მაშ ასე, დეტალურად განვიხილოთ მისი ფიგურა. ვინ არის აბულაშვილი და რატომ გაჩნდა მის ირგვლივ არაერთგვაროვანი ეჭვები?
ვარდების რევოლუციამდე გოდერძი აბულაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის მაღალჩინოსანი იყო. გარდა იმისა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის მოქალაქეთა კავშირის დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ბოლო დროს ის რაიონის გამგებლის ვაჟა ქადაგიძის მოადგილეც გახლდათ. თანამდებობას სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალების წყალობით გამოეთხოვა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ გათავისუფლებიდან დღემდე აბულაშვილი არსად გამოჩენილა და არც პოლიტიკური აქტივობა გამოუჩენია. ექვსი წლის მანძილზე მისგან არც ოპოზიციური განცხადებები ახსოვს ვინმეს. ერთი სიტყვით, შეიძლება თამამად ითქვას, ამ უკანასკნელმა პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღო და ამ ხნის მანძილზე არასოდეს უაქტიურია.
სწორედ ამიტომაც, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა აბულაშვილი ისევ გამოჩნდა და პირდაპირ ქრისტიან-დემოკრატების ხელმძღვანელი გახდა, დედოფლისწყაროში აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ თარგამაძის პარტიის სამართავად ხელისუფლებამ ამ მოძრაობაშიც სასურველი კადრი ჩასვა. ეჭვები სულ მალე დადასტურდა და გოდერძი აბულაშვილმა რეალური სახე მას შემდეგ გამოაჩინა, როცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარტიული სია წარმოადგინა.
13 კაციან სიაში მოსახლეობას ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი კადრის პოვნა გაუჭირდა და ამიტომაც ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ დედოფლისწყაროში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მთლიანად სახელისუფლებო კანდიდატებით დაკომპლექტდა!... სიაში ბევრი საეჭვო გარემოების აღმოჩენა შეიძლებოდა, რაზეც გაზეთი ქიზიყი ყურადღებას მუდმივად ამახვილებდა.
ნიშანდობლივია, რომ პარტიის შიგნით არსებული განხეთქილების შესახებ თავდაპირველად სწორედ აბულაშვილის თანაგუნდელები ალაპარაკდნენ.
მაგალითად, დედოფლისწყაროს #1 სკოლის ყოფილი დირექტორი თენგიზ ტუხაშვილი, რომელიც ამავე სიის მეოთხე ნომერია, აბულაშვილს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ეს პარტია ხელისუფლებას მთლიანად შეეკრა და თავად ხელიც ამიტომ ჩაიქნია. მისი თქმით, ყველაფერში დამნაშავე აბულაშვილია.
პარტიის შიგნითაც არ მალავენ, რომ ბოლო დრომდე მეორე ნომრად ია ჯანაშვილის ჩაწერა იგეგმებოდა, თუმცა ჯანაშვილი ნაციონალების სასურველი კადრის ექს-ლეიბორისტის დავით ალუღიშვილის საკრებულოში გასაყვანად ჩამოაჩოჩეს.
სხვათაშორის, ალუღიშვილის მეორე ნომრად გაფორმებაც სუპერ სკანდალად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ უკანასკნელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩახუტების ამბავი დედოფლისწყაროში ბავშვმაც კი იცის. ის ოპოზიციონერად დიდი ხანია აღარ მოიაზრება. ყველაფრის მიუხედავად აბულაშვილი ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს, მითუმეტეს, რომ ალუღიშვილმა წინა შემთხვევებში პარტიის ხელმძღვანელების იმედები გააცრუა და მათგან გაყიდულის იარლიყი დაიმსახურა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დედოფლისწყაროში ბევრს საუბრობენ, რომ ქრისტიან-დემოკრატების მიერ დედოფლისწყაროს ოლქში აღებული შედეგი ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების ავტორიტეტის დამსახურება სულაც არ გახლავთ და ეს პროცენტი დედოფლისწყაროელებმა თარგამაძე-გრიგოლიას სიყვარულით აჩვენეს.
ასეა თუ ისე, ახალი მოწვევის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციონერი შევიდა, ისიც სახელით ოპოზიციონერი და არა შინაგანი მრწამსით. ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმება თავად გოდერძი აბულაშვილი და თავს ხელისუფლებასთან დაახლოებულად სულაც არ მიიჩნევს. მის საქმიან ნაბიჯებშიც, რომელზეც სკანდალური ინფორმაციები ბოლო დროს მუდმივად ვრცელდებოდა, აბულაშვილი უცნაურს ვერაფერს ხედავს და თანაგუნდელების ბრალდებებიც ნაკლებად აღელვებს.
რამდენად უნდა ჰქონდეთ დედოფლისწყაროელებს ერთპარტიულ საკრებულოში ერთადერთ მერცხლად წარმოდგენილი აბულაშვილის იმედი და იქნება თუ არა ის ჭეშმარიტი ოპოზიციონერი, რამდენად შეძლებს ოპოზიციური დეპუტატის ჭაპანის დამოუკიდებლად ზიდვას? ხომ არ აჰყვება ხელისუფლების მაღალ სავარძლებს ჩამოშორებული აბულაშვილი ცდუნებას და წინამორბედების მსგავსად ჩაეხუტება თუ არა ისიც ადგილობრივ ნაციონალებს ამას მომავალში შევიტყობთ. (!) გაზეთი ქიზიყი კი ამ უკანასკნელის ნაბიჯებს, სხვების მსგავსად, გამადიდებელი ლუპის ქვეშ დააკვირდება და კვლავაც ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას გეგმავს... /ქიზიყი/
P.S. ასე რომ, თუ ღმერთი გწამთ, არ გვიღალატო, ბიჭო, გოდერძი...
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დედოფლისწყაროში ერთპარტიული საკრებულოს ახალი წევრების ვინაობა გაირკვა
წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით ახლა მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 ადგილიდან 21-ს ანუ თითქმის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის წევრები დაიკავებენ.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, პროპორციული სისტემით 9 მანდატი მმართველ პარტიას ერგო. მხოლოდ 1 ოპოზიციური მანდატი ქრისტიან-დემოკრატების ადგილობრივ ხელმძღვანელს გოდერძი აბულაშვილს შეხვდა.
საერთო ჯამში ნაციონალურმა მოძრაობამ 77,15% მოაგროვა, რაც 9 070 ხმას შეადგენს; ქრისტიან დემოკრატებმა კი 9,91% რაც 1 165 ხმას უდრის.
საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ბლოკებმა ეროვნულმა საბჭომ და ალიანსი საქართველოსთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, ამიტომ ახალ საკრებულოში მათ არცერთი წარმომადგენელი არ ეყოლებათ.
პროპორციული სისტემით დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრთა სია ასე გამოიყურება:
1. ბაღაშვილი ლევანი (ნაც. მოძრაობა)
2. ტოკლიკიშვილი ნანი (ნაც. მოძრაობა)
3. ფიროსმანაშვილი ზაზა (ნაც. მოძრაობა)
4. ჯამალაშვილი ლევანი (ნაც. მოძრაობა)
5. ლაპიაშვილი ივანე (ნაც. მოძრაობა)
6. ჯანაშვილი ემზარი (ნაც. მოძრაობა)
7. მჭდედლიშვილი ლევანი (ნაც. მოძრაობა)
8. ნატროშვილი გურამი (ნაც. მოძრაობა)
9. ოზაშვილი მურადი (ნაც. მოძრაობა)
10. აბულაშვილი გოდერძი (ქრისტიან-დემოკრატები)
მაჟორიტარული სისტემით დედოფლისწყაროს 12-ივე ოლქი ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო. ტერიტორიული ორგანოებიდან საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთა სია ასეთია:
ქ. დ/წყარო - ნატროშვილი ლევანი ნაც. მოძრაობა
არბოშიკი - ბაღაშვილი ნუკრი ნაც. მოძრაობა
არხილოსკალო - წიკლაური მალხაზი ნაც. მოძრაობა
გამარჯვება - ნატროშვილი ვეფხია ნაც. მოძრაობა
ზემო მაჩხაანი - ნატროშვილი ივანე ნაც. მოძრაობა
ზემო ქედი - ნაროზაურლი დავითი ნაც. მოძრაობა
ოზაანი - ქურხულიშვილი ტრისტანი ნაც. მოძრაობა
სამთაწყარო - შაინიძე ავთანდილი ნაც. მოძრაობა
ქვემო ქედი - შიოლაშვილი ზაზა ნაც. მოძრაობა
საბათლო - ჩოვუშიანი ვასილი ნაც. მოძრაობა
წითელი წყარო - თეთრაული გელა ნაც. მოძრაობა
ჯაფარიძე - ტალიაშვილი ილია ნაც. მოძრაობა
საკრებულოს ახალი დეპუტატების წარსულის გაზეთი ქიზიყი უახლოეს მომავალში ვრცლად მიმოიხილავს. თუმცა, გასულ წელს, როცა დედოფლისწყაროს საკრებულოში 4 ოპოზიციონერი დეპუტატი მუშაობდა არცთუ დადებითად ფასდებოდა და ახლა, როცა დეპუტატების თითქმის 100% მმართველი პარტიის წარმომადგენელია და ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ გააჭაჭანეს, ადგილობრივები ახალი მოწვევის საკრებულოს არცთუ იმედის თვალით უყურებენ./ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий