
ეპიდემიოლოგის განმარტებით, კატასთან, რომელსაც ცოფი დაუდგინდა უშუალო შეხება კიდევ 2 პაციენტს ჰქონდა, თუმცა ფინანსური სახსრების არარსებობის გამო ისინი ამ დრომდე მკურნალობის კურსის დაწყებას ვერ ახერხებენ.
„ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ 2 პაციენტს, სუხიტაშვილსა და მარტყოფლიშვილს უშუალო შეხება ჰქონდათ კატასთან. ერთმა ეს კატა ხელში აიყვანა და საკუთარი ეზოდან გარეთ ქუჩაში მოისროლა, ხოლო მეორე ქალბატონმა კატა კალთაში ჩაისვა და ეფერებოდა. ამ ორი ადამიანის შემთხვევაში ცოფის გავრცელების რისკი არსებობს, რადგანაც მათ უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ცხოველთან. უკვე მერამდენე დღეა ისინი აცრების ჩატარებას ვერ ახერხებენ. როგორც გავარკვიე ამის მიზეზი უფულობაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ მეზობლად მცხოვრებ პოპიაშვილების ოჯახში კატამ მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა და შემდეგ ცხოველი მკვდარი ნახეს. ამავე კატასთან ჰქონდა შეხება ამ ორ ადამიანსაც,“ – აცხადებს ალადაშვილი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში „ქიზიყს“ განუცხადეს, მომხდარის შესახებ მათ საქმის კურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩააყენეს. ალადაშვილი ირწმუნება, რომ გამგეობამ ამ 2 პაციენტის მკურნალობის თანხების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„გამგეობაში უკვე ვიყავი და შევთანხმდით, რომ ამ ორ პაციენტს მკურნალობის თანხას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს. სავარაუდოდ, მათ უახლოეს მომავალში აცრები ჩაუტარდებათ,“ – აცხადებს ლალი ალადაშვილი.
ეპიდემიოლოგი დედოფლისწყაროელებს მოიწოდებს, ცხოველების მხრიდან დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ და აცრები ჩაიტარონ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий