ქერის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. /ჰერეთი/
* * *
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 9 აპრილის მემორიალი შეამკო
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად, დედოფლისწყაროს ცენტრში აღმართული 9 აპრილის მემორიალი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით, ქალაქ დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ნიკოლოზ ლომსაძემ პარაკლისი გადაუხადა 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილებს. შემდეგ კი ადგილობრივ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა ხსოვნის საღამო. მემორიალთან სანთლები დაანთო თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა, რომელთაც აქ მოიყარეს თავი და საქართველოს ეროვნული გამთლიანების დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან შეკრებილი ყველა ადამიანი ერთხმად აღნიშნავდა, რომ 22 წლის შემდეგაც ეს თარიღი კვლავ რჩება საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. შეგახსენებთ, დღემდე სადაო რჩება მემორიალის უკან მდებარე შენობის საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ 9 აპრილის მუზეუმს ეკუთვნოდა და თანამშრომლები იქიდან გამგეობის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის ბრძანებით იძულებით გამოასახლეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა ქვრივი დედა თვითმკვლელობით იმუქრება
ქალაქ დედოფლისწყაროში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა, მცირეწლოვანი ბავშვის ქვრივი დედა ელენე წიკლაური მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომელს, სოციალური სამსახურის სპეციალისტს გოგიტა რობიტაშვილს შეურაცხყოფის მიყენებასა და უტაქტო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
,,მეუღლე 1 წლის წინ გარდამეცვალა, მყავს 3 წლის შვილი. უკიდურესად გვიჭირს. ბავშვი თავიდანვე სუსტი იყო და მუდმივად ავადმყოფობს. 1,5 წლის წინ გავუკეთე ოპერაცია, ახლა კიდევ თირკმელაში კენჭები აღმოაჩნდა და სისტემატიური მკურნალობა სჭირდება. ბავშვის პენსიითა და დახმარებით ვარსებობთ, სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. უმუშევარი ვარ, ვერაფერს ვახერხებ, ბავშვიც ვერ დამიტოვებია, რომ ლუკმა პური ვიშოვო. მინდოდა სათნოების სახლში ჩამწერონ და გამგეობა კვებით მაინც დამხმარებოდა. განცხადება ნოემბერში დავწერე, მაგრამ დღემდე უშედეგოდ... როცა გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მივაკითხე რობიტაშვილმა უხეში, უტაქტო და ვირული პასუხი გამცა. „წადი, იმუშავე და ბავშვი არჩინე, ახალგაზრდა ქალი ხარ, აქ რას მოდიხარ, ჩვენ რას გვთხოვო“. როცა შევეპასუხე ასე მითხრა, ქალო, შენ ენაზე აცრა არ გჭირდება, რა ბევრი ლაპარაკი გცოდნიაო“ ძალიან დამცირებული წამოვედი იქიდან. სახლზეც გარკვეული პრობლემები მაქვს, ხან ისე ვნერვიულობ, თვითმკვლელობაზეც სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა ჩემი მტრები გავახარო და თავს ვიკავებ,“ – აცხადებს მარტოხელა ქვრივი დედა. „ქიზიყი“ დეტალების დასაზუსტებლად მმბ–ს თანამშრომელს გოგიტა რობიტაშვილს დაუკავშირდა და მარტოხელა დედის ბრალდებები გააცნო: „მაგაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!“ – განაცხადა რობიტაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий