დედოფლისწყაროში ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენების ადგილობრივი კონსულტანტი გიორგი აბულაშვილი კატეგორიულად უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფრმაციას, თითქოს, ებრაელი ბიზნესმენები საქართველოდან გარბიან.
,,ებრაელმა ინვესტორებმა, რომლებიც კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში აგრობიზნესით არიან დაკავებულები, საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეს. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, საქართველოში ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.“ – ნათქვამია მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,დედოფლისწყაროში რაც ნაკვეთები აქვთ, ისინი არც გაყიდვას აპირებენ და არც აქედან წასვლას გეგმავენ. პირიქით, ებრაელები ფიქრობენ, რომ უფრო უკეთესად მოაწყონ ჩვენი მეურნეობა, როგორც ტექნიკის თვალსაზრისით, ისე სხვადასხვა კულტურისა და ტექნოლოგიების კუთხით. ამჟამად შირაქში, ახლადნაყიდ მიწებზე 1 200 ჰექტარი მიწის გარდა კიდევ შევიძინეთ 250 ჰექტარი მიწა და ვაპირებთ მზესუმზირის, სიმინდის და სხვადასხვა კულტურების დათესვას. ჩვენი მთავრობისგან არავითარ ზეწოლასა და შევიწროვებას ებრაელი ინვესტორები არ განიცდიან, პირიქით, თუ რაიმე სახის დახმარება გვჭირდება, დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით, გვეხმარებიან. 2010 წლის შემოდგომაზე, როცა დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იმყოფებოდა, მან უშუალოდ შემოგვთავაზა ხორბლის სათესლე მასალით და ტექნიკით დახმარება. ასევე, მინისტრი დაგვპირდა, ყველანაირად მხარში დგომას და ხელშეწყობას. ჩვენც შემდგომში ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. ასე, რომ დედოფლისწყაროში დაკავებულ ებრაელი ინვესტორების წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი აბულაშვილმა.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე ებრაელი ბიზნესმენები დედოფლისწყაროში 1 200 ჰა მიწას ფლობდნენ, ამჯერად ირკვევა, რომ მათ დამატებით კიდევ 250 ჰა იყიდეს და მიწების შეძენას კიდევ გეგმავენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
უნარშეზღუდულებს ეტლები გადაეცათ
ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს- თინა ათანელიშვილსა და ჯუმბერ ბაიდოშვილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინვალიდის ეტლები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი ლალი მანგოშვილი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ეტლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას საერთაშორისო ქართულ – ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გადასცა. ორგანიზაცია მსგავსი სახის აქციებს მომავალშიც გეგმავს.
შეგახსენებთ, მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий