სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის
ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძღულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურორ
დავით დუღაშვილის განცხადებით, პროკურატურა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს და შედეგი წერილობითი ფორმით დაზარალებულ მხარეს ეცნობება.

სს საქმე, საჯარო მოხელის მხრიდან, ჟურნალისტ
ილია მარტყოფლიშვილზე 2010 წლის 17 დეკემბერსგანხორციელებულ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე აღიძრა. ღარიბაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს და შეფასებებს პროკურატურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გააკეთებს. მარტყოფლიშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ ურჩი რწმუნებულის დასჯის იმედი არც პროკურატურის მხრიდან აქვს და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ელის რეაგირებას.
როგორც ცნობილია, პროკურატურის შედეგების დადებისთანავე შესაბამის რეაგირებას გეგმავს კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. თავის მხრივ, დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც პირობას დებდა, რომ რეაგირებას გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
* * *
დედოფლისწყაროში შადრევანის მშენებლობას ოპოზიცია აფასებს
შადრევანის მშენებლობისთვის დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარის გამოყოფის ფაქტს ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ეხმაურებიან და მწვავე შეფასებებს აკეთებენ.
ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორი დედოფლისწყაროში): ,,დედოფლისწყაროში გაჭირვება და საყოველთაო სიდუხჭირე რომ არის, ასეთ ვითარებაში არცერთი რაიონი არ მეგულება. ასეთ დროს ხალხს პირიდან ლუკმა გამოაცალო და ქალაქის ცენტრში შადრევნები ააგო, ბრიყვული საქციელი იქნება... ცხადია, გაუმართლებლად მიმაჩნია. დედოფლისწყაროში შადრევანის გახსნის შესახებ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რადიო "ჰერეთის" ეთერში მოვისმინე... უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სოციალურ პაკეტს დამატებოდა და ისევ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს მოხმარებოდა. დედოფლისწყაროში არსებობის პრობლემა ბევრს აქვს, ასეთი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ".
სოსო ბეჟანიშვილი (ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი): ,,17 000 ათასი შადრევანისთვის?... /იცინის/ როგორც სჩანს, ხალხს შადრევნები მოსწონს. ნაციონალური მოძრაობა ხალხის არჩეულია, მათი კურსი კი ასეთია და ამ გზით მიდიან. რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა ამ გუნდს გამოუცხადა, მათი ნაბიჯებიც აღარ უნდა გაუკვირდეთ".
"ქიზიყი" კომენტარისთვის საკრებულოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატსაც დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქრისტიან-დემოკრატების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გოდერძი აბულაშვილი შადრევანის მშენებლობაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.
გოდერძი აბულაშვილი: ,,ზედმეტი კომენტარებისგან თავს შევიკავებ!... მიმაჩნია, რომ შადრევანი დედოფლისწყაროს იერსახეს გაალამაზებს. თუმცა, კარგი იქნება, რომ დედოფლისწყაროში სოციალური ფონიც შედარებით გაუმჯობესდეს. მთავარია ხაზი გატარდეს სწორად"...
ამ საკითხზე რესპუბლიკელების ადგილობრივი ორგანიზაციის პოზიციის მოსმენაც გვსურდა, თუმცა "ქიზიყი" ორდღიანი მცდელობის მიუხედავად ვერცერთ მათ წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში, რომელიც სულ ახლახან განახლდა, შადრევანი გაკეთდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ
ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შადრევანისთვის შესაბამისი ადგილი უკვე გათვალისწინებულია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარი გამოიყოფა. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა.
ჯერ უცნობია, რომელი ორგანიზაცია განახორციელებს შადრევნის სამონტაჟო სამუშაოებს, თუმცა, რიგით პირველი შადრევანი დედოფლისწყაროს სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ექნება. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ ფანტანი ქალაქს მნიშვნელოვნად დაამშვენებს და ახალგაზრდობის დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий