![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhUpbSYqc-J9JKgnY9_uPXfxKr49bfc36hYlUyWdxhMuGLlJ2r02t_3ALO49VzJhD-P3fZDPkcfP4kBbZEI0dXq740R88HRUqE12BtUCITkPmGjAwc62_EWgqM9PYNv7TuvZRK7pO-zJBs/s320/saavadmkofo.jpg)
როგორც „ქიზიყს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედია–ცენტრიდან აცნობეს, ექიმთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 4 ექიმს (მათ შორის გიორგი სეხნიაშვილს) სამედიცინო საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით, 7-ს – 3 თვით, 2-ს კი 1 თვით ჩამოერთვათ.
დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა რაიონული საავადმყოფოს ექიმს გიორგი სეხნიაშვილს, რომელსაც პროკურატურა ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, სიღნაღის პროკურატურამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი მიმდინარე წლის 2 ივნისს დააკავა. ექიმს ბრალი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება. გიორგი სეხნიაშვილის დაპატიმრების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს შპს „საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორი ვანო ნატროშვილიც.
შეგახსენებთ, რომ 3 წლის ამილ გასანოვი რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ერთ–ერთ საქონლის ფერმაში გველმა დაკბინა. მშობლებმა ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის ვანო ნატროშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რომ მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს. საპირისპიროს ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბავშვს „ანტიგიურზინი“ რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი“ საერთოდ არ იშოვებოდა.
შეგახსენებთ, რომ გველის ნაკბენის შედეგად 3 წლის ამილ გასანოვი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ დედაქალაქში კატასტროფის ცენტმა წაიყვანა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, დედოფლისწყაროში ბავშვს “ანტიგიურზინი” არ გაუკეთეს, რაც ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
დედოფლისწყაროში ბავშვის გარდაცვალების ფაქტს 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმ ექიმების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რომელთა მიზეზითაც, მისი თქმით, ბავშვი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, კატასტროფის ცენტრის ბრიგადა დედოფლისწყაროში 4 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა და არც ვაქცინა ჩამოიტანა, 3 წლის ამილ გასანოვი კი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
„დედოფლისწყაროში პატარა ბავშვს, მწყემსის შვილს უკბინა გველმა, მიიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შვიდი საათი ჰყავდათ ისე, რომ არაფერი გაუკეთეს, ელემენტარულად მას შრატის გაკეთება სჭირდებოდა. მერე, რომ მიხვდნენ, რომ უკვდებოდათ, თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ბავშვმა ვეღარ ჩამოაღწია. ალბათ ექიმებმა იფიქრეს, რომ იყო უპატრონო, მწყემსის შვილი, მოყვანილი საიდანღაც, საძოვრებიდან... და ალბათ ზედაც არ შეაფურთხეს... მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ასეთი რაღაც ხდება, რამეზე სერიოზული ლაპარაკი ძალიან რთულია. არა მხოლოდ ეს ექიმები უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ, არამედ, უნდა შევქმნათ სისტემა და ამაზე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. ნამდვილად არ ვაპირებ, ეს მოვითმინო, რომ ასეთი რამეები კიდევ ხდებოდეს საქართველოში და ერთი ბავშვი მაინც გახდეს მსხვერპლი ვიღაცის დაუდევრობის და ფეხებზე დაკიდების," – განაცხადა სააკაშვილმა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ამიერიდან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობას არაპროფესიონალი ექიმების ყოლის გამო მაღალი ფულადი სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლის თანახმად, ექიმების არაკვალიფიციურობის გამო პაციენტის გარდაცვალების ან დაზარალების შემთხვევაში არა მარტო ექიმის სამედიცინო საქმიანობის შეწყვეტის საკითხი დადგება, არამედ სამედიცინო დაწესებულების მფლობელებებს მაღალი ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ,“ - განაცხადა ურუშაძემ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий