ადგილობრივ მოსახლეობას კახი კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ბიძინა გუჯაბიძე და ვახტანგ ხმალაძე შეხვდნენ. შეხვერაზე დასასწრებად მშობლიურ რაიონში ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
ზეწოლების მიუხედავად კოალიციამ დარბაზის შევსება მოახერხა. შეხვედრას 350-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თუმცა თბილისიდან ჩამოყვანილი მხარდამჭერიც მრავლად იყო. „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა და სოფლის რწმუნებულებმა მოსახლეობა დააშინეს, რის გამოც შეხვედრაზე დასწრება ბევრმა ვერ გაბედა.
ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება სოფელ ოზაანში შეიქმნა, სადაც შეხვედრაზე წასასვლელად გამზადებულმა ხალხმა სოფლის რწმუნებულის სოსო თევზაძის და ოზაანის მაჟორიტარის ტრისტან ქურხულიშვილის უშუალო ჩარევის შემდეგ ოპოზიციასთან შესახვედრად წასვლა ვეღარ მოახერხა.
სცენაზე თავდაპირველად კახი კალაძე ავიდა. მან 5 წუთს ისაუბრა. ზურაბ ზვიადაურმა 3 წუთს. შემდეგ ტრიბუნა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომლის გამოსვლაც 7 წუთს გაგრძელდა. მისი სიტყვა ხელისუფლების კრიტიკას და ბიძინა ივანიშვილის სახით მოსახლეობაში გაჩენილ იმედს შეეხებოდა. ამ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება, ამიტომ მისი გამოსვლა განსაკუთრებით ემოციური იყო.
სააგიტაციო მასალა, ან რაიმე სახის ბუკლეტი მოსახლეობისთვის არ დაურიგებიათ. მაყურებელს მხოლოდ პარტიის უფასო გაზეთი გადასცეს, სადაც „ქართული ოცნების“ დეკლარაცია და სხვადასხვა შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათი თქმით, ჯანდაცვა იქნება უფასო, ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული 100%-იანი პაკეტით, მაგრამ იქნება დიფერენცირება, დაზღვევა სოციალურად დაუცველებს და საშუალო ფენას უფრო ეკუთვნის, ვიდრე მინისტრებს, პარლამენტის წევრებს და ა.შ მაპატიონ მინისტრებმა და უფრო მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ სახელმწიფო დააზღვევს, მაგრამ გადასახადი უფრო მეტი ექნებათ, თქვენ გექნებათ მიზერული გადასახადი, სოციალურად დაუცველები საერთოდ არაფერს გადაიხდიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა ბიძინა გუჯაბიძემ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კახეთში ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იქნება. „ქართული ოცნების“ წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე მზად აქვს კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტში მათი უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში მიიღებენ.
როგორც „ქიზიყს“ სოფელ ზემო ქედის მაცხოვრებლებმა აცნობეს, შეხვედრას თვალყურს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტებიც ადევნებდნენ. ახალგაზრდები არ მალავდნენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრასთან დაკავშირებით, 31 მაისს დედოფლისწყაროს გამგეობაში დახურული საგანგებო თათბირი ჩატარდა. თათბირს საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გარდა კერძო ორგანიზაციების, მათ შორის ბანკების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. რაიონის ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ 2 ივნისს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ შეხვედრას არცერთი დასაქმებული პირი, მათი ოჯახის არცერთი წევრი და ახლობელი არ უნდა დასწრებოდა.
დედოფლისწყაროელები ღიად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მოსახლეობა მასობრივად დააშინეს და კოალიციის შეხვედრაზე დასასწრებად კულტურის სახლში მისვლა კატეგორიულად აუკრძალეს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий