იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიაციული ნივთიერებების გაჟონვის შესახებ ინფორმაციები თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება. ითქვა, ისიც რომ რისკის ზონაში არიან იაპონიის მეზობელი ქვეყნები, თუმცა ამჯერად ქართული პრესა ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ რადიაციული ფონი საქართველოშიც გაიზარდა. დედოფლისწყაროს რაიონი რადიაციული საფრთხის თვალსაზრისით ბოლო წლებში ერთ–ერთი სახიფათო ზონა იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ რადიაციის მომატების საფრთხე ახლაც გაზრდილია. დედოფლისწყაროში მცხოვრები ქიმიკოსი ლეილა ბაღაშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ დედოფლისწყაროში რადიაციული ფონი ყოველთვის ნორმაზე მაღალი იყო.
ლეილა ბაღაშვილი: ,,ახლა, როდესაც იაპონიაში მომხდარიმიწისძვრის შემდეგ ატომური სადგურის დაზიანების შედეგად მოსალოდნელია რადიაცული ფონის მომატება საქართველოშიც, მოსახლეობა უნდა ეცადოს არ მოხვდეს წვიმაში. უმჯობესია, სარეცხი არ დატოვონ წვიმაში და არ მოიხმარონ წვიმის წყალი საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ანადუღარი წყლის ხელმეორედ ადუღებას, ამ დროს აქტიურდება რადიაქტიური ნივთიერებები. ჩვენი რაიონი ადრიდანვე ონკოლოგიური ავადმყოფების სიჭარბით. ასევე, ჩიყვითა და ლეიკემიით დაავადებულთა რაოდენობაც ყოველთვის საგანგაშო იყო. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამჟამად დედოფლისწყაროში რადიაციული ფონის საზომი აპარატი მხოლოდ სასაზღვრო სამმართველოს გააჩნია და სწორედ მათ უნდა დააფიქსირონ ფონის მატება.
„ქიზიყი“ კომენტარისთვის დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, პოლკოვნიკ დემურ კეკენაძეს დაუკავშირდა.
დემურ კეკენაძე: ,,რადიაციის საზომი აპარატურა ჩვენ მხოლოდ სექტორებზე, ანუ სასაზღვრო ზოლებზე მდებარე საგუშაგოებზე გვაქვს. ამ ეტაპზე იქ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება ქალაქ დედოფლისწყაროს, როგორი მდგომარეობაა ვერ გეტყვით, რადგან ჩემთვის უცნობია. ისე, ჩვენს დეპარტამენტს აქვს აპარატურა და თუ საჭიროება დადგება სპეციალისტები ჩამოვლენ და რადიაციულ ფონს შეისწავლიან.
მედიცინის მუშაკთა მოსაზრებების მოსმენის მიზნით „ქიზიყი“ შპს „საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსს ვანო ნატროშვილს დაუკავშირდა:
ვანო ნატროშვილი: „ჩვენ ონკოლოგიური ავადმყოფების სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი მუშაობის პერიოდში ონკოლოგიური ცენტრიდან რამდენჯერმე ჩამოვიდნენ სპეციალისტები და რადიაციული ფონი შეამოწმეს. მათი დაინტერესება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მატება შეინიშნებოდა. როგორც მახსოვს, რადიაციული ფონი რადიკალურად მომატებული არ იყო. ეს ყველაფერი გარკვეულწილად უკავშირებდნენ დედოფლისწყაროში სამხედრო ბაზების განლაგებას, ზოგი შხამქიმიკატების შემოტანას უკავშირებდა. დანარჩენ დეტალებს ამჟამად არ ვფლობ.“
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, რადიაციული ფონის მატება ადამიანს პრობლემებს უქმნის სისხლძარღვების, იწვევს სიმსივნეს, ლეიკემიას და სხეულის ნაადრევ დაბერებას. მოქმედებს გენეტიკურ ფაქტორზე და ადამიანები სერიოზული დეფექტებით იბადებიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий