კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები მთავრდება. ადგილობრივი ფერმერების მონაცემებით, დედოფლისწყაროს რაიონში სახნავ-სათესი მიწების 40%-ია დამუშავებული. საწვავის სიძვირის გამო გლეხებმა ყველაზე მეტად მიწების დამუშავება ქედების ზონაში ვერ მოახერხეს.
მიწების დაუმუშავებლობის კიდევ ერთ მიზეზად გლეხები ტექნიკის არ ქონას ასახელებენ. „ტრაქტორები, რომლებიც სერვის-ცენტრებს მისცეს, მხოლოდ იმ ადამიანებს ემსახურება, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი ნაკვეთი აქვთ. ვისაც ცოტა მიწა გვაქვს, უნდა შევგროვდეთ და დაველოდოთ რიგი როდის მოგვიწევს. ამასობაში დაგვიანდა და მიწის დამუშავება ვერ მოვახერხეთ“, - აღნიშნა სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებმა გიორგი ბენიაიძემ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ემზარ ჯანაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროს კურირებს, განაცხადა, რომ არ იცის რაიონში რამდენი ჰექტარი სახნავ-სათეში მიწაა და აქედან რამდენია მოხნული.
„რა ყელში წამიჭირეთ... არ ვიცი რამდენია. რა, დანაშაულია?!“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
ეს ინფორმაცია, ჯანაშვილის კომენტარის თანხლებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. გაზეთი "ქიზიყი" დაინტერესდა, მართლა ფლობს თუ არა გამგებლის მოადგილე დეტალებს, რის დასაზუსტებლადაც ემზარ ჯანაშვილს დავუკავშირდით, თუმცა ჩვენც მოულოდნელი პასუხი მივიღეთ მისგან.
ემზარ ჯანაშვილი: ,,ვალდებული ნამდვილად არ ვარ, ზეპირად ვიცოდე, სად რამდენი ჰექტარია და რამდენი მოიხნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა და გაავრცელოს, მე რა ვქნა... ვისაც რამე აინტერესებს, დავაზუსტებ და ვეტყვი, ზეპირად არ ვიცი..." /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურში ტესტირების შედეგად 3 მოხელე ჩაიჭრა
16 და 17 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელთა, ასევე არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ატესტაცია ჩატარდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ატესტაციის დასკვნის მიხედვით, დედოფლისწყაროს სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურის ცხრა თანამშრომლიდან სამი სპეციალისტი აკაკი ოზაშვილი, ვაჟა ჩოხელი და ზვიად პაპიაშვილი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება.
ყველაზე მაღალი ქულათა ოდენობა ტესტირების შედეგად გაწვევის სამსახურის უფროსმა გიორგი გონაშვილმა მოაგროვა, რომელმაც 100–დან 84 კითხვას გასცა სწორი პასუხი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ატესტაცია ორ ტურად მიმდინარეობდა - ტესტირებისა და გასაუბრების სახით. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში "ქიზიყს" განუცხადეს, ვაკანტურ ადგილებზე საკონკურსო–საატესტაციო კომისია უახლოეს მომავალში კონკურსს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ახლახან დედოფლისწყაროს გამგეობასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად 9 საჯარო მოხელე ჩაიჭრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий