პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქტორის მონოლოგს მკითხველთან.
ილია მარტყოფლიშვილი:
კითხვაზე, რატომ ავირჩიე პროფესია ჟურნალისტი - შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ყოველთვის ვპასუხობ, რომ არ ამირჩევია. უფრო სწორად, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი... ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და ოდნავაც არ მიყოყმანია. ყველა მეუბნებოდა, გავლენიანი ადამიანების გარეშე ამ სფეროში დამოუკიდებლად ვერ გაიკვალავ გზასო. ჩემს სანათესაოში არავინ ყოფილა
ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ ჩემი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ლალი ინაშვილი ყოველთვის აღნიშნავდა, „საკონტროლო თემების წერისას, მარტყოფლიშვილის მომზადებულ თემებში ყველა იმ მითითებას ვხედავ, კლასს რა დავალებაც მივეციო“. ანუ, თემა ყოველთვის ზუსტად ისე იყო აგებული, როგორც გვთხოვდა. სხვა საგნებისგან განსხვავებით, ამ საკითხში უფროსი ადამიანების, ან სპეციალისტების დახმარება არასოდეს დამჭირვებია. ალბათ, ქალბატონი ლალი თავიდანვე ხედავდა ჩემში წერისადმი მიდრეკილებას. მე რომ ეს საქმე შემიძლია და ასე ძალიან მიყვარს, უნდა ვაღიარო, ლალი ინაშვილს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას.
სახლში ვიდეო-აპარატურა 12 წლიდან მქონდა და ამ ასაკში დამოუკიდებლად რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მოვამზადე და თავადვე გადავიღე. ცხადია, საკუთარი ძალებით ეს არცთუ ისე ხარისხიანი გამოვიდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ენთუზიაზმი და საქმის სიყვარული მაშინაც დიდი იყო.
ჩანახატები და ლექსები ბავშვობაში არასოდეს მიწერია, მაგრამ, თავისუფალ თემებს მუდმივად ვწერდი, თუმცა არა სკოლისთვის... იმაშიც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის პრობლემებზე ვწერდი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ კი მახსოვს, კატეგორიულად გვიკრძალავდნენ ლექსების წერას. ეს იმიტომ, რომ ბევრ სტუდენტს საგაზეთო და შემოქმედებითი ნაწერი ერთმანეთში ერეოდა, სასწავლებელში მკაცრად მიგვითითებდნენ, რომ ჟურნალისტმა ნაწერი ზედმეტად არ უნდა შეალამაზოს. ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ „რუსთავი 2“ და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად, მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ „მოამბის“ წამყვანი იყო. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა.
რაც შეეხება პირველ სამსახურს მედიაში, თავდაპირველად ჟურნალ „თბილისელებში“ ვმუშაობდი. პირველივე კურსზე მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, სათანამშრომლოდ რომელიმე რედაქციაში მივსულიყავით, რომლის შენობაც ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს იქნებოდა. ასეთი აღმოჩნდა „თბილისელები“. რედაქტორს თანამშრომლობა მორიდებით ვთხოვეთ და დავძინეთ, პირველკურსელები ვართ, დიპლომი არ გვაქვსო. „თბილისელებს“ ახლაც ზაზა ახობაძე რედაქტორობს. ძალიან კარგი ადამიანია და ის პერიოდი კარგად მახსენდება. ასე თქვა, თქვენი დიპლომი რად მინდა, მთავარია როგორ წერთო... დაგვავალეს რამდენიმე თემა და ზუსტად მახსოვს, ისე განვიცდიდი 1 თვე ვწერდი.
პირველი ინტერვიუ 2001 წელს ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, „რუსთავის 2“-ის დირექტორის მოადგილე, ნინო შუბლაძესა და მის მეუღლე ალეკო ფარულავასთან ჩავწერე. მაშინ ნინო და ალეკო დაოჯახებულები არ იყვნენ, 1 არხზე გადაცემა „ალიონის“ წამყვანები გახლდნენ და მეგობრობდნენ. მახსოვს, ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აღგიწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. ეს პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ, ბოლოში ჩემი გვარი-სახელი მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მერე ხშირად ვაქვეყნებდი ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს. „თბილისელები“ ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც რედაქციაში ერთად მივედით, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ჟურნალს - „კვირის ბოლო“, ჩვენვე ვრედაქტორობდით. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ბევრ სიძნელეს, მათ შორის დაშინებებსა და უამრავ ზეწოლას დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის 48 გვერდს ყოველკვირეულად ვავსებდით, ჩვენს შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა იმდროისთვის ძალზე პოპულარულ გადაცემაში „რა ხდება!“. მოგვიანებით, ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რეკლამა ეთერში საუკეთესო დროს გადიოდა. ყველაფრის მიუხედავად, რამდენიმე თვეში, ვარდების რევოლუციის დროს დავიქსაქსეთ...
ლაერტ ზუბადალაშვილის სურვილით, 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე თვე დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენებზე, ოპერატორ გია ყაჭაშვილთან ერთად, ადგილობრივ ტელე-გადაცემებს ვამზადებდი. ეკრანზე ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება გადიოდა, რომლის წამყვანი მე ვიყავი. მაშინ დედოფლისწყაროელებმა როგორც ჟურნალისტი ფაქტობრივად პირველად გამიცნეს და 19 წლის ბიჭისთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მერე კი ისევ თბილისში რადიო „უნივერსში“ გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო „პალიტრა“ დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ თბილისის „პირველ რადიოში“ გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტი ვიყავი. შემდეგ იყო დამოუკიდებელი გამოცემები „თავისუფალი გაზეთი“, გაზეთი „ვერსია“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და ასე შემდეგ. ასევე, კახეთის რეგიონული გაზეთი „პროგრესი“, სადაც დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი, რამაც რამდენჯერმე სასამართლომდეც მიმიყვანა. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება. დედოფლისწყაროში დამოუკიდებელი, ყოველდღიური ინტერნეტ-გამოცემა „ქიზიყის“ შექმნაც მხოლოდ ინფორმაციის მაქსიმალურად და ოპერატიულად გავრცელების უზრუნველყოფით იყო ნაკარნახევი, თორემ ფინანსური დაინტერესება არ მქონია.
სულ რამდენიმე თვეა, რაც გაზეთ „შირაქში“ ვარ. ყოველთვის მინდოდა, ეს ჭაღარა გაზეთი ბევრად გაუმჯობესებული მენახა და მიხარია, რომ მომეცა საშუალება, მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ რეორგანიზების შემდეგ ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავად „შირაქის“ გაუმჯობესება, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მკითხველის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იქცა.
უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. იმაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო. ჟურნალისტიკის გარეშე ჩემი ცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი, ასე რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმის გარეშე გაძლება ამჟამად 1 დღეც მიჭირს. აქ თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ!..
ზოგჯერ ჩემს კრიტიკულ წერილებს ცუდად იგებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ობიექტური და საკუთარ თავთან მართალი ვყოფილიყავი.
Комментариев нет:
Отправить комментарий