20 დეკემბერს ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრამ რიგითი მოქალაქეების გარეშე ჩაიარა. სხდომას ცალკეული სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ. დეტალები საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა წარმოადგინა.
აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი შედარებით ნაკლებია, რადგან შემოსავლების კლება დაფიქსირდა: ,,მართალია წინა წელთან შედარებით საერთო თანხა მცირეა, მაგრამ ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ შემოსულობების კლება გვაქვს. თუმცა, არის მინიმუმ 1 მილიონი ლარით ზრდის რეალური შანსი. გასულ წელსაც ტრანსფერების სახით გათვალისწინებულზე მეტი თანხა მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ წელსაც ასე იქნება," - აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.
მომავალ წელს დედოფლისწყაროში საკრებულოს ხარჯები 2 000 ლარით შემცირდა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობის 48,500 ლარით. სამაგიეროდ, 24 700 ლარით გაიზარდა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ხარჯები. ნაცვლად 8,800 ლარისა მომავალ წელს დედოფლისწყაროს სარეზერვო ფონდში 33,500 ლარია გათვალისწინებული.
ლევან ბაღაშვილმა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან კადრების ოპტიმიზაცია დაიწყება. ბაღაშვილი დასძენს, რომ უკეთესი მომავლისთვის თვითმმართველობაში ოპტიმიზაციის პროცესი აუცილებელია.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარინე მეხრიშვილმაბიუჯეტის პროექტის გაცნობის შემდეგ შენიშვნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკვე წლებია ადგილობრივ ბიუჯეტში სკოლებისთვის თანხები არც გათვალისწინებულია და არც დახარჯულა. მეხრიშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მოუწოდა განათლების კანონის 30-ე მუხლის გათვალისწინება მოხდეს.
,,გასულ წელს 15 000 ლარი გამოვყავით. წელსაც ჩავდეთ თანხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭიროება არ არსებობს და ეს ყველაფერი სამინისტრომ უზრუნველყო. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით თანხები მართლაც გამოვყოთ, მაგრამ ახლა, როცა პროექტის განხილვა მიდის და როცა ხარჯების შემცირებაზეა საუბარი, ამის განხილვა ნაადრევია... ახლა, სკოლების რეაბილიტაციისთვის თანხებს ვერ გამოვყოფთ, ეს დიდ ხარჯებს მოითხოვს, თანაც ეს საკითხი სამინისტრომ თავის თავზე აიღო. მზად ვართ რესურსცენტრთან თანამშრომლობისთვის, ოღონდ დასაბუთებული და კონკრეტული წინადადებები განვიხილოთ," - განმარტა ლევან ბაღაშვილმა.
მოგვიანებით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ოფიციალური ინტერნეტ საიტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ვებ-გვერდის ტექნიკურ დახვეწაზე ნაცმოძრაობის ყოფილი აქტივისტი, ამჯერად საკრებულოს სპეციალისტი ოთარ კოვზირიძეიზრუნებს, ხოლო მის ინფორმაციულ განახლებაზე საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ინგა შიოლაშვილი მუშაობს. საიტი ყოველკვირეულად განახლდება და სხვა მონაცემებთან ერთად დედოფლისწყაროში მიმდინარე სიახლეები ნიუსური სისტემით გამოქვეყნდება. საიტზე ასევე განთავსდება სხვადასხვა სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ყველა საჯარო ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება.
სხდომაზე დაისვა საკითხი საბავშვო ბაღებში კვების გაუმჯობესების შესახებ. აღინიშნა, რომ ბავშვებს უხარისხო საკვებს აძლევენ, რაც მშობლების აღშფოთებას იწვევს. წამოვიდა მოთხოვნა კვებისთვის გათვალისწინებული ხარჯების გაზრდის თაობაზე.
,,მომავალ წელს სკოლამდელი დაწესებულებების ხარჯები 15 ათასი ლარით მცირდება. მუნიციპალიტეტს პირდაპირი ვალდებულება არ აქვს, რომ ეს სფერო დავაფინანსოთ, თუმცა საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოვყოფთ, ეს არის კეთილი ნება და ხალხის აზრის გათვალისწინება. ზოგიერთ ბაღში მხოლოდ 7 ბავშვი ირიცხება, თუმცა საბავშვო ბაღები მაინც მუშაობს," - განაცხადა ბაღაშვილმა.
2010 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია პრესისთვის გათვალისწინებული ხარჯები, რომელიც 23,600 ლარით განისაზღვრა. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სხვადასხვა მედიასაშუალებების დასაფინანსებლად 29 000 ლარამდე დაიხარჯა.../ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий