როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" სოფელ მირზაანიდან აცნობეს, 22 ოქტომბერს სოფელში ფიროსმანობის დღესასწაულზე ჩასული კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სხვა თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და გაანდო, რომ ეს გუბერნატორის რანგში მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი იყო და ხელისუფლებამ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტა.
წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ ღვინიაშვილის საკადრო ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შესაბამისი ბრძანების გაფორმებაც უახლოეს დღეებში მოხდება. ინფორმირებული წყარო მირზაანიდან იტყობინება, რომ ღვინიაშვილი ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე საკმაო დაგვიანებით გამოჩნდა და სულ მალე თანაგუნდელებს პირად საუბრებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებაც ესაუბრა.
წყაროს განმარტებით, მირზაანში ისიც აღინიშნა, რომ კახეთის გუბერნატორის სავარძელს, სავარაუდოდ, რწმუნებულის ამჟამინდელი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი დაიკავებს: ,,სიბაშვილმა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან უკვე გამართა და ამბობენ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია," – აღნიშნავს წყარო. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий