
„ყველა ის ცვლილება, რომლებიც რეფორმის ფარგლებში განხორციელდა პენიტენციარულ სისტემაში, იყო მხოლოდ ფასადური და, ბუნებრივია, შედეგი ამას ვერ მოჰყვებოდა. პირველ რიგში კი ეს ეხება საკადრო ცვლილებებს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომ განხორციელდა ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ცვლილებას რაც შეეხება: მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხათუნა კალმახელიძე უკვე მოხსნილია და რამდენიმე დღეში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. მის ადგილზე კი ყოფილი პროკურორის, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნა იგეგმება... ყველამ ვიცით, რომ რეალურად ხათუნა კალმახელიძეს დეკორაციის ფუნქცია ჰქონდა და სინამდვილეში ის იქ ვერაფერს წყვეტდა, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა _ ხან ვიღაცას ხელს შეაწმენდენ, ხან მოხსნიან, მერე ისევ დანიშნავენ და ა. შ. რეალურად კი ცვლილების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან არსებულ რეჟიმს შესაბამისი არც გეგმები აქვს და არც რესურსი,“ – აცხადებს ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ღვინიაშვილის გადაყვანა ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახმაურდება. ცნობილია, რომ ნიკოლეიშვილის კომენტარამდე ამგვარი ხმები გუბერნატორის თბილისში გადაყვანასთან დაკავშირებით სწორედ თელავიდან და გურჯაანიდან გავრცელდა. კულუარებში ამბობენ იმსასაც, რომ ღვინიაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს გუბერნატორის რანგში უკვე დაემშვიდობა. გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში "ფიროსმანობის" დღესასწაულზე ყოფნის დროს თანაგუნდელებს მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე ესაუბრა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყვეს. წყაროს ცნობით, კახეთის გუბერნატორის პოსტს ღვინიაშვილის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი დაიკავებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий