
წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საპატიო მოქალაქის წოდება 4 ადამიანს მიენიჭა. ესენი არიან: ქირურგი ბელა გოგიბერიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი, დედოფლისწყაროში მიმდინარე ქართულ–გერმანული პროექტების ხელმძღვანელი დიტერ მიულერი და „პე–ეს–პე“ ჯგუფის ხელმძღვანელი გოჩა გოგილაშვილი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ორთვინ ჰენიგმა მადლობა გადაუხადა დედოფლისწყაროელებს მისი ქვეყნის წარმომადგენლის დიტერ მიულერის დაჯილდოვებისთვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვისაც დიდი პატივია და ერთგვარი პასუხისმგებლობაც.
„ჩვენს საიტზე შეცდომით წერია და მალე ჩავასწორებთ... რა გაინტერესებთ ვერ გავიგე?... ანზორ მაძღარაშვილმა მიიღო წოდება... არა, ანზორ მარტყოფლიშვილი დასახელდა... მოკლედ, მოითმინეთ და ყველაფერი ჩვენს საიტზე სწორად გამოქვეყნდება. ჩავასწორებთ და ნახავთ... ანზორ მარტყოფლიშვილს მიენიჭა საპატიო მოქალაქეობა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა ამჯერად მხოლოდ 4 მოქალაქე გამოავლინა,“ – აგრესიული ტონით განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს ახალბედა პრეს–სპიკერმა ნინო მეხრიშვილმა.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა ოთხ კანდიდატს 2011 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მიანიჭა, რომელთა დაჯილდოვებაც ფიროსმანობის დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში მოხდა.
საკრებულოში აცხადებდნენ, რომ ყოველწლიურად 5 საპატიო მოქალაქე დასახელდება, თუმცა ეს წოდება ამჯერად მხოლოდ 4 მათგანს მიენიჭა, მათ შორის ერთ გერმანიის წარმომადგენელს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий