საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლებს ქართველები ტოვებენ!
სამთაწყარო და ფიროსმანი დედოფლისწყაროს რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლები და ძალიან შეგვაშფოთა ინფორმაციამ, რომ ამ სოფლებს ქართველები ტოვებენ. გვესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი:_ საზღვრისპირა სოფლებში _ სამთაწყაროსა და ფიროსმანში აჭარის მაღალმთიანი ზონიდან ჩამოსახლებულები და ინგილოები ცხოვრობენ. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ მათი ცხოვრება აუტანელი გახდა, მოსახლეობა ამ სოფლებიდან წასვლას აპირებს. ბევრი უკვე გადასახლდა სხვა ადგილებში _ ზოგიაჭარაში დაბრუნდა, ზოგი სად და ზოგი _ სად…ნახევარი სამთაწყარო უკვე ბათუმშია, მე თვითონ ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, რომელიც იქ გადავიდა საცხოვრებლად.
_ ქალბატონო თამილა, რატომ გახდა ეს ხალხი იძულებული, რომ სახლ-კარი მიეტოვებინა?
_ სოფლებში უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს. მიწები ალაზნის ადიდების შედეგად იტბორება. ამ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ ჩატარებულიყო და ჯებირები გაკეთებულიყო, მოსახლეობას წყალდიდობის შიში მაინც არ ექნებოდა. მიწის დიდი ნაწილი ამ სოფლებში ისედაც აუთვისებელია, რადგან გლეხებს ეკონომიკურად ძალიან უჭირთ, არადა, ყველაფერს ფული უნდა _ მოხვნასაც და დათესვასაც. რაც დამუშავებული აქვთ, ისიც ადიდებულმა ალაზანმა დატბორა. მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს იყო, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. თავის დროზე გლეხებს ფული მისცეს, რომ ვაზი გაეჩეხათ და ის ტოტი მოუჭრეს, რომელზეც ისხდნენ. კარტოფილი და ბოსტნეულიც ვეღარ მოჰყავთ. სოფლებში, სადაც საშინელი გვალვა იცის, სარწყავი სისტემა მოშლილია. მთავრობა ხელს არ გვიწყობს და ცხოვრება სატანჯველად გვექცაო, _ ჩივის ხალხი.
_ აჭარაში დაბრუნებას ბევრი ითხოვს?
_ საიდანაც ჩამოგვასახლეს, ისევ იქ დაგვაბრუნონო, მოითხოვენ. იმედი აქვთ, რომ აჭარაში მათი ყოფა შედარებით გაუმჯობესდება, რადგან იქ ტურიზმი ვითარდება და შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ნაზი აბაშიძე, მიხეილ ვაშაყმაზე, ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ წილოსანი და სხვები მიიჩნევენ, რომ ამ სოფლებში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება, რადგან ხალხს შემოსავლის წყარო აღარა აქვს. სამთაწყაროს გამგებელს პაატა ნადირაშვილს რომ მივმართეთ, გვითხრა _ დაამუშაონ მიწები, ვინ უშლითო. როგორ, რა სახსრებით უნდა დაამუშაონ, ამას არავინ კითხულობს. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ფიროსმანში, რომელიც სანახევროდ დაცლილია, არადა, ეს ხალხი საქართველოს საზღვარს ამაგრებს. კიდევ ერთი პრობლემა აქვთ ფიროსმანისა და სამთაწყაროს მცხოვრებთ: ეს არის ზონა, სადაც გავრცელებულია მალარიის გადამტანი კოღო. ვეტერინარულ სამსახურში ორად ორი ადამიანი მუშაობს, მაგრამ ორმა კაცმა რა უნდა გააკეთოს? მუნიციპალურ მთავრობაში ამბობენ, რომ მოსახლეობას მალარიის საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს, მაგრამ ხალხი სოფლებში ვეღარ ჩერდება, იმდენი კოღოა. ბავშვები დასიებულები და დაკბენილები არიან. გარეთ ვერ გამოსულან, ფანჯარა ვერ გამოუღიათ და ვერ დაუძინიათ. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ წამალი ვადაგასული იყო და ამიტომ არ იმოქმედა. სამთაწყაროში ოჯახი არ არსებობს, სადაც ერთ წევრს მაინც მალარია არ ჰქონდეს გადატანილი. უხსენებლები და მგლები არ ასვენებთ, ამას ერთვის კოღო და მალარია... ბუნებრივია, გაუსაძლის მდგომარეობაში ყოფნა მოჰბეზრდათ.
_ ინგილოები რას ამბობენ, მათაც წასვლა უნდათ?
_ საინგილოსთან საზღვარი ჩაკეტილია და წლების განმავლობაში ვერ გადადიან. ბევრს იქ ნათესავები, დედ-მამა ჰყავს, შემოვლითი გზა უნდა გაიარონ მაშინ, როდესაც საზღვარი იქვეა და 15 წუთში შეიძლება გადასვლა. სხვათა შორის, ვიდრე საზღვარს ჩაკეტავდნენ,
იქიდან იაფად შემოდიოდა საწვავი, პროდუქტი, ბაღჩეულობა და ეს მოსახლეობისათვის დიდი შეღავათი იყო. ეტყობა, ვიღაცის ბიზნესინტერესი იყო, საინგილოსთან საზღვარი ჩაკეტილიყო. ხელისუფლება ხშირად იმეორებს, ქართველობა უნდა შევუნარჩუნოთ საზღვრის იქით მცხოვრებ ინგილოებსო, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ, როდესაც ხალხს საზღვარზე გადასვლისა და ახლობლების ნახვის საშუალებას არ ვაძლევთ? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წყალიც კი არა აქვს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას _ სატუმბი სადგური გააკეთეს და ჰპირდებოდნენ, რომ ქვემო ქედი, ზემო ქედი და არხილოსკალო უნდა მოემარაგებინა წყლით, მაგრამ არც ერთ სოფელს წყალი არ მიეწოდება. საათობით დგანან, რომ ჭურჭელი აავსონ და შინ წაიღონ. ფიროსმანი და სამთაწყარო უკვე სანახევროდ დაცლილია და თუ ასე გაგრძელდა, საზღვრისპირა სოფლები სულ დაცარიელდება.
_ რამე თუ გაკეთდა მოსახლეობის საკეთილდღეოდ?
_ გაკეთდა ის, რომ სახელმწიფო პროგრამით შემოვიდა სიმინდი, რომელზეც ამბობენ გენმოდიფიცირებულიაო. ჩვენი რაიონი ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც საქართველოს ხორბლის ბეღელი, რადგან შირაქის ველი აქვეა. მთელი საქართველო აქედან მარაგდებოდა ხორბლით. დღეისათვის აქაურობა ხორბლის ბეღელი კი არა, თაგვის ბეღელი უფროა. რატომღაც ჩვენს რაიონში გამოგზავნეს სიმინდი, ქართლში კი, სადაც ყოველთვის სიმინდი ითესებოდა და უხვი მოსავალიც მოდიოდა, ხორბალი ჩაიტანეს. ე.ი. უკუღმა გააკეთეს ყველაფერი. რატომ მოიქცნენ ასე, ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში კი ხელის შეწყობა კი არა, ხელის შეშლა გამოვიდა. უბრალო გლეხი ხომ ვეღარაფერს აკეთებს, მაგრამ ვისაც ფერმერს ეძახიან და 50-100 ჰექტარი მიწა აქვს, ისინიც გაკოტრების პირას არიან, რადგან ბანკიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი, სახლები აქვთ ჩადებული, მოსავალი კი ვერ მოჰყავთ. დაედებათ ვალი და გაკოტრდებიან, ბოლოს კი შემოვლენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ხელისუფლება და ხელს უწყობს. დედოფლისწყაროს მიწების ნახევარი ისედაც უცხოელ ინვესტორებს აქვთ ნაყიდი _ ებრაელებს, ინდოელებს და სხვებს. ჩვენს მიწას უცხოელები დაეპატრონებიან, ქართველებს კი სამშობლოდან გასაქცევად აქვთ საქმე.
_ ადგილობრივი ხელისუფლება რით პასუხობს ხალხის პრეტენზიებს?
_ ზარმაცები არიან და მიწასაც იმიტომ ვერ ამუშავებენო, ამტკიცებს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი კი გეგმავს რაიონში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შადრევანი გააკეთოს, ამისათვის ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარი გამოიყო (!). ეს ამბავი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ თანხით საზღვრისპირა სოფლებს რომ დაეხმარონ, რამდენი კარგი საქმე გაკეთდებოდა. სოფლები გვეცლება და ჩვენს `ბედნიერებას~ მხოლოდ შადრევანი აკლია თურმე.
ხათუნა ჩიგოგიძე
პალიტრა მედია – გაზეთი "ყველა სიახლე" 22 ივნისი
Комментариев нет:
Отправить комментарий