დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულმა ზუსტად ერთი წლის წინ პატივისა და ღირსების შელახვისათვის ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სასამართლოში უჩივლა.
თეთრაული მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. მოგვიანებით, მან თანხის ოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. მისი თქმით, ჟურნალისტმა არაერთხელ, უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, რამაც მორალური ზიანი მიაყენა.
გელა თეთრაულის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავდა, თუმცა აღარ გაუსაჩივრებია.
შეგახსენებთ, სასამართლო პროცესების მონიტორინგს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები ახორციელებდნენ. თუმცა,,, დაგვიანების მოტივით მოსამართლემ ჟურნალისტის დამცველს, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტს ლია ხუროშვილს მთავარ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.
,,დედოფლისწყაროს სასამართლოს გელა თეთრაულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირველივე სხდომის დროს მისი გამოუცხადებლობის გამო უარი უნდა ეთქვა და დაუსწრებელი განაჩენი გამოეტანა" - ამგვარ განცხადებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი აკეთებს. შესაბამისი განცხადება უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ადვოკატმა ლია ხუროშვილმა გაავრცელა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო დავა აღარ უნდა გაგრძელებულიყო: „29 ნოემბერს სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ მოსარჩელე გელა თეთრაულმა სასამართლოს ავადმყოფობის ცნობა წარუდგინა. ცნობა #1425-ის მიხედვით, მოსარჩელე ამბულატორიულ მკურნალობას გადის მწვავე ქოლეცისტიტის გამო და იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე. ცნობაში არ არის მითითებული, რომ მას საასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეუძლია. ამასთან, ექიმები, რომლებიც ცნობას ხელს აწერენ, არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დედოფლისწყაროს სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რადგან ცნობაში არ არის პირდაპირ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სასამართლოზე გამოცხადება არ შეეძლო. ილია მარტყოფლიშვილმა სხდომაზე აუხსნა მოსამართლეს, რომ გელა თეთრაული მარტო სამსახურში კი არა, უქმე დღეებშიც კი ქალაქში დადიოდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, - ამბობს ხუროშვილი.
,,საქმის განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ პირადად მე თეთრაულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებდა და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ სადაო სტატიის მომზადება ჩემი იდეა არ ყოფილა... არც წინასწარ ვფლობდი რაიმე სახის ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ სტატია წინასწარი განზრახვით მომზადებული სულაც არ იყო, როგორც მოსარჩელე მიიჩნევდა... დიდი მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის!.. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და განსაკუთრებით კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს, რომელთაც იმხანად საოცარი კოლეგიალობა გამოიჩინეს და ინტენსიურად და ოპერატიულად აშუქებდნენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა იყო," - აცხადებს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მარტყოფლიშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ჟურნალისტმა დეპუტატის ეს ნაბიჯი სარედაქციო საქმიანობაში ჩარევად და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეაფასა. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
Комментариев нет:
Отправить комментарий