გაზეთი "შირაქი" უკვე იუწყებოდა, რომ ინგლისური ენის ორი უცხოელი პედაგოგი დედოფლისწყაროშიც ჩამოვიდა და სოფელ ზემო ქედისა და ჯაფარიძის საჯარო სკოლებში გადანაწილდა. ამჯერად, სოფელ ჯაფარიძეს ვეწვიეთ და შრომის ქუჩაზე ჯუმბერ ნატროშვილის ოჯახი მოვინახულეთ. 31 წლის შოტლანდიელი პედაგოგი მაიკლ ბრაუნი სწორედ ამ ოჯახში დაბინავდა.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მოერგო ჯაფარიძის საჯარო სკოლის უცხოელი მასწავლებელი ქართულ გარემოს, რას ფიქრობს ქართულ სამზარეულოზე, რა მიზნით ჩამოვიდა დედოფლისწყაროში და რას ელის საქართველოსგან? ჩვენს კითხვებს
მაიკლ ბრაუნი საკმაოდ გულწრფელად პასუხობს.
,, -- შოტლანდიის მაღალმთიან რაიონში დავიბადე, დავამთავრე ზოოლოგიური ფაკულტეტი. ვმუშაობდი ქალაქ ოქსფორდში, ფქვილის სინჯებს ვიღებდი და ვახარისხებდი. შემდეგ მამა ავად გახდა და იძულებული გავხდი, მშობლიურ სოფელში დავბრუნებულიყავი, სადაც ერთ-ერთ საწარმოში მანქანების შემკეთებლად ვმუშაობდი.
-- საქართველოს არსებობის შესახებ მანამდე რა იცოდით და საიდან იღებდით ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ?-- ტელევიზიიდან და გაზეთებიდან ვიგებდი ახალ ამბებს, შემდეგ კი ინფორმაცია ინტერნეტით მოვიპოვე. რასაც ველოდი, იმაზე ბევრად უკეთესი ქვეყანა აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ უაღრესად თბილი, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ბუნებაც ძალიან ლამაზი და მომნუსხველია...
-- უშუალოდ, საქართველოს განათლების სამინისტროს ამ პროექტზე ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია და რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩამოსულიყავით?-- დროს ინგლისური ენის კურსები გავიარე და როცა დავამთავრე, ამ სასწავლებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ასეთი პროექტი ხორციელდებოდა. იყო შესარჩევი ტური: ცენტრალური აფრიკა, ამერიკა, ან საქართველო. თქვენი ქვეყანა ავირჩიე, რადგან ქართულმა ენამ და ხალხმა დამაინტერესა. სანამ აქ ჩამოვიდოდით, 2 კვირიანი კულტურული ტრენინგი გავიარეთ. გაგვაფრთხილეს, რომ ქართველებს ალკოჰოლის სმა უყვართ და ისეთ ოჯახში არ მოვხვედროდით, სადაც ხშირად გამოგვათრობდნენ და მეორე დღეს გაკვეთილზე შესვლას ვეღარ შევძლებდით. ცოლ-შვილი არ მყავს, იქ არც შეყვარებული მელოდება და წამოსვლა არ გამჭირვებია. ჩავთვალე, რომ სიახლე მჭირდებოდა და ამიტომ წამოვედი. საინტერესოს და რაღაც ახალს ვეძებდი. მინდოდა, ცოტა რუსული მესწავლა, მაგრამ ქართული უფრო უკეთესად ავითვისე. ვცდილობ, უფრო მეტი ვისწავლო.
-- ქართული სოფლების უმრავლესობაში სკოლების შენობები და სასწავლო ინვენტარი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ამ მხრივ როგორ შეეგუეთ ჩვენს გარემოს?-- ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთესად არის მოწყობილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეც სოფელში გაზრდილი ვარ და ადაპტაცია არ გამჭირვებია. ჩემი ის მეგობრები, რომლებიც საქართველოში დიდი და განვითარებული ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, ამ გარემოს რთულად ეგუებიან, ზოგიერთი ისევ შოკშია. აქ რომ მოვდიოდით გაგვაფრთხილეს, რომ შეგვხვდებოდა ისეთი სკოლებიც, სადაც დაფები, ფანქრები, ცარცი ან სხვა ნივთებიც არ იქნებოდა. იმდენად შევშინდით, რომ პირადად მე, უამრავი ფანქარი და ყველანაირი საკანცელარიო ნივთი ჩამოვიტანე. მეგონა, აქ არაფერი დამხვდებოდა. საბედნიეროდ, ჯაფარიძის სკოლაში ნორმალური პირობებია. არის სკოლები, სადაც უფრო რთული ვითარებაა. ამას საქართველოში ჩამოსული ჩემი მეგობრებიც არ მალავენ. რასაც ველოდით, ზოგგან იმაზე რთული ვითარება დაგვხვდა.
-- როგორ შეაფასებთ ქართველი მოსწავლეების შესაძლებლობებს და რამდენად ყურადღებით გისმენენ გაკვეთილზე?-- არიან ბავშვები, რომლებსაც ინგლისურად საუბარი უკვე შეუძლიათ. როცა კლასში შევდივარ, ყველა ერთხმად მესალმება. შემდეგ, რატომღაც,
ყველა მთხოვს, რომ მის გვერდით ჩამოვჯდე. ალბათ, აქ შორიდან რომ ჩამოვედი, ბავშვებს ამით ვაგულიანებ და გარკვეულწილად სტიმულს ვაძლევ. ჩემი ჩამოსვლით სკოლა გამოცოცხლდა. ის ბავშვები, რომელთაც ინგლისურის შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ, ხელს ნამდვილად არ მიშლიან. ცდილობენ, ჩუმად ისხდნენ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი უამრავ კითხვას მისვამენ და ვცდილობ, მაქსიმალურად გულწრფელი პასუხი გავცე და მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.
-- რაც შეეხება ინგლისური ენის ქართველი პედაგოგების ცოდნის დონეს...-- მათი ინგლისური და გამოთქმა ზოგადად კარგია, მაგრამ ხშირად გამოთქმისას შეცდომას უშვებენ. ეს კი იმის ბრალია, რომ ისინი ინგლისელებთან არ მომზადებულან და ამ გარემოებამ თავისი გავლენა იქონია.
-- ახსენეთ, რომ ზოგიერთ თქვენს კოლეგას ქართულ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა. თუ დაფიქსირდა კონტრაქტის ნაადრევად დარღვევის ფაქტი, ან რომელიმე თქვენი კოლეგა ხომ არ გეგმავს საქართველოდან დროზე ადრე წასვლას?-- როგორც ვიცი, კონტრაქტის ვადაზე ადრე დარღვევის ფაქტი ჯერ არ ყოფილა. თუ ვინმე დროზე ადრე მოინდომებს სამშობლოში დაბრუნებას, მაშინ კონტრაქტის მიხედვით, ის დაჯარიმდება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის ყველა იმ დანახარჯის ანაზღაურება მოგვიწევს, რაც თქვენმა სახელმწიფომ ჩვენს ჩამოყვანასა და გადამზადებაში დახარჯა. უკან დაბრუნების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რამდენიმე პედაგოგმა საცხოვრებელი ოჯახები ზედიზედ რამდენჯერმე გამოიცვალა. იყო გუთავებელი ოჯახური კონფლიქტები, ზოგ ოჯახში თავად მოსწავლე იყო დაუდევარი და უხასიათო, რის გამოც, მათი თანაცხოვრება და ერთობლივი მუშაობა ვერ მოხერხდა. ზოგიერთი ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებული იყო, უცხოელმა მასწავლებელმა ასეთ ყოფას ვერ გაუძლო და საცხოვრებელი გამოიცვალა.
-- სოფელ ჯაფარიძესა და მასპინძელ ოჯახზე რას იტყოდით?-- მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი. გამიმართლა, რომ ამ ოჯახში მოვხვდი. ძალიან კარგი ოჯახია და კმაყოფილი ვარ. სოფელი ჯაფარიძე ძალიან მომწონს, თუმცა, რაც ჩამოვედი, სულ ცივი დღეებია და ბევრი რამის მონახულება ჯერ ვერ მოვახერხე. როცა დათბება, დაწვრილებით დავათვალიერებ. სიცივე ძალიან არ მიყვარს და ეს ხელს მიშლის.
-- რას ელი საქართველოსგან? როცა უკან დაბრუნდები, რას წაიღებ ჩვენი ქვეყნიდან?-- ვნახავ ქვეყანას, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, ახლოს გავეცნობი ახალ კულტურას. ახალ გარემოში მოვხვდი, ახალ მეგობრებს შევიძენ. ჩემი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო ქართველ ხალხს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი და პატარა წვლილი შემეტანა.
-- ფინანსური დაინტერესება რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის და თუ შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ყოველთვიურად რა თანხას გიხდით ქართული სახელმწიფო?-- ამ საკითხზე უამრავი ჭორი ვრცელდება. სოფელში ბევრი ეჭვის თვალით მიყურებს, ფიქრობენ, რომ ათასობით დოლარს მიხდიან, თუმცა, ეს ასე არ არის. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოში ფინანსური ინტერესებისთვის არ მოვდიოდით. მხოლოდ ქართული მხარე გვაფინანსებს. იმდენს გვიხდიან, რომ ხარჯებში და სხვა ქალაქებში სიარულისთვის გვყოფნის. დამატებით არაფერს გვიხდიან. კვების ხარჯები მასპინძელ ოჯახზეა გათვლილი. აქ იმიტომ არ ვართ, რომ ფული ვიშოვოთ, ყველა ასეთ აზრზეა.
-- ანაზღაურებით კმაყოფილი ხართ? გყოფნით ქართული ხელფასი?-- სიმართლე გითხრათ, აქ ბევრად უფრო ნაკლები ანაზღაურება მაქვს, ვიდრე წამოსვლისას ჩემს ქვეყანაში მქონდა, მაგრამ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ელემენტარულ ხარჯებში მყოფნის, თუმცა, როცა ხანდახან დამაკლდება ხოლმე, ჩემი სამშობლოდან ჩამოყოლილი დანაზოგიდან ვხმარობ.
-- ცოლ-შვილი რომ არ გელოდებათ, გასაგებია, მაგრამ მშობლები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?-- აღელვებულები იყვნენ, მაგრამ უხაროდათ, რომ ამ ქვეყანას ვნახავდი. ზოგიერთ მსურველს აქ ჩამოსვლაზე წინააღმდეგობები შეხვდა და ვეღარ მოახერხა. ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამერიკის გარდა, სხვა ქვეყანას არ მირჩევდნენ. აქაურ გარემოში და ამ ოჯახში ყოფნა იმდენად მსიამოვნებს, რომ დიდ მონატრებას ჯერ ვერ ვგრძნობ. ვიცი, რომ დავბრუნდები და ნოსტალგია ჯერ არ მაწუხებს.
-- ქართველი გოგონები რამდენად გიზიდავთ და შესაძლებელია თუ არა, ბედი ქართველ მეუღლეს დაუკავშიროთ?-- ძალიან მომწონს ქართველი ქალები. არავინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მზად ვარ შემოთავაზებებისთვის (იცინის) ჩემი გული ღიაა. თუმცა, არ შემიძლია მოსწავლეს სხვა თვალით შევხედო.
-- ქართული კერძებიდან რამ უფრო მოგხიბლათ?-- ძალიან მადლობელი ვარ ამ ოჯახის, რადგან ამ მხრივ, ძალიან მანებივრებენ. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თამრიკო ცდილობს, ყოველდღიურად სხვადასხვა კერძი მოამზადოს. ბევრი რამ გავსინჯე: მომეწონა ტოლმა, ხაჭაპური და ხინკალი. საერთოდ, უპრეტენზიო ვარ, ნებისმიერ საკვებს ვჭამ, წუნია არ ვარ. ყველა კერძი გემრიელი გამოსდის, მაგრამ განსაკუთრებით კარგად ხაჭაპურს აცხობს. მომწონს, მაგრამ ნოყიერია და ბევრს ვერ ვჭამ. ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრი ჩამოსული პედაგოგი მეკონტაქტება და აღნიშნავენ, რომ კვების პრობლემები აქვთ, ზოგიერთი მხოლოდ ყველითა და პურით იკვებება.
-- რა არ მოგწონს ამ სოფელში?-- ჩვენს სოფელში არანაირი გასართობი არ არის. თავდაპირველად ბავშვებს რომ ვკითხე, საღამოობით რითი ერთობოდნენ, ისეთი პასუხები მივიღე, გაოცებული დავრჩი. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს თავშესაქცევი და გასართობი ადგილები არ აქვთ. ყველაზე მეტად ეს პრობლემა იყო ჩემთვის თვალშისაცემი და მოულოდნელი. თუმცა, ასეთი დონის სოფელში ცხოვრება არ მიჭირს.
-- საკმაოდ გულწრფელად საუბრობ, რა არის ამის მიზეზი?-- პირადად მე დასამალი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ პროექტისთვის ცუდი რეკლამა არ ვიქნები. პრესა მოსახლეობას რეალურ სურათს კარგად აჩვენებს. ეს ინტერვიუ კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ არასასიამოვნო ჭორები განეიტრალდეს. თქვენი გაზეთის თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდი, გულწრფელი პასუხები გამეცა.
ესაუბრა
ილია მარტყოფლიშვილი
8 8 8
დედოფლისწყაროში 3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა
დედოფლისწყაროს რაიონში მიწისძვრა მოხდა. როგორც სოფელ ლენინოვკის მაცხოვრებელმა ხათუნა ბიკაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
,,ოთახში ვიყავი და ბავშვს საჭმელს ვაჭმევდი, როცა ვიგრძენი, რომ მიწა შეტოკდა. ვიფიქრე მომეჩვენაო, მაგრამ ნათურა ქანაობდა და მივხვდი, რომ მიწისძვრა იყო. ძლიერი ბიძგები არ იყო, მაგრამ იაპონიის მაგალითით დაშინებულები ეზოში გამოვცვივდით"
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ - დასავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში, 4 აპრილს, 12:16 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალს შეადგენდა.
შეგახსენებეთ, 23 მარტს მიწისძვრა მოხდა საგარეჯოს რაიონშიც. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საგარეჯოდან აღმოსავლეთით, 11 კილომეტრში, სოფელ ბურდიანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 ბალს შეადგენდა. 14 იანვარს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონში. ეპიცენტრი საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,4 ბალს შეადგენდა.
/ქიზიყი/