
როგორც შარმაზანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მოსამართლის დავალებით, მას სასამართლო პროცესზე დასწრება აიძულეს, რის გამოც ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალო პროცედურა დროულად ვერ ჩაიტარა. რამდენიმე დღის წინ, შარმაზანაშვილი დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში ვირთხამ სახის არეში დაკბინა. მისი თქმით, მოსამართლის დავალებით, მასთან სახლში პოლიციის თანამშრომელი ნოდარ ცხოვრებაძე მივიდა და ზეპირი სახით შეტყობინება დატოვა, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვლებოდა.
„ნოდარ ცხოვრებაძე, მოსამართლის მითითებით, ჩემს სახლში მივიდა და ჩემი პროცესზე გამოცხადება მოითხოვა. დამემუქრნენ, თუ პროცესზე ნებით არ გამოვცხადდებოდი, იძულების წესით მიმიყვანდნენ. მე ამ დროს თბილისში ვიყავი, არამიანცის საავადმყოფოში აცრა უნდა ჩამეტარებინა. მშობლებმა დამირეკეს და საქმის კურსში ჩამაყენს. ფორმა ასი სასამართლოს ფაქსით გადავუგზავნე. დედოფლისწყაროს მოსამართლის შორენა ყაველაშვილის სახელზე განცხადებაც გადმოვგზავნე და გავაფრთხილე, თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. აღკვეთის ღონისძიება საპატიმროთი რომ არ შემცვლოდა, იძულებული გავხდი აცრა გამეცდინა და პროცესზე დასასწრებად დედოფლისწყაროში ჩავედი. ვაქცინა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა, 3 დღეში გავიკეთე და არც კი ვიცი რა შედეგი მოჰყვება“, - განაცხალა ლია შარმაზანაშვილმა.
ლია შარმაზანაშვილს სასამართლო დავა მიწის ნაკვეთის გამო ვეფხია კობიაშვილთან აქვს. „ჩვენი დავა 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კობიაშვილი 300 ჰექტარი მიწის გადაფორმებას მთხოვდა. რომ არ გადავუფორმე, დამემუქრა, ადგილს სულ დაგაკარგვინებო. კობიაშვილი მაშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტში მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მან ჩემი პირადი ადვოკატიც კი გადაიბირა, რის გამოც მას აცილება მივეცი. მიკერძოებულია მოსამართლეც. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე პროცესი წამაგებინონ და გადაწყვეტილება ვეფხია კობიაშვილის სასარგებლოდ გამოიტანონ“, - აღნიშნა ლია შარმაზანაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის თანაშემწეს დათო თეთრაულს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი მომხდარ ფაქტს აპროტესტებს. „მე ვესწრები აღნიშნულ სასამართლო პროცესებს. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ პროცესი მიკერძოებულად მიდის, ვეფხია კობიაშვილის სასარგებლოდ. მე პროტესტს ვაცხადებ. ქალბატონს რომელსაც ხელში ფორმა 100 უკავია, მოსამართლეს უფლება არ აქვს, რომ მასზე ზეწოლა განახორციელოს და დაემუქროს. ეს არის მოსამართლის მხრიდან არაობიექტური და არასამართლიანი ქმედება“, - აღნიშნა გურაშვილმა. /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий