среда, 27 июня 2012 г.
რა არ ათქმევინეს მოქალაქეს "ქართული ოცნების" შეხვედრაზე?!
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეხვედრა დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას უფრო მშვიდ და "საზეიმო" ატმოსფეროში ჩაივლიდა, რომ არა ერთი შემთხვევა... ქ. დედოფლისწყაროს მცხოვრებმა 74 წლის უშანგი სულაშვილმა შეხვედრის დასასრულ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ბერა ივანიშვილის ახალი კლიპის გამაყრუებელი ხმის ფონზე დაიწყო ბ-მა უშანგიმ თავისი სიტყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მის საუბარს ყურადღებით მოუსმინეს კახი კალაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ბიძინა გუჯაბიძემ, ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და სხვებმა. უშანგი სულაშვილის სიტყვით გამოსვლის ფაქტმა ზოგში თუ მოწონება დაიმსახურა, ზოგიერთისთვის ის კრიტიკის საგნად იქცა. მან საკუთარი მოსაზრების ბოლომდე დაფიქსირება ვერ შეძლო. ამიტომ გადაწყვიტა ბ-მა უშანგიმ „ქიზიყთან“ ინტერვიუს საშუალებით განემარტა, თუ რა რჯიდა, რისი თქმა სურდა, რა გზავნილი მიაწოდა მან „ქართული ოცნების“ მესვეურებს.
- ბ-ნო უშანგი, კარგად გვახსოვს თქვენი პოლიტიკური აქტიურობა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდან…
- მართალია, სწორედ საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების დროიდან ვარ ჩართული ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში, მე ამ საქმისთვის თავი მაქვს დადებული და ვერც ეხლა შევპირდები ვინმეს, რომ გულზე ხელს დავიკრეფ და შორიდან მივადევნებ თვალს ჩემს სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები კარზე გვაქვს მომდგარი.
- თქვენი აზრით, რითია ეს არჩევნები ასე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი?
- იმით, რომ ამ არჩევნებს იმედის თვალით შეჰყურებს ხალხი, ამ არჩევნებმა ან უნდა დაგვიბრუნოს შელახული ღირსება, ან უარესი სიღატაკისა და უუფლებობისთვის გაგვიმეტოს.
- როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას?
-მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლიტური ავტოკრატიაა, ერთპარტიულია ქართული პოლიტიკა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღატაკია, როდესაც არ არსებობს საშუალო ფენა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ჯარი პოლიტიზებულია და ერთი კაცის ნება-სურვილს ემორჩილება და ემსახურება. განა შეიძლება მე, რიგით ქართველს, ჩემი ქვეყნის შვილს არ მიხაროდეს ალტერნეტიული ძალის გამოჩენა?
- როდესაც „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მიდიოდით, წინასწარ გქონდათ განზრახული სიტყვით გამოსვლა?
- წინასწარ განზრახული არ მქონია, თუმცა ხშირად მიფიქრია იმ სავალალო მდგომარეობაზე, როგორშიც ჩემი ქვეყანა და ხალხი იმყოფება, ამიტომაც იმედი მქონდა, „ოცნება“ უფრო მეტად დიალოგის რეჟიმში წარმართავდა შეხვედრას ხალხის სათქმელის უკეთ მოსმენის მიზნით, მაგრამ... ვინაიდან ასე არ მოხდა, გადავწყვიტე, ინიციატივა გამომეჩინა და სათქმელი მეთქვა.
- მაინც რა გზავნილი მიაწოდეთ „ქართულ ოცნებას“?
- ჩემი გზავნილი, ძირითადად, სამი პუნქტისგან შედგება: უმთავრესად მიმაჩნია საქართველოს მოქალაქისათვის ნაციონალობის სტატუსის აღდგენა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში. ასევე, პოლიტიკური-საარჩევნო სუბიექტების მიერ ლამაზად გაფორმებულ დეკლარაციებსა თუ პროგრამებში თითოეული პუნქტი, აბზაცი, სტრიქონი თუ სიტყვა ახსნილი და განმარტებული იყოს ხალხისთვის გასაგებ ენაზე, გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მათი თითოეული წინასაარჩევნო დაპირება, მომავალი სამოქმედო გეგმა გათვლილი უნდა იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთებზე. მაგალითად, თუ დროულად არ გადაიხედა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, თუ საბანკო დარღვევების გამო მოსახლეობაზე გაწერილი საჯარიმო სანქციები, რომელთა უმეტესობასაც ვერ იხდის ხალხი და ამის შედეგად ან მამაპაპისეულ ქონებას კარგავს, ანდა მოვალეთა რეესტრის მრავალრიცხოვან სიას სამუდამოდ უერთდება, ქვეყანაში კატასტროფული სისწრაფითა და მასშტაბით გაიზრდება ისედაც არსებული უკიდურესი სიღატაკე. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო დაპირებების დროში გაწერა და მოსახლეობამდე ასეთი სახით მიტანა.
და კიდევ ერთი: არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახდენს ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას, რა კატეგორიის ხალხი ჩაითვლება სოციალურად დაუცველად, საშუალო ფენის წარმომადგენლად თუ შეძლებულად, რათა შემდგომ სახელმწიფო სუბსიდიები, გადასახადები, ჯარიმები თუ შეღავათები ამ დეფინიციის მიხედვით იყოს განსაზღვრული.
- ჯანდაცვაზეც გააკეთეთ განსაკუთრებული აქცენტი...
- ჯანდაცვაზე მართლაც ბევრი მაქვს სასაუბრო, მაგრამ ყურადღება გავამახვილე ისეთი ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დაფინანსებაზე სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რომლებიც ხელს უშლიან ერის გამრავლებას, ქართული გენოფონდის გაძლიერებას.
- თუ არ ვცდები, სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც შეეხეთ...
- ჩემი აზრით, სახალხო დამცველი, აბსოლიტურად თავისუფალი რაიმე პოლიტიკური იარლიყისგან, საქართველოში უნდა არსებობდეს არა ერთი და ისიც დედაქალაქში, არამედ ეს ინსტიტუტი შემოღებულ უნდა იქნას თითოეულ რაიონში, რათა ისწავლოს ხალხმა თავისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.
- აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბრძანდებით, მაშ რატომ გამოიწვია თქვენმა გამოსვლამ ზოგიერთების უკმაყოფილება?
-ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მხარდაჭერა არ ითვალისწინებს ბრმა ნდობას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისადმი. ნამდვილად არ მინდა ვინმემ, ეს „ქართული ოცნება“ იქნება თუ სხვა, ჩათვალოს ხალხი იმ ბრბოდ, რომელმაც 20 წლიანი უახლესი ისტორიის მანძილზე ვერა და ვერ გამოიმუშავა თავის შიგნით პოლიტიკურ-ელექტორალური კულტურა, ეს ასე არ არის! მე ამ გასაცოდავებული ხალხის წარმომადგენელი ვარ და ნამდვილად ვერ შევაფასებ, მრავალთა მსგავსად, რომელიმე საარჩევნო სუბიექტს თუნდაც „დიდი და ღრმა ჯიბით“, ჩემთვის მთავარი მათი საარჩევნო პროგრამებია; და ვინაიდან, ძალიან რთულია დღეს ხალხის ნდობის მოპოვება, ჩემს გამოსვლაში მოვითხოვე, როგორც „ოცნების”, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხალხის წინაშე წარმოდგენილი იქნას მათი მესვეურების ხელმოწერებით დადასტურებული პროგრამები, რათა შემდგომ, რომელიმე მათგანის ხელისუფლებაში მოსვლისას პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შესრულების შემთხვევაში ხალხმა შეძლოს მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა, არ შესრულების შემთხვევაში კი-მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ეს იყო ჩემი სათქმელი მაშინაც და ეხლაც და თუ ვინმე ჩემს მოსაზრებებში რაიმე ინტრიგნულს ხედავს, ანდა მიიჩნევს, რომ მე სიმართლის თქმისათვის ბოდიში უნდა მოვიხადო, ვერ დავეთანხმები და ვერც ცხენს შევკაზმავ გასაქცევად ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს... /ქიზიყი/
ესაუბრა
ნინო ჭიღიტაშვილი
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий