სოფელ წითელწყაროს ქართულ_რუსული სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობდა. სწავლობდა თითქმის საშუალოდ, მაგრამ ატესტატი ვერ აიღო, იჩხუბა და... ორი წელი ციხეში მოუწია ყოფნამ. სწორედ იქ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ფასეულობათა გადაფასების დრო დადგა. ხომ გაგიგონიათ, ჯერ მწარე უნდა ჭამოო, _ ამბობს თავადაც. მიხვდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უფალი და სიყვარულია, უფლის და ადამიანის სიყვარული, ოჯახის პატივისცემა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა. მერე მუზა შეუჩნდა და პირველად უფალს გაანდო თავის ფიქრები ლექსებად, უცებ კი სიყვარული მოვარდა, შმაგი, ვნებიანი, დაუცხრომელი.. ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლის იყო, მისი რჩეული თამთა ბასილაშვილი კი თითქმის ბავშვი. თავისი "გაიტანეს", ოჯახი შექმნეს, ახლა პატარა ეთო მთელი ოჯახის დიდი სიყვარულია და "რიგის ყანწივით" ხელიდან ხელში საგოგმანები, როგორც დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას, არც მას აქვს სტაბილური სამუშაო, მაგრამ არაფერს თაკილობს, შრომობს, ცდილობს, დიდი ოჯახის რჩენაში დედას შეეშველოს. სწავლასა და პროფესიის შეძენაზე ოცნებობს. _ კაცი ცხოვრების გეგმის გარეშე წარმოუდგენელიაო, _ ამბობს და საბუთები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" მეღვინეობის განხრით შეიტანა. ცხოვრების გაწამაწიის მიუხედავად მუზა თითქმის ყოველდღიურად სტუმრობს, უფლის სადიდებელთან ერთად გაჩნდა ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე... "მიდი, თქვი, ლექსო, სათქმელი, ამოიოხრე გულიდან, სამყარო სხვაფრად მაჩვენე, შეგეშველები, თუ გინდა, მე უყველაფროდ ვიცხოვრებ, მაგრამ უშენოდ არ მინდა” - ამბობს ერთ ლექსში, სხვაგან კი ასე გადმოსცემს თავის ნააზრევს:
"მე ერთი წვიმის წვეთიც მაცოცხლებს
და გაზაფხულის მხოლოდ სურნელი,
ჭეშმარიტებას ლექსში დავეძებ
და სიყვარული მიდევს უბეში".
გალაქტიონის "მესაფლავე“ პირველად რომ წაიკითხა, შოკში ჩავარდა, როგორც მთის სისხლის კაცს ხიბლავს და იზიდავს ვაჟა. გრძნობს, რომ მის ლექსს აკადემიურობა აკლია, ეს ბუნებით მიმადლებული აზრის მხატვრულად გადმოცემის უნარია და მას დახვეწა, ცოდნით შევსება სჭირდება. სწორედ ამიტომ ხშირად სტუმრებს უფროს კოლეგებს დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციაში, ცდილობს, უფრო მეტი იკითხოს. მის სამაგიდო წიგნს კი ბიბლია და სახარება წარმოადგენს. მოდით, დღეს ჭაშნიკი გავუსინჯოთ მის რამოდენიმე ლექსს, სამომავლოდ კი _ თვალყური მივადევნოთ, ვნახოთ, როგორ გაიზრდებიან ის და თავისი ლექსები.
ნაირა გორაშვილი
ვფიცავ
უეცრად გულში ადუღდა სისხლიX X X
და თითქოს ლოდი დამაწვა მხრებზე,
მაშინ ვიგრძენი პოეტის ჟინი,
რომ დამათენა ფიქრებმა შენზე.
თითქოს ვარსკვლავთა ქორწილი ვნახე
და ნეფის გვერდით მჯდომარე ვიყავ,
ახლა არ მინდა, ვიდგე სხვასავით,
გამომეცალე ფეხიდან მიწავ!
ვიცი, ვეღარას დამაკლებს შიში,
ხელებაწვდილი ზეცისკენ ვფიცავ
და საქართველოს სიმწარე დიდი
გავუზიარო ჩემს გულსაც მინდა,
უკვე ყმაწვილურ თამაშებს ვტოვებ,
ასპარეზს ვიწყებ მეომრის ფარით,
თუ ჩემს სამსობლოს შელახავს ვინმე
ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ ხმალით.
ჩემო მამულო, ჩემო სამშობლოვ,
მე ლექსს რატომ ვწერ, როგორ გგონია?
შენთვის გრძნობები რომ გამემხილა,
მე ასეთი რამ მომიგონია.
ლექსის მწერალო, ქვეყნის ერთგულო,
ბევრი სიმდიდრის მატარებელო,
ბევრისთვის ღამის თევის მიზეზო,
და ჩემი გულის გამხარებელო,
რასაც ვერ გეტყვი ჩემს სათქმელს ლექსში,
შენ, საქართველოვ, მე არ მიწყინო,
ჩემს ყველა სტრიქონს იმიტომ ვეტრფი
რომ წაგიკითხო, შენ კი მისმინო.
X X X
უცხო სამყაროს უცხო ქალაქში
ურცხვად, თამამდ დავიარები,
უცხო გრძნობების აზრებს გადავშლი
და ამ სირცხვილში დავიმალები.
უცხო სიყვარულს, უცხო სინაზეს,
ურცხვად ავიღებ ბრიყვად გამოწვდილს.
დილით ვაბრალებ არყით სიმთვრალეს,
ცოდვით ცხოვრება რატომ გამომდის?
ცოდვების გუდას მოვირგებ მხარზე.
და უსირცხვილოდ ავიღებ სირცხვილს.
მე გამიშვებენ გოლგოთას მთაზე,
მერე უგულოდ დავიწყებ ტირილს.
წამებში წუთები თუ დაეტევა,
მაშინ ჩემს გულში სამყაროს ჩავდებ,
თუკი სიკვდილში რწმენა ეტევა
მაშინ სიცოცხლეს სასწორზე დავდებ.
”აღარ ვუნდივარ სამყაროს ბერი“შენთვის
ჰეი, გავლილი წლების მეფენო,
თხოვნით მოგმართავს მოხუცი კაცი
ცაში აფრინდით თეთრო მტრედებო.
წლებთან მაქვს უკვე მე დიდი ვალი.
თხოვნა მეფესთან ასე ჟღერს მისი.
ერთი ვარსკვლავით დამტოვე უკან,
არ მინდა ცოდვა ვატარო სხვისი.
ისეც ამევსო ამხელა გუდა.
აღარ ვუნდივარ სამყაროს ბერი,
მგონი სიკვდილსაც გადავავიწყდი.
ვთვალე ამდენი ცოდვილი წლები,
ჩემო ბავშვობავ, შენც დამავიწყდი.
მინდა სიბერეს უსმინო გულით,
იმ ძველ ფურცლებში ბევრს წაიკითხავთ,
ნუ გადმოხედავთ ამაყი სულით.
სიბრძნეს მიიღებთ რაც მეტს იკითხავთ.
თუ კი გული ამღერდება,
მხოლოდ შენთვის, მხოლოდ შენთვის
ქოხიც თუ კი ამაღლდება,
ქალო, ეგეც მინდა შენთვის,
ხოხობი თუ აფრინდება,
მასაც ვესვრი, ქალო შენთვის,
ანგელოზი თუ გამიწყრა
ეგეც მხოლოდ, ქალო, შენთვის,
სატანაც რომ დამეჭიდა,
მასაც მოვერიე შენთვის.
თუ კი ტკივილს ცრემლი მოჰყვა,
წვიმა მომაქვს მე კი შენთვის,
თუ შეგცივდა და შეწუხდი,
ზაფხული მაქვს ისიც შენთვის!?
სასახლიდან თუ დაბრუნდი,
ის ქოხი მაქვს ისევ შენთვის,
შენ, სატანავ, აქ დადუმდი,
ღმერთო, ჯვარი თუ გაქვს ჩვენთვის!?
ადამიანოგესმის?
ადამიანო, არ დაივიწყო სახელი შენი,
არ დაივიწყო, მტვერი ხარ მიწის.
ადამიანო, საითკენ ილტვი,
წუთების დათვლა ხომ ადვილია?
სამოთხის კართან ძირს რატომ ითხრი,
სადაც სულისთვის ბევრად ტკბილია?
ადამიანო, კიბეს ნუ დადგამ,
რომ თანატოლად მოხვიდე ჩემთან,
მეფე ხარ ამაყი, ქვეყანას მართავ,
მიდი და ეზიარე იმ წმინდა ბერთან.
ადამიანო, გახსოვდეს სული,
წუთიერ გრძნობებს ნუ გადაჰყვები,
ნუ აამაღლე შენს ზევით ფული,
აფთარზე მეტად ნუ გაავდები.
თქვენი სხეული ის ტაძარია,
მარად და მარად რომ იყოს წმინდა,
თქვენი სული კი ის სანთლებია,
ჩაუქრობლად რომ ატაროთ მინდა.
თუ გამოიცნო მელოდია
შექმნილი ჩვენთვის,
ასეთი ნაზი და..
აღელვებული ლამაზი ტექსტიც.
ხედავ?
დამიხატია პორტრეტი შენი,
ამასღა ვბედავ,
ნახე ფერები უნიჭო
მე რომ ჩემებრღა ვხედავ.
ვგრძნობ?
ამ შენ სინაზეს, ლამაზო,
უკვე რამდენხანს ვთმობ
და მაგ თვალების სიგიჟეს
დიდიხანია ვგმობ.
გიყვაარს?
შენ კი არა და უკვე
ვეღარავინაც მიტანს,
თუ შეგიყვარდა ლექსი,
თვითონ კალამიც რითმავს.
გტკივა?
ამ სიტყვის გულში,
უკვე ბევრი რამ მინდა,
რომ ჩამოვწყვიტო ვარსკვლავი
და გადმოვფრინდე ციდან.
გწაამს?
ქრისტე, რომელიც ლოცავს
ყველა გაქცეულ წამს,
და რომ გაგიქრობს გულში,
ყველა დამჩნეულ დაღს.
”არ დამიჯერებთ“
არ დამიჯერებთ, მაგრამ აღმოვთქვამ
მეფედ ვცხოვრობდი ცოტა ხნის უკან
გვირგვინი თავზე ოქროსი მედგა
და საქართველო შევკარი მუშტად.
არ დაიჯერებთ, ამასაც გეტყვით:
ღმერთი ვიყავი თქვენი ლოცვების,
როცა გიმძიმდა სულის ვაება,
გვახსოვს, ცრემლებით ჩემთან მოხვედი,
მგელიც ვყოფილვარ, ტყეში ნადირად
და დამიშლია ირმების გუნდი.
ასე გიყვებით ახლა მარტივად
თან მახსენდება ის თქვენი ხუნდი,
ერთ დროს ვიყავი თვით საქასრთველოც
და საქართველოს გული მტკიოდა,
გმირიც ვიყავი, ხანჯლად გაყრილი
და პატრიოტის სისხლი მდიოდა.
ხმალიც ვიყავი, ბასრი და მჭრელი,
გმირების ხელში ნატრიალები,
იმ ჩვენი მტრების სისხლიც ვიგემე,
ვისგანაც გვქონდა ნაიარევი.
მე თქვენი გულიც ვიყავი კიდეც,
ვისაც გიცემდათ მკერდში სიამით,
ვინც დედის ამაგს ეფერებოდა
და დაჩოქილმა ვარდი მიართვით.
ანგელოზადაც მივსულვარ ჯართან,
რჩეულ მამულის შვილებთან მეთქვა.
უფლის პირჯვარი დავწერე ყველას,
ვიღვარე ლოცვის სიტყვებთან ერთად.
ახლა კაცი ვარ, სახეზე მშვიდი,
მაგრამ დარდებით სავსე მაქვს გული,
ახლა ლანდი ვარ შეუმჩნეველი,
უხილავ გრძნობებს მიჰყვება სული.გიორგი წიკლაური - გაზეთი "შირაქი"
Комментариев нет:
Отправить комментарий