
„სახალხო კრების” ორგანიზებით ქალაქებში თელავსა და ლაგოდეხში უკვე გაიმართა აქცია, სახელწოდებით „სამართალი მოდის“.
„დროა ყველა გამგებელი თუ გუბერნატორი მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება ნამდვილ, ქართველ ადამიანს. ყველამ იცოდეს, რომ სამსახური არის დროებითი, სამშობლოს სიყვარული კი სამუდამო. ამ აქციებს არ შევწყვეტთ 21 მაისამდე... 21 მაისი იქნება დიდი ბრძოლის დასაწყისი. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვგულისხმობ მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლას“, - განაცხადა „სახალხო კრების“ თელავის დაუმორჩილებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ ბაღათრიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, მსგავსი სახის აქციები თუ გამაფრთხილებელი ღონისძიებები 21 მაისამდე კახეთის სხვა რაიონებშიც გაიმართება. „სახალხო კრების” წევრები კახელებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ისინი მოსახლეობას პროტესტის ღიად დაფიქსირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლას სთხოვენ.
„სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კრების ოფისი ყველა რაიონში ამუშავდება, მათ შორის დედოფლისწყაროშიც... მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება რაიონულ კოორდინატორებთან კონტაქტი და დაუმორჩილებლობის კომიტეტში გაწევრიანება. ბურჯანაძეს დასავლეთისა და უცხოეთის სხვა ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერის იმედიც აქვს და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში დარწმუნებულია.
შეგახსენებთ, "სახალხო კრება", რომელსაც სახელგანთქმული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს, უამრავ ცნობილ მსახიობს, სპორტსმენს თუ ავტორიტეტულ საზოგადო მოღვაწეს აერთიანებს. ისინი ერთიანი ძალებით აპირებენ 21 მაისიდან მიხეილ სააკაშვილის თვითმარქვია ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ და თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა ააგორონ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
რაიონებში მთავარი აგრონომის თანამდებობაზე სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში - რაიონის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე.
რაიონის მთავარი აგრონომის მოვალეობა იქნება მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ფერმერებისა და გლეხების კონსულტირება, როგორც ახალი კულტურებისა და ჯიშების შესახებ, ასევე წარმოების ახალი მეთოდების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ.
როგორც "ქიზიყს" სამინისტროდან აცნობეს, შერჩეული სპეციალისტები სტაჟირებას გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 832 37-80-14. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ მისამართზე: http://moa.gov.ge/index.php?pg=tnd
Комментариев нет:
Отправить комментарий