
საკრებულოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯილეხის (ციმბირული წყლულის) გამოვლენის ფაქტი. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე გატანილ ერთადერთ საკითხს - დედოფლისწყაროს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე.
ჯილეხით სოფელ არბოშიკის ტერიტორიაზე ე.წ. „მწარე წყალზე“ მდებარე ყოფილ მეცხოველეობის კომპლექსში ახმად ომაროვის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა.
როგორც ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით დედოფლისწყაროში შეიქმნა შტაბი. ამ ტერიტორიაზე განთავსებული ფერმები გამოცხადდა არაკეთილსაიმედო ზონად, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია 4-კმ-ის რადიუსით ჯილეხის მხრივ საფრთხის შემცველ ტერიტორიად, რის გამოც კარანტინი გამოცხადდა. თბილისში სამკურნალოდ სამი ადამიანია გადაყვანილი. მათ დაავადებული პირუტყვის გატყავებაში მიიღეს მონაწილეობა.
დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებულ ადამიანთა გამოვლენას, აღრიცხვას და ეპიდზედამხედველობას ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი” უზრუნველყოფს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დედოფლისწყაროს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ ქევხიშვილმა.
"ჯილეხის განმეორებითი კერა დაფიქსირდა. ეს კერა პირველად 1952 წელს გამოვლინდა.

მოსახლეობამ საკარანტინო პერიოდში თავი უნდა შეიკავონ ხორცის ყიდვა-მოხმარებისგან და არამარტო ხორცის. საშიშია, ასევე, რძე და რძის პროდუქტები. სოფლის რწმუნებულებმა უნდა იზრუნონ მოსახლეობის ინფორმირებაზე, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება და ჯილეხით მოსახლეობის მასობრივი დაავადება. ასევე, საჭიროა, მოხდეს საქონლის ვაქცინაცია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რისთვისაც მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს კერძო ვეტერინარის მომსახურება და რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო იოლი და შედეგიანია, ვიდრე ვირუსის და დაავადების შედეგების ლიკვიდაცია.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს რამდენიმე სოფელში ჯილეხის გარდა კარანტინი მოქმედებს ცოფის გამოვლენის გამოც. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ;
Комментариев нет:
Отправить комментарий