суббота, 31 июля 2010 г.
რუსთაველის #65-ის ბინადრებსა და წყალკანალს შორის ინციდენტი მოხდა
გიორგი პაპუაშვილი (მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის წევრი): ,,სად არის თქვენი რედაქტორი???... ილია მარტყოფლიშვილს სადაც დავიჭერ, თავს გავუტეხავ!!!... ერთი მოვიდეს და ვანახებ ვინც ვარ... -- ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ვაჟბატონი გიორგი. ამ ფონზე საკმაოდ იმედიანად ჩანდა კორპუსის ის მცხოვრები, ვისი წყალობითაც მთელ ბინას ონკანები დაულუქეს... ის კვლავაც გაიძახდა, რომ ვერავინ დააჯარიმებდა. დამსჯელი რაზმის ახალბედა წევრებიც ირწმუნებოდნენ, რომ კიდევ ერთი გადამოწმების დროს მადონა ღვინიაშვილის ოჯახში უკანონოდ შეყვანილი წყალი არ აღმოჩნდა, ამიტომ მათ ვერ დააჯარიმებდნენ. ამის გაგონებაზე კორპუსის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის დედის ახლობელთან მეგობრობს და მოსახლეობა ეჭვობს, რომ მას სწორედ ამის წყალობით არ აჯარიმებენ. ინციდენტი, რომელსაც ქიზიყის კორესპონდენტიც შეესწრო დიდხანს გრძელდებოდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
კახეთში "სოციალური მომსახურების სააგენტოს" უფროსი გაათავისუფლეს
საკადრო ცვლილებაა "სოციალური მომსახურების სააგენტოს" კახეთის რეგიონულ განყოფილებაში. სამსახურის უფროსი ოთარ სესიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მის ადგილზე ახალი ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა. სააგენტოს ამიერიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ახალაური უხელმძღვანელებს. ახალაური მოსახლეობაში არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მას უამრავი მოქალაქე ჯერ კიდევ საკრებულოში მუშაობის დროს ემდუროდა, არაკომპეტენტურს უწოდებდა და კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ თეონა ქალდანმა განუცხადა, ახალაური უფროსის თანამდებობაზე 14 ივლისს დაინიშნა, თუმცა სამსახურში ამ დრომდე არ გამოცხადებულა. მისი თქმით, ახალაური თბილისში, ტრენინგებზე იმყოფება. „რაც შეეხება ოთარ სესიკაშვილს, ის თბილისში გადაიყვანეს, სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, მრჩეველ - კონსულტანტად“, - აღნიშნა ქალდანმა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ყოფილი უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა). არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, დისშვილის მფარველობით, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას წლების განმავლობაში არავინ აკისრებდა. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
* * *
ახმეტაში კატამ ძაღლი გააჩინა
ახმეტის რაიონში კატამ ძაღლი გააჩინა. ანომალიური შემთხვევა კოჭლამაზაშვილების ოჯახში მოხდა. ახალშობილს კატის მსგავსი მხოლოდ კლანჭები, ყურები და კუდი აქვს. სხვა გარეგნული მახასიათებლებით ის ძაღლის ლეკვია. ანზორ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მშობიარობამდე შინაურ ცხოველს უცნაური გამოვლინებები შეამჩნია, რამდენიმე დღეში კი კატამ ძაღლი გააჩინა. ახალშობილი ამჟამად კატის რძით იკვებება. ზოოლოგებს ანომალიური მშბიარობის დაჯერება უჭირთ, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ რომ მუტაცია და სხვადასხვა გენის შეჯვარება რადიაციულ ფონზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში სპეციალისტების ჩასვლას და მოვლენის მეცნიერულად შესწავლას ითხოვს.
* * *
ნაციონალებში გამოჯეკილი აქტივისტები მოსახლეობას წყალკანალის სახელით დაერივნენ
როგორ ასაქმებენ შტაბში მოხეტიალეებს სხვადასხვა სამსახურებში და როგორ გამოზარდა მმართველმა პარტიამ ახალგაზრდა დამსჯელი ბრიგადები ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისში ვისაც კი ოდესმე წინ და უკან უხეტიალია ბოლო დროს ყველა მათგანმა თანამდებები მიიღო... განსაკუთრებით თვალშისაცემი მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრების ერთბაშად დასაქმება გახდა. ეს ფაქტი დედოფლისწყაროელებში მითქმა-მოთქმის საბაბი კიდევ ერთხელ გახდა. დედოფლისწყაროს გამგეობაში ბოლო დროს განსკუთრებით ხაზს უსვამდნენ, რომ წყალკანალი გაერთიანებულ კომპანიად ჩამოყალიბდა, მასში მუნიციპალიტეტი აღარ ერევა და ის სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ამის მიუხედავად, უცხო აღარავისთვისაა, რომ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსად სოფელ მაჩხაანის რწმუნებული გიორგი ბენაშვილი სწორედ გამგებელ ლევან ბაღაშვილის წყალობით დაინიშნა. ბაღაშვილმა ეს ქიზიყთან საუბრისასაც არ უარყო, რომ ხელმძღვანელობას კანდიდატურის შერჩევაში თავად დაეხმარა. ორიოდ დღის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფი შეიქმნა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ჯგუფის ხუთივე წევრი ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრებით შეივსო და ნაცნობ-მეგობრობის პრინციპით დაკომპლექტდა. (ბატონებო, კიდევ დაიწყებთ ბრიყვულ კიჟინს, რომ გამგეობა და მმართველი პარტია არ ერევა ამ საქმეში? იქნებ ესაც უბრალო დამთხვევაა??) კიდევ ერთი მოხეტიალე ნაციონალი, ახალგაზრდული ფრთის წევრი ვაჟბატონი ოთარ კოვზირიძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტად დაინიშნა. ჩვენდა გასაკვირად, რატომღაც ახალბედა კოვზირიძე საკრებულოში დასაქმებას საგულდაგულოდ მალავს... ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეპაზორება კოვზირიძეს საკრებულოში სამსახურის დაწყება... ახლა რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის მოხალისე წევრები წყალკანალის დამსჯელი რაზმის თანამშრომლებად... როგორც სჩანს, არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მიღებით თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილმა დედოფლისწყაროს ხელისუფლებამ ბავშვებისთვის ამაგის დაფასება გადაწყვიტა და ხელფასიანი სამსახურები ყველა მათგანს სწორედ წყალკანალში გამოუნახა. ისევე, როგორც გია ბენაშვილის შემთხვევაში, ახლაც სავარაუდოდ, რეკომენდაციას თვით ლევან ბაღაშვილი, ანდა ნიკოლოზ შანშიაშვილი გაუწევდა... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ნაცისტების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დროშა გვერდით გადადეს, მის ნაცვლად ხელში დასალუქი მოწყობილობები მოიმარჯვეს და ქალაქში უკანონობის აღსაკვეთად გაიშალნენ... წესით და რიგით, მათ დედოფლისწყაროში წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აღკვეთა და მოსახლეობის დაჯარიმება დაევალათ... ისე, ჩვენში დარჩეს და ზოგიერთები დღესაც ტრაბახობენ, ჩვენ ისეთი ზურგი გვაქვს, ვერც ვერავინ გავითიშავს უკანონოდ შემოყვანილ წყალს, ვერც ვერავინ ფეხებს დამაჭამს და ვერც დამაჯარიმებენ, საქმე ჩაწყობილი გვაქვსო... ახლა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ასეთებს ვისთან აქვთ საქმე ჩაწყობილი, ანდა ასეთი ვინ მფარველობთ, რომ ბუზს ცხვირზე აღარ ისვამენ და აღარც არაფერს უშინდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ დამსჯელი რაზმების გამოჩენის მიუხედავად, დედოფლისწყაროში ასეთი ხმებიც გაისმა და ისიც ფაქტია, რომ ამან გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტების ყურამდეც მოაღწია... აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქიზიყი ახალგაზრდული ფრთის წევრების შესახებ ეტაპობრივად უამრავ საინტერესო და უცნაურ მასალას აქვეყნებდა. თურმე ნუ იტყვით და ეს პარტიაში ახლადსისხლგადასხმული ბავშვები ჟურნალისტების სითამამეს ძალზე გაუბრიყვებია, წყენა გულში ჩაუდვიათ და ზოგიერთებს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაც აღარ მოერიდა. მოკლედ, დასალუქი მოწყობილობებით შეიარაღებული ვინმე ბატონი თუ ვაჟბატონი გიორგი პაპუაშვილი, რომელიც წყალკანალში შექმნილი მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის წევრი ბრძანდება, ქიზიყის კორესპონდენტს მიადგა და ნოტაციების კითხვა დაუწყო, ერთი როგორ უნდა გაზეთში რაღაცეების დაწერა განახებ, ახლა თუ 800 ლარიანი ჯარიმები გამოგიწერეო... აი, ხედავთ თქვენ??? ახლადგამოჩეკილი ზონდერი ჟურნალისტის დაშინებას ჯარიმის გამოწერით ცდილობს.
შვილო, გიორგი... ძმურად გვინდა გირჩიოთ, ჯერ პატარა ხარ და შენ თუ არ გსმენია, გაიკითხე და სხვაგან მაინც გადაამოწმე, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს 800 ლარიანი ჯარიმა კი არა, ამქვეყნად არაფერი აშინებთ. ცა და დედამიწა რომ გაერთიანდეს ვერაფერი შეგვიშლის ხელს, სათქმელს მაინც ვიტყვით და ინფორმაციას მაინც გავავრცელებთ... შენი 800 ლარი სასაცილოდაც არ გვყოფნის, მაშინ, როცა პირადად მე, მაგალითად, სასამართლოებში, ზოგიერთები 50 ათას ლარს მთხოვდნენ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ზოგი 20 ათასს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს... მაგრამ რა მიიღეს?? ბუს კვერცხები... ჰოდა, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ გაბღენძვას და შენს თავს მიხედე. ახალი დაწყებული გაქვს სამსახური და შეირგე... საერთოდ, მეგობრული რჩევა იქნება, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ცოტა წინდახედული გახდე და იცოდე, როგორ უნდა მოიქცე...
ბოლოსდაბოლოს უფროს ადამიანთან 20 წლის ბავშვისგან ნოტაციების კითხვა ნამეტანი უხერხულია...
ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთ ქიზიყის რედაქტორი
* * *
რუსთაველის #65 კორპუსის მაცხოვრებლებს წყალი დაულუქეს
უკვე მერამდენე დღეა ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის #65-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდათ და მრიცხველები დაულუქეს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, სხვების მიერ წყლის უკანონოდ დატაცების გამო უდანაშაულო აბონენტებიც დაისაჯნენ და მთელი კორპუსი წყლის გარეშე დარჩა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, კორპუსის მაცხოვრებლებს წყლის გადასახადის დავალიანებაც ამ დრომდე გასასტუმრებელი აქვთ, თუმცა როგორც მრავალბინიანი საცხოვრებლის ბინადრები ამბობენ, დავალიანებას ეტაპობრივად ფარავენ: ,,ამ ცხელ ზაფხულში წყალი დაგვილუქეს და საშინელ პირობებში ვართ. დავალიანება კი გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ვისტუმრებთ, როგორც შეგვიძლია... მაგრამ დალუქვის მიზეზი ის გახდა, რომ ჩვენს კორპუსში მცხოვრებ მადონა ღვინიაშვილს წყალი მრიცხველის გარეშე უკანონოდ აქვს შეყვანილი და ამის გამო მთლიანად შეგვიწყვიტეს. მადონა კი იძახის, რომ მე ისეთი ზურგი მყავს ვერავინ დამაჯარიმებს და წყალს ვერავინ შემიწყვეტავსო. ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთი ოჯახის გამო ყველა დავზარალდით. ამ სიცხეებში უწყლოდ ყოფნა აუტანელია. დახმარებას ვითხოვთ და მოგვხედეთ -- ამბობენ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებნი. შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი გია ბენაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტებს დედოფლისწყაროში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს: გიორგი ბენაშვილი: ,,ბოლო დროს ჩვენს მუნიციპალიტეტში მრიცხველის გარეშე წყლის მოხმარების ფაქტების მკაცრი კონტროლი დაიწყო. რაც შეეხება რუსთაველის #65-ში ღვინიაშვილების მიერ წყლის უკანონოდ მოხმარებას, რამდენჯერმე გადავამოწმეთ ეს ოჯახი, მაგრამ სახლში არცერთხელ არ დაგვხვდნენ... ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადამჭრელ ზომებს. წყალმომარაგების კომპანიის ამგვარი პასუხის მიუხედავად კვლავაც გაურკვეველი რჩება, როდის აღუდგება კორპუსს წყლის მიწოდება, ანდა რატომ იჩაგრება ზოგიერთი მცხოვრების გამო მთელი კორპუსის მოსახლეობა?... მოსახლეობა დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
რამაზ ნიკოლაიშვილი რეგიონებში მიმდინარე პროექტებს პირადად გააკონტროლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გასვლითი თათბირი ჩაატარა. თათბირზე, რომელსაც სამინისტროს ყველა საქვეუწყებო სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და ის პირადად გაუწევს კონტროლს ყველა იმ პროექტს, რომლებიც საქართველოში რეგიონების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ხორციელდება. ასევე, ნიკოლაიშვილმა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის - "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა მარკუს ნუდინგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომუნალური საკითხების რეფორმის საქმეში, რაც ითვალისწინებს: - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერას; - ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობის სტანდარტების დადგენას; - არსებული სახელმძღვანელო პრინციპების საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესატყვისობაში მოყვანას; - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების მხარდაჭერას; - ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, კერძოდ: - მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბებას თვითმმართველ ერთეულებში, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ გამჭვირვალე, მაღალი დონის, ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მუნიციპალური მომსახურებით; - მხარდაჭერის უზრუნველყოფას რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში; - მაღალი დონის ექსპერტებით დახმარების უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, (მაგ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამ მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი კვლევა იგეგმება). - სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებას (მაგ: სასწავლებლად გაგზავნას გერმანიის ან აღმოსავლეთის პარტნიორობის თანამშრომლობის (Eastern Partnership Cooperation) ქვეყნებში. მემორანდუმის მოქმედების ვადები დამოკიდებული იქნება ორ ქვეყანას შორის სამომავლო ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგებზე. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საკრებულოს თავმჯდომარე 1 კვირიანი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის GTZ–ის მიწვევით, 20 ივლისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი თაგერმანიაში გაემგზავრა. როგორც ინტერნეტ–გაზეთ ქიზიყს საკრებულოდან აცნობეს, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება ტრენინგ–სემინარები ტყის განაშენიანებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასა და კლიმატურ პირობებთან ბრძოლა სწორედ გერმანული მხარის დაფინანსებით და უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარეობს. ,,ვიზიტი 1 კვირას გასტანს და ძალზე ნაყოფიერი იქნება, რადგან დედოფლისწყარომ კლიმატის ცვლილებებსა და გაუდაბნოებას ბრძოლა სწორედ გერმანული მხარის დახმარებით გამოუცხადა. დედოფლისწყაროში 37 ჰა ტყე საცდელად უკვე გაშინდა. მომავალ წლებში გეგმაში გვაქვს კიდევ ასობით ჰექტრის გაშენება. ახლა ჯიშების შერჩევა მიმდინარეობს, რომელი უფრო გამძლე გამოდგება დედოფლისწყაროს პირობებში – ახცადებს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი. ქიზიყის ინფორმაციით, ბაღაშვილთან ერთად გერმანიაში, დედოფლისწყაროს საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულიც იმყოფება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
არბოშიკში სტიქიით დაზიანებული ბინის გასამაგრებლად ერთ ოჯახს 5 632 ლარი გამოეყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 31 მაისის #126–ე ბრძანების საფუძველზე შპს ტექნოთერმს სოფელ არბოშიკში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოებისთვის დედოფლისწყაროს 2010 წლის ბიუჯეტიდან 5 632 ლარი ჩაურიცხეს. ამ დროისთვის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში არ კონკრეტდება, ვისი საცხოვრებელი ბინის გამაგრება ხდება, თუმცა, გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა დეტალების გარკვევა უკვე დაიწყო. რედაქცია გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს იანა იანვარაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს და სხვა დეტალებს უახლოეს დღეებში გაახმაურებს. ცნობისთვის, სხვა დაზიანებული ბინების გასამაგრებლად დედოფლისწყაროში ყველაზე დიდი თანხა თითო ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარამდე არის... /ქიზიყი/
* * *
სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობა მგლებისგან დაცვას ითხოვს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძის მაცხოვრებლები მგლებისგან დაცვას ითხოვენ. როგორც სოფლის მკვიდრმა ეკა წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, შებინდებული იყო, როცა მგლები მის ეზოში შევარდნენ და 6 ცხვარი შეჭამეს, 2 კი დაგლიჯეს. „ვხედავდით, რომ ჭამდნენ, მაგრამ გარეთ ვერ გავედით, ბევრი მგელი იყო და ცხვრის გამო ჩვენც ხომ არ დავეგლეჯინებოდით. გამგეობას ბევრჯერ ვთხოვეთ, მონადირეების მორიგეობა დააწესონ, რადგან მგლები სოფელში თითქმის ყოფელ საღამოს დადიან და ქუჩაში ვეღარ გავდივართ. თუ თავს დაგესხათ, მოკალითო, გვითხრეს. რით მოვკლათ? იარაღი არ გვაქვს“, - ამბობს დაზარალებული ეკა წიკლაური. დედოფლისწყაროს გამგეობაში განაცხადეს, რომ რაიონში, მტაცებლების მიერ პირუტყვზე ან ადამიანებზე თავდასხმების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მგლებმა სამი ადამიანი დაგლიჯეს, ათობით ადგილობრივი კი დადორბლეს. შეჭამეს და დაგლიჯეს 50-მდე სული პირუტყვი.
* * *
სასაზღვრო სამმართველოს შენახვა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება!
დედოფლისწყაროში სასაზღვრო სამმართველო ადგილობრივების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ქიზიყის რედაქციამ გადაწყვიტა, დედოფლისწყაროს ქუჩებში რიგითი მოქალაქეების მოსაზრება მოესმინა და მათი მუშაობის შესახებ ადგილობრივების პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა.
მიხეილ ჯანაშვილი ,,მე თუ მკითხავ, სასაზღვრო სამსახურის შენახვა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. ზედმეტად კომორტს უქმნიან, მაგრამ თავიანთ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ. ან, ეს კეკენაძე გადამთიელი რომ არ ჩამოეყვანათ დედოფლისწყაროში სამუშაოდ, ადგილობრივი კადრები აღარ იყო?? ამხელა ხელფასებს იჯიბავენ და რეალურად არაფერს აკეთებენ.
მარინა (46 წლის): ,,სასაზღვრო სამსახურში არაეფექტურად მუშაობენ. ახლახან, ერისიმედში არ იყო, თათარმა მესაზღვრეებმა 16 წლის ახმედ გაურგაშვილი პირდაპირი სროლით ადგილზევე მოკლა?.. სად იყვნენ ამ დროს მესაზღვრეები? რატომ არ იცავდნენ საზღვარს?? ერისიმედში ქართველებს თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილებაშიც პასპორტს სთხოვენ და მაშინ სად არიან, როცა აზერბაიჯანელები მოზარდებს ცხვირწინ გვიხოცავენ?
მერაბ კოტაშვილი (38 წლის): ,,რომ იძახიან საქართველოს გაუმარჯოს შავი მთიდან შავ ზღვამდეო – აბა, სადღა გვაქვს საქართველო შავი მთიდან შავ ზღვამდე? ამდენი მიწები დავკარგეთ მთავრობის უნიათობით. ლამის ქიზიყამდეც ჩამოაღწიონ ოკუპანტებმა. საქართველო ვერ გაუმთლიანებიათ და მარტო ფულების ჩაჯიბვაზე ფიქრობენ.
ნინო (33 წლის): ,,არ ვიცი როგორ მუშაობენ, ან რამდენად ძვირი ჯდება ზოგადად მათი შენახვა, მაგრამ ვიცი, რომ კონტრაქტით დასაქმებულებს მაღალი ხელფასები აქვთ და ნაწილობრივ დასაქმების პრობლამა ოდნავ მაინც მოგვარდა...
თამუნა (24 წლის): დასაქმების პრობლემა დედოფლისწყაროში სასაზღვრო ჯარის მეშვეობით ბევრმა მოაგვარა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ გაცილებით დიდი პროცენტული მაჩვენებლით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებოდნენ. დედოფლისწყაროს სასაზღვროში მე თუ მკითხავთ სხვა რაიონებიდან, მითუმეტეს დასავლეთიდან ჩამოსული კადრები არ უნდა მუშაობდნენ... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი. * * *
საკრებულოს თავმჯდომარეებს უფლებამოსილება გაეზარდათ
ლევან ბაღაშვილს ნაწილობრივ აღმასრულებლის ფუნქციაც მიენიჭა ახლახან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამიერიდან საკრებულოს თავჯდომარეს ნაწილობრივ აღმასრულებლის ფუნქცია მიენიჭა, რომლის მიხედვითაც, იგი გამგებლის მაგივრად, საკრებულოს, ყოველწლიურად დასამტკიცებლად თვითმმათველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ქონების განკარგვის საკითხს ეხება. აქამდე, თუ ქონების განკარგვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის პრეროგატივა იყო, ახლა გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე ამ საკითხს ერთობლივად გადაწყვეტენ. როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ასევე უფლება აქვს თანხები გადაანაწილოს მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კვალიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის. ასე რომ, ამიერიდან საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც თავისთავად გამგებლის როლის შესუსტებაზე მეტყველებს. /ქიზიყი/
* * *
გამგეობის მიერ დაპიარებული ახლადგადახურული სახურავებიდან წყალი ჟონავს
ქალაქ დედოფლისწყაროში ყველა მრავალსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს. სამუშაოების შესასრულებლად (MGF) მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 ათასი ლარი გამოყო. ტენდერში კომპანია ,,კავკას ტაუერსმა` გაიმარჯვა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოები მალევე დააპიარა... თუმცა, ირკვევა, რომ დედოფლისწყაროელებს საზეიმოდ სულაც არა აქვთ საქმე... მიუხედავად იმისა, რომ მრავალბინიანი სახურავების განახლებიდან ერთი თვე გავიდა, როგორც ქიზიყმა გაარკვია, ახლადგადახურული სახურავების უმრავლესობიდან პირველივე ძლიერი წვიმის დროს მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ოთახებში წყალი ჩაუვიდა. დედოფლისწყაროელები სამუშაოების უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ და კომპანიისგან ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვენ.
დავით ჯიბღაშვილი (გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი): ,,სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომაცაა, რომ ხარვეზები გამოჩნდა. ჯერ კიდევ დარჩენილია საბუხრე ადგილების მოწესრიგება, ამიტომაც წყალმა გაჟონა... შაბათს ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ, ყველა ოჯახი შეამოწმეს და ხარვეზები სულ მალე აღმოიფხვრება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაზეთ ქიზიყს აცნობეს, ასეთ კორპუსებში სამასამდე ოჯახი ცხოვრობს. ბოლო დროს მათი სახურავები იმდენად დაზიანებული იყო, წვიმის დროს ბინებში წყალი ჩადიოდა, მობინადრეებს კი მის შესაკეთებლად სახსრები არ ჰქონდათ.ვინაიდან რაიონული ცენტრები და ქალაქები სოფლის დახმარების პროგრამით არ ფინანსდება და ადგილობრივ ბიუჯეტსაც ამის სახსრები არ გააჩნია, პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ ბიუჯეტში შევიდა პროექტი ,,ადგილობრივი გამგეობა. დედოფლისწყაროელებს კი დავით ჯიბღაშვილის დაპირებების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ მიზანმიმართულად განხორციელდა... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ჯუმასყურის დაცული ტერიტორიების 300 ჰექტარი აზერბაიჯანს რჩება...
სახელმწიფო წელს პრობლემის მოგვარებას არ აპირებს – მომავალ წელს კი, შესაძლოა, აზერბაიჯანმა ამ ყურეს ახლოსაც აღარ გაგვაკაროს!... დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროსთან, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარს მხოლოდ მდინარე ყოფს. სწორედ მდინარე ალაზანი შეიძლება გახდეს დედოფლისწყაროს უნიკალური ტერიტორიების დაკარგვის მიზეზი, რის შემდეგაც ქართული მიწა აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდება. დედოფლისწყაროში მდებარე ბუნების ძეგლი კაკლისყურე კატასტროფის პირას უკვე რამდენიმე წელია აღმოჩნდა. მდინარემ შესაძლოა კალაპოტი შეიცვალოს, რის შედეგადაც 180 ჰა მიწის ფართობი აზერბაიჯანს დარჩება – ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ ოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღწევდა, დღეისთვის კი ის თითქმის განახევრებულია და მხოლოდ 180 ჰა რჩება. ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გამოცემული „მწვანე გაზეთი“ და გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეცგაზეთი რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად გამოსცა. კაკლისყურეს მეორენაირად ჯუმასყურესაც ეძახიან. აქ 180 ჰა ნახევარკუნძული ხმელეთს 6-7 მეტრიანი მიწის მონაკვეთით უკავშირდება. მას გარშემო უვლის ალაზანი. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის.ალაზანი ტრასნსასაზღვრო მდინარეა, საზღვის დემარკაცია აქ განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, მდინარემ ყელი რომ გაგლიჯოს და სწორხაზოვნად წამოვიდეს, 180 ჰა მიწის ფართობი საზღვრის გარეთ დარჩება და გარკვეულ პრობლემებს შექმნის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ამ ნახევარკუნძულს მდინარე გარკვეული სისქის გარსს აცლის და თანდათან აპატარავებს.წლების განმავლობაში კი, ე.წ. ნახევარკუნძული, შესაძლოა, წყალმა ჩამორეცხოს და სრულად გააქროს. არადა, ამ იშვიათ ულამაზეს ადგილს ბუნების ძეგლის სტატუსი სწორედ იმიტომ მიენიჭა, რომ აქ ბუნება პირველქმნილი სახით არის შემონახული. ჭალის ტყეების გარდა, აქ შემორჩენილია ველური კაკლის ენდემური ჯიშები. ის ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. ანა ბენაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, აღნიშნავს: რომ "რამდენიმე წლის წინ კალაპოტის ასამაღლებლად დროებითი სამუშაოები ჩატარდა, მდინარის ნაპირთან კალაპოტის ასამაღლებლად ბეტონის სამშენებლო ნარჩენები ჩაიყარა, ამან გარკვეული დროით შეაჩერა მდინარის ყელზე ტალღების დარტყმის ძალა, მაგრამ დღეს პრობლემამ ისევ იჩინა თავი. ისევ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით, ზემდგომ ინსტანციებში გაგზავნილია თხოვნა კაკლისყურეში ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება ეს თხოვნა, არავინ იცის". გარემოს დაცის სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი რუსუდან სტურუა აცხადებს, რომ ობიექტი შესწავლილია და წინასაპროექტო დაგეგმვებიც გაკეთდა. თუმცა ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, კაკლისყურე არ არის იმ თხუთმეტი ობიექტის სიაში, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. /ქიზიყი/
* * *
დედოფლისწყაროში ავტოავარიას 19 წლის ბექა ჯანიაშვილი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოდან აცნობეს, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი მიცუბიშის მარკის ჯიპი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის ბექა ჯანიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულია მიცუბიშის მძღოლი დედოფლისწყაროს საიონის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 30 წლის გურამ მაძღარაშვილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დეტექტივ გამომძიებელი დავით პოპიაშვილი აწარმოებს. მიცუბიში ასევე, ფორდის მარკის ავტომობილსაც შეასკდა, რომელსაც სოფელ გამარჯვების მკვიდრი ნიკოლოზ კაკალაშვილი მართავდა. ფორდის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. როგორც ქიზიყმა გაარკვია, გარდაცვლილი ბექა ჯანიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბის მკვიდრია და დედოფლისწყაროში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა ქიზიყს განუცხადეს, ბექა ბეზნზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელში უკვე გადაასვენეს. ახალგაზრდას სამშაბათს ბოდბის სასაფლაოზე დაკრძალავენ. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
ძლიერი წვიმის შედეგად დედოფლისწყაროში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ წითელწყაროში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი. თამარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე არხიდან გადმოვარდნილ წყალში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. თვითმხილველებმა ის ძლივს გადაარჩინეს. მოსახლეობა დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, მაშველები დედოფლისწყაროში უკვე გაემგზავრნენ და სახანძრო სამსახურის მანქანების გამოყენებით დატბორილი სახლებიდან წყალს ამოტუმბავენ. /ICK/
* * *
სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ზემო ქედის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელში სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა და მოსახლეობას წყალი ქუჩებში დაყენებული ონკანებიდან უნდა მიეღო, თუმცა ხალხი უწყლოდ არის დარჩენილი. „სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე გავლენიანმა პირმა წყალი სახლში შეიყვანა და ონკანებზე აღარ მოდის. წყალს ცისტერნებში ავსებენ და მერე ლიტრობით ყიდიან. 1 ლიტრი წყალი 10 თეთრი ღირს. რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ვინც წყალს ყიდის, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გამგეობასთან აქვთ შეთანხმებული და ტყუილად ვდაობთ“, - აღნიშნეს ზემო ქედის მაცხოვრებლებმა. ამ საკითხზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარი არ გააკეთეს. /ICK/
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий