რატომ გახსნეს ტაძრის შენობაში სკოლა, კინოთეატრი და საწყობი, როგორ ჩაინგრა ერთ-ერთი კინოთეატრის დროს ტაძრის იატაკი და რატომ წაიღეს ეკლესიის კარი სკოლაში, რომელსაც გაკვეთილების დაწყების წინ რეკდნენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც ტაძრის დაზიანებაში მცირე წვლილი შეიტანა, უკუღმა დატრიალდა და ტრაგიკულად დასრულდა.
ტაძარი, სავარაუდოდ 1902 წელს ამოქმედდა, ჯვარგუმბათოვანი ტიპისაა და უნიკალურია იმითაც, რომ ამ წმინდანის სახელობის ტაძარი საქართველოში ერთადერთია და ისიც დედოფლისწყაროს ამ სოფელში. ტაძარი აშენებულია გრაფი სეჩენოვის შემოწირულობით. ის წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულის არქიტექტურულ ძეგლს და აშენებულია სოფლის განაპირას, შემაღლებულ ადგილზე. სამწუხაროდ, ტაძარმა მხოლოდ ორი ათეული წელი იმოქმედა. კომუნისტების წყალობით და ზოგადად უყურადღებობით ყველასგან უყურადღებოდ მიტოვებული ტაძარი ძალზე დაზიანდა. ჯაფარიძელებს თითქმის არასოდეს ჰქონიათ საშუალება, ტაძარში წასულიყვნენ და წმინდა სანთელი აენთოთ.
1921 წელს, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზეც წითელი არმია შემოვიდა. მათ ტოტალური ბრძოლა გამოუცხადეს მართლმადიდებლობას და საქართველოში არსებული ტაძრების უმრავლესობა დახურეს, მათ შორის იყო ჯაფარიძეში ახლადაშენებული სერაფიმეს ტაძარიც.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ ტაძრის შენობას კომუნისტები სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებდნენ. მალევე გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა ტაძრის გუმბათი, რომელიც ხისგან იყო აგებული. ტაძრის კედლები დღითიდღე ზიანდებოდა. დიდი ხნის მანძილზე ტაძრის აღდგენის სურვილი არავის გასჩენია.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საქართველოს საპარტიარქომ ნებართვა 1988 წლის 24 დეკემბერს გასცა და უწმინდესის ლოცვა კურთხევით, სერაფიმეს სახელობის ტაძარმა, ოფიციალურად ფუნქციონირება 1989 წლის იანვრიდან დაიწყო. უმძიმეს პირობებში, მაგრამ მაინც... მოძღვრად მამა სოლომონ ბოსტოღანაშვილი მოავლინეს. ამავე წლის 9 ივლისს ახლადაღდგენილი ტაძარი დედოფლისწყაროში ჩამობრძანებულმა კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოინახულა და აკურთხა. სოფლის მოსახლეობა ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ ნელ-ნელა შემობრუნდა, თუმცა სულ მცირე ხნით.
ორიოდ წლის წინ დედოფლისწყაროში ძალზე საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით. წიგნი მთლიანად სოფელ ჯაფარიძის ცხოვრებას ასახავს და არაერთ ისტორიულ და უნიკალურ ფოტო თუ დოკუმენტურ მასალას მოიცავს. წიგნის ავტორი დამსახურებული პედაგოგი ეგული ყოჩიაშვილი გახლავთ, რომელიც წლების მანძილზე, სოფლის ერთადერთი სკოლის დირექტორი იყო. ის უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე და მონაწილეა. გამოცემაში დეტალურად არის მოცემული სოფლის დაარსებისა და განვითარების ეტაპები. ჯაფარიძელების დამოკიდებულებაზე რელიგიის მიმართ და ტაძრის ისტორიაზე სასაუბროდ წიგნის "აღმართ აღმართ აღმავალი"-ს ავტორს გაზეთი "ქიზიყი" სახლში ეწვია და ბურუსით მოცული თემის ირგვლივ, საკმაოდ საინტერესო დეტალები შეიტყო:
ეგული ყოჩიაშვილი: ,,მას შემდეგ, რაც გასაბჭოებამ ჩვენს სოფელშიც შემოაღწია, კომუნისტებმა სერაფიმეს ტაძრის დანგრევაც დაგეგმეს. გადაწყვიტეს, ეკლესიის სახე შეეცვალათ და შენობა საწყობად გამოეყენებინათ. თავდაპირველად ხის გუმბათი ჩამოიღეს და დაწვეს. 1941 წელს სოფელ ჯაფარიძის სკოლა გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. კლასები 10 წლის მანძილზე ეკლესიის შენობაში განათავსეს. ამავე პერიოდში ტაძარი შუაზე გადატიხრეს და ორ სართულიანად გადააკეთეს. შენობას დღემდე ეტყობა ეს კვალი. სკოლა 1950 წელს აღვადგინეთ და ტაძრის შენობიდან კლასები კვლავ სკოლაში გადავიდა. ამის შემდეგ, ეკლესიის სამრეკლოზე არსებული ზარი სკოლას გადასცეს. ზარს, რომელსაც მრევლის ტაძარში მოგროვება ევალებოდა, სკოლაში გაკვეთილების წინ რეკდნენ. 1993 წელს ეს ზარი ჩემი ხელით კვლავ ტაძარს დავუბრუნე. თუმცა, მერე რა ბედი ეწია, ჩემთვის უცნობია... კლასების სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ტაძრის შენობაში კინო კლუბი გაიხსნა. ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთი კინოსეანსის დროს მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა და ხალხი დაბლა ჩაცვივდა.
-- სოფელში თითქმის არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას შეძლებდა. როგორ ახერხებდით ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებას?
-- ჯაფარიძელებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. თუმცა, გარკვეულ ოჯახურ წრეებში მაინც იყო ძლიერი რწმენა. ისინი ფარულად იკრიბებოდნენ და რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ. ცხადია, ყველაფერი არაორგანიზებულად ხდებოდა. თუმცა, საკლავის შეწირვის ტრადიციები სოფელ ჯაფარიძეში ნამდვილად იყო.
-- ბუნებრივია ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მართლმადიდებლობის შეზღუდვის ფაქტები...
-- რა თქმა უნდა. იმდროინდელი გამგეობიდან მუდმივად იყო ხელშეშლა ამგვარი თავყრილობების მიმართ. გამგეობის წევრებსა და მათი ოჯახის ახლობლებს ასეთ შეკრებებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავდნენ. მახსოვს, გამგეობებში იმართებოდა სპეციალური სხდომები და თქვენ წარმოიდგინეთ, ინტენსიურად მიდიოდა ლექციები ათეისტურ თემებზე...
-- წლების მანძილზე სკოლას ხელმძღვანელობდით. ხდებოდა თუ არა თქვენზე რაიმე სახის ზეწოლა და რა სახის მითითებები გეძლეოდათ ხელისუფლების მხრიდან?
-- გარკვეული მითითებები მართლაც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი პარადოქსული ფაქტებიც ფიქსირდებოდა, რომ იმ პერიოდში, კომუნისტების მიერ აქტიურად ყალიბდებოდა "ნორჩ ათეისტთა" წრეები. ბავშვებში საკმაოდ ძლიერ აგიტაციას ეწეოდნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თაობები ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიით აღგვეზარდა, რასაც ბუნებრივია არ ვითვალისწინებდით. მალულად მაინც ვახერხებდით, ბავშვებისთვის რელიგია შეგვეყვარებინა და რწმენა გაგვეღვივებინა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვინც ამ ტაძრის დაზიანებაში მცირე წვლილიც შეიტანა, ყველას ბედი უკუღმა დარტიალდა და ტრაგიკულად დასრულდა. გვარების ჩამოთვლა არ მინდა, მაგრამ ამის მოწმე პირადად ვარ" - აღნიშნავს ეგული ყოჩიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ყველა იმ ადამიანის გვარი იცის, რომლებმაც ამ ეკლესიის განადგურებაში წვლილი შეიტანეს, თუმცა მათი საჯაროდ გამხელისგან თავის წიგნშიც და ჩვენთან საუბარშიც თავი შეიკავა.
მოძღვრის ქალიშვილმა მარინა ბოსტოღანაშვილმა "ქიზიყთან" საუბარში წარსული გაიხსენა და გულისწყვეტით აღნიშნა, რომ ეკლესიის აღსადგენად და კედლების გასამაგრებლად ადგილობრივ ხელისუფლებას თავი არასოდეს შეუწუხებია. ტაძრის რესტავრაციაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, თუმცა როგორც მარინა ბოსტოღანაშვილი ამბობს, ეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობას უფრო წააგავდა ვიდრე ტაძარზე ზრუნვას.
ათი წლის წინ, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერმა ვახტანგ კიკილაშვილმა და სს "დედოფლისწყაროელის" ანგარიშზე ტაძრის აღდგენის სპეც-ანგარიში გახსნა. სააქციო საზოგადოება "დედოფლისწყაროელის" ძალისხმევით ფერადი სააგიტაციო ბუკლეტიც გამოიცა, რომელიც მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდა და ადგილობრივებს ტაძრის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამ საკითხზე პრესაშიც უამრავი სტატია გამოქვეყნდა. ვახტანგ კიკილაშვილმა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დედოფლისწყაროს სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და ირწმუნებოდა, რომ ტაძარზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად არ დაუწყია, თუმცა მისი აქტიურობის შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. საგულისხმოა, რომ ეკლესიის ეზოში სამშენებლო ქვიშა მხოლოდ არჩევნების წინ გამოჩნდებოდა ხოლმე და იქმნებოდა ილუზია, რომ რესტავრაციის პროცესი იწყებოდა, თუმცა დღემდე ტაძრის გამაგრება ვერ მოხერხდა. სოფლის მაცხოვრებლების მიერ ტაძრისთვის მოგროვებული 807 ლარიც ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობდა, ბოლოს კი რამდენიმე წელი ბანკში უშედეგოდ ინახებოდა.
სოფლის კოლორიტი, მწერალი უშანგი წყარუაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ტაძრის რესტავრაცია ძალზე დროული და აუცილებელი იყო. მისი თქმით, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. წყარუაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯებით ახალი თაობის რწმენისკენ შემობრუნება უნდა მოხდეს, რომ მათში მავნე ჩვევებმა თავი აღარ იჩინოს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий