კვირას, 16 ოქტომბერს ქალაქ თელავში ძალოსნობის დარბაზში, კახეთის რეგიონული პირველობა გაიმართა კიკ–ბოქსინგში. „ქიზიყის“ ინფორმაციით, კახეთის ჩემპიონატზე ასპარეზეობისთვის გულმოდგინედ ემზადებოდნენ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებიც, სადაც კახეთის რეგიონის წარმატებული სპორტსმენები ერთმანეთს შეებრძოლნენ. გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ოთხი დედოფლისწყაროელი კიკ-ბოქსიორი კახეთის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კახეთის ჩემპიონატი კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ნუკრი ბიჩელაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
როგორც ფედერაციის მწვრთნელმა, გიორგი ცისკარაულმა „ქიზიყს“ განუცხადა, დედოფლისწყაროელი სპორტსმენებისთვის ტურნირი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, თელავში წარგზავნილი 12 სპორტსმენიდან ათმა მოწინავე ადგილი დაისაკუთრა. საბოლოო ჯამში დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კახეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს შემდეგმა სპორტსმენებმა: ნიკა ჩიტიშვილი -35კგ (#1 საჯარო სკოლა); გიორგი ხუციშვილი - 52 კგ (#1 საჯარო სკოლა); ნაჰიბ ალიევი 90კგ და ირაკლი ჯამასპიშვილი – 45 კგ (#1 საჯარო სკოლა).
მეორე ადგილზე გავიდნენ და კახეთის ჩემპიონატის პრიზიორობას დასჯერდნენ: ლევან თეთრაული (83კგ); გიორგი მარტყოფლიშვილი - 24კგ (#1 საჯარო სკოლა); ვაჟიკო ჯანაშვილი - 45 კგ (#2 საჯარო სკოლა) და გიორგი ხოხონიშვილი - 47 კგ (#1 საჯარო სკოლა).
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, კახეთის რეგიონულ პირველობაზე ამჯერად მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ დედოფლისწყაროელი კიკ-ბოქსინგელები ზაზა წიკლაური - 63 კგ (სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა) და გიორგი ალუღიშვილი - 22 კგ (#1 საჯარო სკოლა).
ჩემპიონატზე მონაწილეობდა დედოფლიწყაროს, ახმეტის, დუისის, ალვანის, გურჯაანის, ბორჯომის და სენაკის გუნდები.
,,განსაკუთრებით გამოირჩეოდა დედოფლისწყაროელი სპორტსმენის ნაჰიბ ალიევის ბრძოლა, რომელსაც მაყურებელთა ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. მან ძალზე ლამაზი სანახაობა მოაწყო. ტექნიკური და საინტერესო ორთაბრძოლები აჩვენეს ნიკა ჩიტიშვილმა და გიორგი ხუციშვილმა, რომელთაც 2-2 ბრძოლა სრული უპირატესობით მოიგეს. აუცილებლად მინდა აღინიშნოს, რომ რინგზე ვაჟკაცური და შეუპოვარი ხასიათი გამოავლინეს ახალბედა დამწყებმა სპორცმენებმა გიორგი ხოხონიშვილმა და გიორგი მარტყოფლიშვილმა, რაც ზალზე იმედისმომცემია ჩვენთვის. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მათ სპორტის I ვარჯიში დაიწყეს და წარმოუდგენელი იყო, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხეს. ხოხონიშვილი და მარტყოფლიშვილი მხოლოდ ფინალურ შეჯიბრებებში დამარცხდნენ და ისიც მხოლოდ დაღლილობის გამო. შეჯიბრი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სპორტსმენებს უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს და ტურნირი გაცნობით ხასიათსაც ატარებდა. გუნდები ერთმანეთს დაუმეგობრდა და ეს მომენტიც მნიშვნელოვანია,” – განუცხადა"ქიზიყს" გიორგი ცისკარაულმა.
ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად თელავში გამგზავრების ხარჯები მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა დაფარა, ხოლო საწევრო გადასახადი თავად სპორტსმენების ოჯახებმა უზრუნველყო. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий