როგორც შედეგების მიხედვით ირკვევა, გამოკითხულთა 71 % მმართველი გუნდის მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროში ლევან ბაღაშვილის დასახელებას ითხოვს. ბაღაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარეა.
19%-ი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დედოფლისწყაროში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი უნდა დაასახელოს. ხოლო, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაუჭირა მხარი.
გამოკითხულთა 4%-ი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი არცერთ ჩამოთვლილ მათგანზე არ უნდა შეაჩეროს და ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ სხვა კანდიდატი შეარჩიოს.
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ინტერნეტგამოკითხვის მსვლელობისას ობიექტურობა მაქსიმალურად დაცული იყო. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ერთი კომპიუტერიდან ხმა მხოლოდ ერთხელ ფიქსირდებოდა, ხმების განმეორებით განხორციელება შეუძლებელი იყო. ამ პრინციპის დაცვით კი მოსახლეობის აზრის ამსახველი რეალური სურათის გარკვევა მოხერხდა. ამდენად, არცერთ მხარეს გამოკითხვის შედეგების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.
მარტყოფლიშვილის განმარტებით, გამოკითხვაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რაიონის მასშტაბებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ყველაზე მაღალრეიტინგული კადრი - ლევან ბაღაშვილი მეოთხე წელია დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. 2008 წლიდან ის დედოფლისწყაროს გამგებლად აირჩიეს, ხოლო 2010 წლის ადგილობრივი თვითართველობის არჩევნების დროს საკრებულოს თავმჯდომარედ. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ადგილობრივების განმარტებით, ლევან ბაღაშვილი სუფთა წარსულითა და კარგი რეპუტაციით გამოირჩევა, ამდენად მომავალ არჩევნებში მას გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ დედოფლისწყაროსა და მის ყველა სოფელში არსებულ პრობლემებს დეტალურად იცნობს. /ქიზიყი/ ნიუსლაინი>>
Комментариев нет:
Отправить комментарий