
დღევანდელ კომენტარში მე თავს შევიკავებ იმ თითოეული მოვლენისა და პიროვნების შეფასებაში, რომელთა შესახებაც ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის ეს გაზეთი. ზოგადად ვიტყვი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ისეთი პატარა რაიონისათვის, როგორიც დედოფლისწყაროა, საინფორმაციო საშუალებების სიუხვეს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ რაიონის სინამდვილეში ათეული წლების მანძილზე არსებობს ერთადერთი, პრივილეგირებული ბეჭდვითი ორგანო, მუნიციპალური გაზეთი „შირაქი“, რომელიც მუდამ იყო მმართველობითი აპარატის იდეებისა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგული რუპორი, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის ამის ხაზგასმა, ის არასოდეს იყო მოწოდებული ემუშავა ჩვენი ბრძენი წინაპრის დ. გურამიშვილის სიბრძნის პრინციპით: „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო“. მისასალმებელია, თუ ახლახან ცვლილებები "შირაქსაც" შეეხო და ადრინდელივით მოსაწყენი აღარ არის.
არადა ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა მუდამ მწვავედ იგრძნობოდა დედოფლისწყაროს რაიონის ცხოვრებაში. დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა (იმედია) ნაკლებად იგრძნობა, რისი დასტურიც ჩემს წინ მდებარე დამოუკიდებელი ნეტ–გაზეთი „ქიზიყია“, რომ მოსახლეობა ფლობს სიმართლეს რაიონის ყოველდღიურობაში მიმდინარე თითოეულ მოვლენაზე, რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს იგი..
„მოყვარეს პირში უძრახეო“ ნათქვამია და როგორც ამ გაზეთის თემატური დატვირთვიდან და სიმწვავიდან ჩანს, პირში ძრახვას ბევრი ის ფუნქციონერი ექვემდებარება, რომელთაც ბოლომდე არა აქვთ შეგნებული, რომ თანამდებობა მათთვის მემკვიდრეობით არავის დაუმტკიცებია და იგი უნდა მოახმარონ მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობას. საქართველოს სინამდვილეში არსებობდა ერთ-ერთი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებდა პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, დედოფლისწყაროც ცხოვრობდა და ცხოვრობს პრინციპით - მმართველობითი ორგანო „ელიტარული ნომენკლატურისტებისათვის“.
მოსახლეობის ასეთი სახით დიფერენცირება უფრო მოძველებული საბჭოური იდეოლოგიის ნაყოფია, ვიდრე ქვეყნის დემოკრატიული წყობის. სამწუხაროა, მაგრამ დღეს არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ მთელ საქართველოში კანონიერება არსებობს თავისთვის, განყენებულად და იგი არ მოდის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების დონესთან თანხვედრაში, სწორედ ამიტომ, ვინცარ უნდა ვიყოთ და რა თანამდებობასაც არ უნდა ვიკავებდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დანიშნულება ჯერ ადამიანობაა და შემდეგ სხვა ყველაფერი.
დღეს ასეთი მოკრძალებული სიტყვით შემოვიფარგლები და როგორც უკვე ავღნიშნე, არ დავკონკრეტდები შეფასებებში, თუმცა, მიმაჩნია, რომ გაზეთ „ქიზიყის“ სტატიებში მოყვანილი ფაქტები, საკმაოდ მძიმეა და აუცილებლად უნდა იქცეს საზოგადოებრივი განსჯის საგნად. სწორედ ამიტომ, გულზე ხელის დაკრეფა და პასიურობა დღეს დანაშაულია და ყველამ, ვისაც გაგვაჩნია ჯანსაღი აზრი და გვაქვს დანაშაულისა და არაკანონიერების ხედვისა და წვდომის უნარი, აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ამ გაზეთთან და ჩავდგეთ სიმართლის სამსახურში.
კიდევ ერთხელ მივესალმები გაზეთის რედაქციას და მის რედაქტორს ილია მარტყოფლიშვილს, მადლობას ვუხდი, ალტერნატიული მედიასაშუალების არსებობისათვის და ვუსურვებ წარმატებებს იმ საქმიანობაში, რასაც ასე პრინციპულად და პირუთვნელად ანხორციელებს.
ნინო ჭიღიტაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий