კულუარული ინფორმაციით, გობეჯიშვილი სახელისუფლებო კადრია. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მუზეუმის დირექტორად მისი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური მხარე რჩება. გობეჯიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილეობა უკვე მიიღო და კომისიას მუზეუმის მართვის მისეული ხედვაც წარუდგინა:
„მირზაანი ჩემი მშობლიური სოფელია და მასზე გული განსაკუთრებულად შემტკივა. ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლი მართლაც დასაფასებელია. ბევრი რამ გააკეთა ფიროსმანის ირგვლივ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და სოფელში გამოირჩეოდეს. ფიროსმანის მუზეუმმა მირზაანი უნდა გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ ამჟამად ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაღაცეები უნდა შეიცვალოს. ამჯერად კონკურსის შედეგებს ველოდები, სხვა ჩემთვის არაფერია ცნობილი. ვაკანსია რომ გამოცხადდა მეგონა, რომ ანზორ მაძღარაშვილი აღარ მონაწილეობდა და საბუთები ამიტომ წარვადგინე. რომ მცოდნოდა ანზორიც მონაწილეობდა, ალბათ დავფიქრდებოდი,“ – აცხადებს ნელი გობეჯიშვილი.
კონკურსში განაცხადი მუზეუმის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ მაძღარაშვილსაც აქვს წარდგენილი. ფიროსმანის მკვლევარი ამბობს, რომ თუ კომისია სხვა კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს, მაშინ ის მუზეუმს მთლიანად დატოვებს:
„ნელი გობეჯიშვილს პატივს ვცემ, თუმცა თუ სხვა კანდიდატურას გაიყვანენ მაშინ მუზეუმს მთლიანად დავტოვებ და მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ მექნება. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით მუზეუმი ორად გაიყოფა. საერთოდ, ეს პროცესი ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თავდაპირველად, როცა განაცხადი მე ვადის ამოწურვის ბოლო წუთს შევიტანე, მითხრეს, რომ ჩემს გარდა მმართველის პოზიციაზე არცერთი განაცხადი წარდგენილი არ იყო, თუმცა ახლა ირკვევა, რომ საიდანღაც ქალბატონ ნელი გობეჯიშვილსაც შეუტანია განაცხადი და კონკურსში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს.“ – ამბობს მაძღარაშვილი.
ამის საპასუხოდ გობეჯიშვილი აღნიშნავს, რომ თავად დოკუმენტაცია მაძღარაშვილზე ადრე შეიტანა და ყველაფერი ვადების დაცვით მოაგვარა. ის ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია მისთვის უცნობია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მის სტრუქტურაში არსებულ 14 მუზეუმში, მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში.
ერთ–ერთი ვერსიით, ანზორ მაძღარაშვილის ფიგურა ხელისუფლებისათვის კრიტიკული კომენტარების გამო მიუღებელი გახდა და მოვლენების ამგვარი განვითარება სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий