პოლიციას სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს აღძრული.
სოფელი არხილოსკალო აზერბაიჯანის საზღვართან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. 26 სექტემბერს ვასიკო და მისი მეგობარი დათო ბურდული ტყეში წავიდნენ. თან მაძებარი ძაღლი წაიყვანეს. ორიოდე საათში ბურდული მარტო დაბრუნდა და ძაღლიც მოიყვანა. წიკლაური კი მას შემდეგ არავის უნახავს.
თეა ჩოხელი, (ვასიკო წიკლაურის დედა): „ვასიკო ტელევიზორს უყურებდა, როცა დათო უკანა ეზოდან მოვიდა და დაუძახა. გამიკვირდა, უკანა ეზოდან რატომ მოდის-მეთქი. ასე არასდროს მოსულა. ტყეში წავიდნენ. ჩემმა პატარა ბიჭმა ჰკითხა, სად მიდიხართო და საქმე გვაქვსო, უპასუხეს“.
თავად ბურდული ამბობს, რომ ის და ვასიკო იქვე გორაზე ორი საათის განმავლობაში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. მერე თვითონ სახლში წამოვიდა, რადგან მეორე დღეს ორშაბათი იყო და სკოლისთვის უნდა მომზადებულიყო. ვასიკო კი დარჩა.
დათო ბურდული: „ასე თქვა, ტყეში შევალ, ძაღლმა იქნებ რამე კვალი აიღოსო. მე წამოვედი. მერე სოფელში ვნახე, რომ ძაღლი გზაზე დარბოდა მარტო და სახლში წამოვიყვანე. სხვა არაფერი ვიცი. კიდევ ერთი ის იყო, რომ სანამ გორაზე ვისხედით, სამჯერ სროლის ხმასავით გავიგონე. მეოთხე გასროლა წამოსვლისას მომესმა“.
დათოს ნაამბობში ვასიკოს ოჯახის წევრებს ეჭვი ეპარებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ბიჭი რაღაცას მალავს.
ირაკლი წიკლაური, (ვასიკო წიკლაურის ძმა): „ვასიკო და დათო რომ მიდიოდნენ, ვკითხე, სად მიდიხართ-მეთქი. აგერ იქითკენ ვიჯდებითო. ნახევარ საათში მეც ავედი იმ ადგილას და არავინ დამხვდა, არადა, დათო როგორც ამბობს, ორი საათი იქ იყვნენ“.
როგორც დაკარგულის მშობლები აცხადებენ, ბავშვი ყველგან ეძებეს - ტყეშიც, ახლო-მახლო მიდამოებში, წყალშიც, მაგრამ ის ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი. გაუჩინარებული კინოლოგებმაც ეძებეს. ძაღლებმა კვალი სამანქანო გზასთან დაკარგეს. ამის საფუძველზე მშობლები ფიქრობენ, რომ 14 წლის ვასიკო ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ისინი ბურდულების ოჯახს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ვასიკო დათომ და მისმა მშობელმა მოტყუებით გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. მათი ვარაუდით, ამჟამად მოზარდს აზერბაიჯანში უხელფასო მუშახელად იყენებენ.
თეა ჩოხელი: „დათომ იცის ყველაფერი და მალავს“.
დათო ბურდული დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. ის ვასიკოს საუკეთესო მეგობარი იყო. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ოჯახი კრიმინალში შემჩნეული არასოდეს ყოფილა.
ვასიკო წიკლაურის საქმესთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი - დათო ბურდულს სახლში თოფი ჰქონდა. თეა ჩოხელი ვარაუდობს, რომ დათომ იმ დღეს თან თოფიც წაიღო.
თეა ჩოხელი: „უკანა ეზოდან შეიძლება იმიტომ მოვიდა, რომ თოფი სადმე იქვე ჰქონდა შენახული. პოლიციამ ეს თოფი შეამოწმა. გადამალული ჰქონდა ოჯახს. ასე თქვეს, გაფორმებული არ იყო და იმიტომ გადავმალეთო. შემოწმებით კი შეამოწმეს, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ბოლოს როდის გაისროლეს ამ თოფიდან“.
თავის მხრივ, დათო ბურდული ამბობს, რომ იმ დღეს თოფი არ წამოუღია და საერთოდ, სანადიროდ არც არასოდეს დადიოდა.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დათო ბურდული ვასიკო წიკლაურის გაუჩინარებაში დამნაშავეა. მიუხედავად ამისა, მთელი სოფელი მაინც მის წინააღმდეგაა განწყობილი, რამაც შეიძლება მოზარდს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
რაც შეეხება თავად საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც ვასიკო წიკლაურის მშობლებმა განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უშუალოდ გაუჩინარებასთან დაკავშირებით ცალკე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არ არის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, საქმე რომელიმე მსგავსი მუხლით იღძვრება.
თამაზ წიკლაური, (ვასიკო წიკლაურის მამა): „თავგზა აგვიბნიეს. თავიდან ისიც კი თქვეს, ქუთაისელმა სტუმრებმა ნახეს ბავშვი, მინდორში გარბოდაო. მერე გაირკვა, რომ სხვა ყოფილა. ერთი გონებადაქვეითებული ბავშვია მეორე სოფელში, სულ ეგრე დარბის ხოლმე“.
ამჯერად წიკლაურები ნაკლებად განიხილავენ იმ ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყოს.
აღწერილი სიტუაციის მიხედვით მოვლენები შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით განვითარებულიყო:
1). თუკი დათო ბურდულს მართლაც ჰქონდა თოფი წაღებული, შესაძლოა, რომელიმე მათგანს ეს თოფი გაუვარდა კიდეც. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ორ საათში 14 წლის ბავშვს საფლავის გათხრა და გვამის გადამალვა მოესწრო. ამ ვერსიას წიკლაურებიც გამორიცხავენ.
2). დათო ბურდული რადგან ამბობს, რომ მას სროლის ხმები ესმოდა, არ არის გამორიცხული, ტყეში სხვა პირები, სავარაუდოდ, მონადირეებიც ყოფილიყვნენ. შესაძლოა, ვასიკოს ბრმა ტყვია მოხვედროდა. თუ აღნიშნული პირები მანქანით იყვნენ, ისინი ადვილად მოახერხებდნენ, გვამის გადამალვას. კინოლოგების ძაღლებმა კვალი სწორედ საავტომობილო გზასთან დაკარგეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, დათო ბურდული იმ პირებმა დააშინეს კიდეც და აუკრძალეს, სიმართლე ეთქვა.
3). შესაძლებელია, ვასიკო წიკლაური საავტომობილო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც გვამი დამნაშავე მძღოლმა გადამალა. ასეთ შემთხვევაში, საჭირო იყო გზის კარგად დათვალიერება და დამუხრუჭებული საბურავების ან სისხლის კვალის პოვნა.
4). ნაკლებად სავარაუდოა, ბავშვს თავი მოეკლა. ამ შემთხვევაში მის სხეულს შედარებით ადვილად იპოვიდნენ. გარდა ამისა, ოჯახის წევრები და დათო ბურდულიც ამბობენ, რომ ვასიკოს არანაირი პრობლემა არ აწუხებდა და არც შეყვარებული ყოფილა.
სოფლიდან ხუთ კილომეტრში საზღვარია. პირად საუბარში მესაზღვრეები აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ არაფერი იციან. მათ არც არავინ უნახავთ და არც სროლის ხმა გაუგიათ.
არსებობის უფლება აქვს ტრეფიკინგის ვერსიასაც, რაზედაც ოჯახის წევრები ეჭვობენ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრეფიკინგი ორგანიზებული დანაშაულია და სპონტანურად ადამიანის გატაცება-გაყიდვა ადვილი არ არის. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, ტრეფიკერებს მუშად მაინცდამაინც 14 წლის ბიჭი დასჭირვებოდათ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა, გაეგო, თუ რა ღონისძიებები ტარდება გამოძიების კუთხით. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოუწოდებია.
თეა თოფურია
Комментариев нет:
Отправить комментарий