ლონგო ყოჩიაშვილი (გათავისუფლებული მუშა): ,,თვეზე მეტია ფინანსური პოლიცია დარღვევებს სწავლობს. თუ ზურაბ ყოჩიაშვილმა გამოძიებასთან საქმე არ ცააწყო, ამდენს რას იკვლევენ?... საეჭვოდ ჭიანურდება... ჩვენს სამსახურში იმდენი დარღვევები იყო, აქამდე ვინმე უნდა დაეჭირათ... პარალიჩიანი და ინვალიდი ადამიანები ჰყავდათ შტატში ჩასმული, მუშაობა კი არა ხელფასის ასაღებად ჯიბეში ხელს ვერ იდებდნენ, რომ სახელფასო კარტა ამოეღოთ და ასეთი ხალხი მუშად როგორ იმუშავებდა?... მაგ ყოჩიაშვილს რაიონის ხელმძღვანელობა და კუდ–ი მფარველობს. თუ საფინანსო პოლიცია სამართლიან გამოძიებას არ აწარმოებს და ამათ გაურიგდება, გათავისუფლებული თანამშრომლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავსხდებით და პროტესტს დავაფიქსირებთ... ისე ვართ გაღიზიანებული, შესაძლოა იარაღიც ვიხმაროთ“..
ტრისტან ფილაური: ,,მიზეზი მაინც ეთქვათ, რატომ გაგვათავისუფლეს. რაც თქვენს გაზეთში პროტესტს გამოვხატეთ და მერე ყოჩიაშვილმა სამსახურში დიდი კრება ჩაგვიტარა ამ საკითხზე, მას შემდეგ აგვითვალწუნა და რომ დააკვირდეთ ზუსთად ის ხალხი გაგვათავისუფლა, რომლებიც გაზეთში დავფიქსირდით. ორ მცირეწლოვან შვილიშვილს მე ვზრდი, დაავადებულები არიან და კვებითაც ვერ ვუზრუნველყოფ. ,,პაპა, გვშია, გვშიაო, შემომჩივიან და ცარიელი პურიც არ მაქვს, რომ გავაჩუმო. დახმარებასაც არ მაძლევენ“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის პრეს–სამსახურის უფროსი ნინო ჩუტკერაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური კომენტარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.
,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ამ საკითხზე გამოძიების შემდეგ გააკეთებს კომენტარს,“– აცხადებს პრეს–მდივანი.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ექსკლუზიურად სწორედ "ქიზიყმა" გაავრცელა. ეს ფაქტი სამსახურის უფროსმა ზურაბ ყოჩიაშვილმაც დაგვიდასტურა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ წითელწყაროში ჯაგაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს
სოფელ წითელწყაროში მეგობრობის ქუჩა #81–ში მცხოვრები ნიკო ჯაგაშვილის სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ოჯახის უფროსი ნიკო ჯაგაშვილსაც ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო კურსის ცატარებას ვერ ახერხებენ.
,,ორი თვის წინ ჩვენს ერთ–ერთ შვილს სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და გამგეობას ვთხოვეთ დახმარება. 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაგვირიცხეს, თორემ ამასაც ვერ მოვახერხებდით და საავადმყოფოშიც არ შეგვახედებდნენ. მას შემდეგ გამგეობისთვის კიდევ რაიმეს თხოვნას ვეღარ ვკადრულობთ. ბანკიდან ფული წინასწარ გამოვიტანეთ, რომ წამლები გვეყიდა და 2 თვე ვერც ამ დახმარების ფულს მივიღებთ. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, იქნებ რამით დაგვეხმარონ,“ – აცხადებენ ჯაგაშვილები.
თხევადი აირის ბალონების შეძენა მათი ოჯახის ბიუჯეტს კიდევ უფრო აზარალებს და მძიმე ტვირთად აწვება.უკვე მერამდენე თვეა ისინი ბუნებრივი აირის შესაყვანად ფულს აგროვებენ, თუმცა სხვადასხვა ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ, არადა ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა მათ მძიმე ყოფას ბევრად შეამსუბუქებს და ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი, წითელწყაროდან
* * *
სარწყავი სისტემების დანერგვისთვის ხუთი მილიონი დაიხარჯება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, დამატებითი 150 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის დარგში 9 პროგრამის განხორცელებაზე დაიხარჯება. დედოფლისწყაროსა და გარდაბანში დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვისთვის კი ხუთი მილიონი დაიხარჯება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო მონაწილეობა მინიმალური იქნება და დანარჩენი თანხების მოზიდვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო კაპიტალიდან მოხდება.
"ამ პროექტებში მონაწილეობის სურვილი ძირითადად უცხოურმა კომპანიებმა გამოთქვეს, რომელებიც თანადაფინანსებით განხორციელდება. კომპანიები ამ პროექტების დაფინანსებაში რა თანხებსაც ჩადებენ იმის ადეკვატური წილი ექნებათ და საშუალება მიეცემათ ქართულ ბაზარზე გააგრძელონ ოპერირება", - აღნიშნა კვეზერელმა და აქვე დასძინა, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას ექნება გარანტირებული ბაზარი და რეალიზაცია.
რაც შეეხება, 150 მილიონ ლარს, როგორც მინისტრი განმარტავს ეს თანხა არის დამატებითი იმ ასიგნენბებისა, კერძოდ კი 69 მილიონის, რომელიც წლის დასაწყისში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
"უკვე გამოყოფილი 69 მილიონი ლარის გარდა ეს თანხები დამატებით დაიხარჯება, რომელთა ნაწილიც გამოყოფილი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფონდებიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში ეხმარებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ 150 მილიონში სახელმწიფოს მონაწილეობა იყოს ნაკლები და უფრო მეტის მოზიდვა მოხდეს", - აღნიშნა კვეზერელმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის მინისტრი კონკრეტულ თანხას ვერ ასახელებს, თუ რამდენი იქნება 150 მილიონ ლარში სახელმწიფოს მონაწილეობა.
კვეზერელის მტკიცებით, 150 მილიონი ლარი შემდეგ პროექტებზე გადანაწილდება - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი - 40.5 მლნ. ლარი (გარდაბანი); სიმინდის საშრობი და შესანახები - 22 მლნ. ლარი (ლაგოდეხი); მექანიზაცია (ტრაქტორები, კომბაინები და აგრეგატები) - 29.5 მლნ. ლარი; სარგავი მასალის სათბურები (ბოსტნეულის ჩითლის წარმოაბა (ზუგდიდი) - 15 მლნ. ლარი; საცდელი მეურნეობა წვეთოვანი მორწყვით (სოფელი ნიქოზი) - 5 მლნ. ლარი; დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვა (გარდაბანი; დედოფლისწყარო) - 5 მლნ. ლარი; სადრენაჟო კოლექტორების აღდგენა დასავლეთ საქართველოში - 5 მლნ.ლარი; მოცვის სადემონსტრაციო ფართობის მოწყობა (აჭარა, გურია, იმერეთი) - 3 მლნ. ლარი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 25 მლნ. ლარი.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტებიდან ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე მოლაპარაკებები მიმდინარებს. პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე, მცირე ნაწილი კი 2012 წლის დასაწყისში დასრულდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თბილისიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий