სოფელ არბოშიკში მცხოვრები 45 წლის
დავით დათუკიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იყო. 1997-2003 წლებში მის მიმართ დაგროვილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ის დღემდე უშედეგოდ ითხოვს. საქმე სულ მალე სასამართლოში შევა.
დათუკიშვილს ხელთ აქვს შს დედოფლისწყაროს სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა # 1148, საიდანაც ირკვევა, რომ შსს-ს დათუკიშვილის მიმართ 2 550 ლარის დავალიანება აქვს. ცნობას ხელს შს პოლიცის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ბაზერაშვილი აწერს. დათუკიშვილმა დოკუმენტაცია გაზეთ "ქიზიყს" მიაწოდა და დახმარება ითხოვა.
ომსა და სამხედრო ძალების ვეტერანი დავით დათუკიშვილი აფხაზეთის ომის მონაწილეა, ის შს რაიონულ განყოფილებაში საპატრულო საგუშაგოს პოლიციელად მუშაობდა: ,,ვერსად ვმუშაობ, ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს, ანალოგიურ ვითარებაში კიდევ 2-3 კაცი იყო. მაშინ გვითხრეს, რომ ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს გამგეობას უნდა გაეცა. 2003 წელს რომ მივაკითხე, მაშინდელმა გამგებელმა ასე მითხრა, "მე რატომ უნდა მოგცე, წინა გამგებელს მოსთხოვე, მე რა შუაში ვარო". დავიღალე, სად აღარ ვიყავი, მაგრამ ყველგან უარით მისტუმრებენ. სიმართლეს ვერსად მივაგენი. არადა, ჩემს ოჯახს ეს თანხა ჰაერივით სჭირდება. სხვისას არაფერს ვითხოვ, ჩემი შრომის ანაზღაურებას ვითხოვ" - განუცხადა "ქიზიყს" ომის ვეტერანმა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დათუკიშვილი სახელფასო დავალიანების მისაღებად სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ვეტერანის სახელფასო დავალიანების საქმეს ადვოკატი უშანგი დონჯაშვილი სწავლობს. "ქიზიყის" ინფორმაციით, ამ დღეებში, კიდევ ერთი განცხადება შევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის სახელზე, სადაც დათუკიშვილი მისი საქმის შესწავლას და დავალიანების ანაზღაურებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. "ქიზიყი" ამ საკითხს მონიტორინგს ადვოკატებთან ერთად გაუწევს და მოვლენათა განვითარებას თვალყურს ინტენსიურად მიადევნებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საკრებულოს იურისტი მძღოლის ხელფასის აღებასაც ადასტურებს
ბოლო დროს დედოფლისწყაროში ბევრს საუბრობენ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტად გადაყვანილ ექს-ოპოზიციონერ მიხეილ ბიკაშვილს საკრებულოს თანამშრომელთათვის ავტომანქანით მომსახურების დროს განსაკუთრებით ხშირად ხედავენ. გაკვირვებული დედოფლისწყაროელების ნაწილი იმის გარკვევას ცდილობდა ბიკაშვილი საკრებულოში იურისტად დანიშნეს თუ მძღოლად. ბიკაშვილი მძღოლად განსაკუთრებით ხშრად საკრებულოს აპარატის უფროსს ხათუნა გონაშვილს ემსახურება. შეიძლება ითქვას, ამ უკანასკნელს ავტომანქანით მხოლოდ საკრებულოს იურისტი დაატარებს. ამ ფაქტზე მთელი რაიონი ღიად საუბრობს. ისინი "ქიზიყმაც" რამდენჯერმე დააფიქსირა.
დტალების დაზუსტება "ქიზიყმა" თავად ადრესატთან სცადა. მიხეილ ბიკაშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ საკრებულოში იურისტის ხელფასსაც იღებს და შეთავსებით მძღოლის ანაზღაურებასაც: ,,შეგიძლიათ პირდაპირ ასე დაწეროთ, იურისტის ხელფასიც მაქვს და მძღოლისაც. ესეც შევითავსე და თუ გინდათ დაწერეთ"... - აცხადებს იურისტი. "ქიზიყი" საკრებულოს აპარატის უფროსს ხათუნა გონაშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, მაგრამ გონაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არცერთხელ არ უპასუხა. მოგვიანებით ფაქტების გადამოწმება პირადად საკრებულოს თავმჯდომარესთან ვცადეთ. ჩვენდა გასაკვირად ლევან ბაღაშვილმა ბიკაშვილისთვის მძღოლის ხელფასის გაცემა არ დაადასტურა.
ლევან ბაღაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარე): ,,მძღოლის ხელფასს სადმე სხვაგან თუ იღებს და რამეს შეუთავსა არ ვიცი... მაგრამ, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საკრებულოში მიხეილ ბიკაშვილი მხოლოდ იურისტის ხელფასს იღებს და მძღოლად არ არის გაფორმებული. ვერ გეტყვით, რა იგულისხმა"...
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საკრებულოს იურისტის ხელფასი ყოველთვიურად 350 ლარს შეადგენს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ შესაძლოა მძღოლის ანაზღაურება პირადი შეთანხმების საფუძველზე მომხდარიყო. დანარჩენი დეტალები ბიკაშვილს აღარ დაუკონკრეტებია და ინტერვიუზე მასთან მისვლა "სხვა დროს" გვირჩია... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
შპს "დიდოსტატი 1"-ის უფროსი ილია ჯინაშვილი ბრალდებებს მუქარით პასუხობს
სოფელ წითელწყაროს სასაფლაოს მესერის ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრალდებებზე გაზეთ "ქიზიყთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა. შპს "დიდოსტატი 1"-ის დირექტორი ილია ჯინაშვილი ადასტურებს, რომ სასაფლაოს შემოსაღობად ცალკეულმა მეწარმეებმა სამშენებლო მასალები ქველმოქმედების მიზნით მართლაც უსასყიდლოდ გადასცეს. თუმცა, ჯინაშვილი იქვე ირწმუნება, რომ სოფლის დახმარების პროგრამიდან გამოყოფილი თანხებიდან ფულის მითვისებას ადგილი არ ჰქონია და ორგანიზაციამ ზედმეტად დარჩენილი თანხიდან გეგმით გათვალისწინებულზე მეტი სამუშაოები შეასრულა:
,,მორწმუნე კაცი ვარ და მაგას არ ვიკადრებდი. მართალია სამშენებლო მასალების დიდ ნაწილში ფული არ გადაგვიხდია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სამაგიეროდ ჩვენმა ორგანიზაციამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ხელშეკრულებით ევალებოდა. ისე, ისინი ვინც ამ ბრალდებებს გვიყენებენ, ფრთხილად იყვნენ... სასამართლოში 50 000 ლარიანი ჯარიმა არ "აიკრან"... თავი გაგვანებონ, თანხები არავის მოუტეხია"... – აცხადებს ჯინაშვილი. სხვათაშორის, "ქიზიყმა" ჯინაშვილის კომენტარი ქალაქ დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში ჩაწერა.
საყურადღებოა, რომ გამგეობის მიერ შეკვეთილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ ნაწილს სწორედ შპს "დიდოსტატი 1" ახორციელებს, მოსახლეობა ეჭვს გამოსთქვამს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ჩახუტების გამო ეს ორგანიზაცია პრივილეგირებულ ვითარებაში აღმოჩნდა. აჟიოტაჟი კი ამავე შპს-ს მიერ სოფელ წითელწყაროს სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოების ირგვლივ ატყდა. დედოფლისწყაროში მოქმედი რამდენიმე მეწარმე "ქიზიყთან" საუბარში ღიად აცხადებს, რომ სამშენებლო მასალები უსასყიდლოდ გადასცეს, არადა სამუშაოებისთვის გამგეობამ ათასობით თანხა გადარიცხა. წითელწყაროელები ირწმუნებიან, რომ სამუშაოები "მუქთად" განხორციელდა, დარჩენილი თანხა კი ილია ჯინაშვილმა, გელა თეთრაულმა და ტარიელ ღარიბაშვილმა მიითვისეს.
შეგახსენებთ, ხსენებული ბრალდებების ადრესატების მისამართით საჯაროდ უკვე მეორე პირი იმუქრება. რამდენიმე დღის წინ ამ პრობლემის გახმაურებით შეშფოთებული საკრებულოს დეპუტატი გელა თეთრაული სასამართლოთი იმუქრებოდა, ამჯერად კი მუქარა ჯინაშვილის მხრიდანაც გაისმა. სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კი ირწმუნებიან, რომ რაც საკუთარი თვალით ნახეს, იმას ყვებიან და შესაბამის ორგანოებს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ.
მოსახლეობა მიჩნევს, რომ მეწარმეებმა მასალა სოფელს აჩუქეს და არა კერძო ორგანიზაციას. წითელწყაროს მაცხოვრებლები გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში შესატანად საჩივარს ამზადებენ. ზედამხედველობის სამსახურის თავკაცი ავთანდილ თეთრაული კი ირწმუნება, რომ რეაგირებას მოსახლეობის მიერ საჩივრის ოფიციალურად შეტანის შემდეგ მოახდენს და საკითხს მას შემდეგ შეისწავლის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი
* * *
კახელები საქონლის ხორცს ისე ვეღარ გაყიდიან, თუ პირუტყვი თელავში შემოწმებაზე არ გადაიყვანეს
17 ოქტომბრიდან, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით კახეთის რაინის მაცხოვრებლებს საქონლის ხორცის რეალიზებისთვის დამატებითი ბარიერები გაუჩნდებათ. როგორც დედოფლისწყაროს მთავარმა ვეტერინარმა დავით ვეშაგურიძემ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, საქონლის ხორცზე ცნობებს მათი სამსახური აღარ გასცემს:
,,კახეთის რაიონებში მაცხოვრებლები ამიერიდან ვალდებულნი იქნებიან დასაკლავი საქონელი თელავში სანიტარულ სასაკლაოზე გადაიყვანონ. ყველანაირ შემოწმებას საქონელს ადგილზე ჩაუტარებენ და გაიცემა "ფორმა 2". მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს პატრონი პირუტყვის დაკვლას და ხორცის რეალიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხორცს ვერცერთ საკოლმეურნეო ბაზარში ვერ გაყიდიან". – აცხადებს დავით ვეშაგურიძე.
აღნიშნულ ცვლილებას უკმაყოფილებით ხვდება ადგილობრივი მოსახლეობა. დედოფლისწყაროელები "ქიზიყთან" საუბარში ამბობენ, რომ პირუტყვის თელავში ტრანსპორტირება იმდენი დაჯდება, მოსახლეობას არც მოგება დარჩება და შესაძლოა თანხის დამატებაც მოუხდეთ: ,,რა სისულელეა, ეს გლეხებზე ძალიან ცუდად აისახება. მოსახლეობა სოფელში მესაქონლეობით ირჩენს თავს და რომ გამიჭირდეს და ორი კაპიკის საშოვნელად საქონლის გაყიდვა დავაპირო, ძროხები ასე თელავში თუ წინ და უკან ვატარე მოგება კი არ დამრჩება, ხარჯებსაც ვერ დავფარავ და ვალშიც დავრჩები. საწვავი და ტრანსპორტიც ასე გაძვირებულია. ყველაფერს აკეთებენ, რომ, გლეხებს სული ამოგვხადონ. ეს უკვე მეტისმეტია". – აცხადებენ უკმაყოფილო დედოფლისწყაროელები.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს განყოფილების უფროსი დავით ვეშაგურიძე ამბობს, რომ კონტროლის გამკაცრება აუცილებელი იყო: ,,ცნობები ჩვენ რომ გავცეთ, შესაძლოა თბილისში, ან სხვა ბაზრებში აქედან ვინმემ დაავადებული ხორცი გაიტანოს და საშარო საქმეა... ჩვენც სამსახურები გვაქვს, ადგილი რატომ დავკარგოთ. ჯობია, რომ გამოკვლევები თელავში უფრო ძირფესვიანად ჩატარდეს".
ვეტერინარების ინფორმაციით, ხსენებული ცვლილება ძალაში 2010 წლის 17 ოქტომბრიდან შევა, თუმცა ვეტერინარიეს სამსახურში არ აკონკრეტებენ, რამდენად შეძლებს სოფლად მცხოვრები გლეხი საქონლის თელავში ტრანსპორტირებას. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ინტელიგენცია დედოფლისწყაროში მთავრობისა და ოპოზიციის გარიგებაზე მიანიშნებს
დედოფლისწყაროს საკრებულოს იურისტად კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიშა ბიკაშვილის დანიშვნის ფაქტზე აჟიოტაჟი კვლავაც გრძელდება. დედოფლისწყაროს ინტელიგენციის დიდი ნაწილი ამ ფაქტს კვლავაც უარყოფითად აფასებს და გარიგებად მიიჩნევს. "ქიზიყი" ამ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე ადამიანის მოსაზრება მოისმინა. მიღებული შეფასებების სრული უმრავლესობა უარყოფითია:
ზაქრო სეხნიაშვილი (ყოფილი ჟურნალისტი): ,, ასეთი ქცევა, რაც ბოლო დროს დედოფლისწყაროში ხდება, ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველია. თუ ერთ პარტიაში ხარ, მისი ერთგული უნდა დარჩე. ის, რაც ლევან ბაღაშვილმა კონსერვატორიული პარტიის ხელმძღვანელის მიხეილ ბიკაშვილის შემთხვევაში ახლახან გააკეთა, შესაძლოა გარიგება ყოფილიყო. ადამიანები ამ ზომამდე იმიტომ მივიდნენ, რომ გაუსაძლისი პირობებია და ამიტომაა, რომ რაქც ღირებული აქვთ ადამიანები ყველაფერს კარგავენ. ზოგიერთები სულსაც ყიდიან და ეს მართლაც საწყენია"...
ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტების კოორდინატორი დედოფლისწყაროში): ,,თუ ხარ რომელიმე პარტიაში, მითუმეტეს მისი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პრინციპებს არ უნდა უღალატო. მიხეილ ბიკაშვილის შემთხვევაში კი მე მახსენდება, როცა ის გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში რამდენიმე თვით ადრე ხმამაღლა აცხადებდა, რომ "პრინციპებს არ ღალატობს". ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ თვეში კი საკრებულოს იურისტად გადაიყვანეს. ეს კი ღირსეული ვაჟკაცის საქციელი არ არის!!!... პირადად მე შემრცხვებოდა და ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი"...
გურამ ნათელაძე (არენდატორი): ,,ასეთი ხალხი არიან თვალთმაქცები8... ვინც ჩამოთვალეთ, ესენი ოპოზიცია არასოდეს ყოფილა. სასაცილოდ არ მყოფნის, როცა მათ ვუყურებ. ... ამათი აშენებული ქვეყანა რა უნდა იყოს... ერთ დღეს ოპოზიციის ლიდერები არიან მეორე დღეს კი სააკაშვილის ლაქიებად იქცევიან ხოლმე... პრინციპები საერთოდ არა აქვთ... კომიკურ ვითარებაში ვარდებიან და თავს იმასხარავებენ"...
ია ჯანაშვილი (ქრისტიან-დემოკრატები): ,,ჩემი გადმოსახედიდან მიხეილ ბიკაშვილი ნიჭიერი ბიჭია. მერე რა, თუ ჰარვარდის ან ოქსფორდის უნივერსიტეტი არ დაამთავრა. ის კონტაქტური და დადებითი პიროვნებაა... ცხოვრებაში ისეც ხდება ხოლმე, როცა ოპოზიციიდან სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ გადადიან... შანსი რომ მომეცეს საყოფაცხოვრებო პირობები გავიუმჯობესო, თვალს არ დავახამხამებ, ისე გადავალ მმართველ გუნდში. ორი შვილი მყავს გასაზრდელი, აბა რა ვქნა?... სხვაქ გზა ნამდვილად არ მაქვს... გული მწყდება, რომ ოპოზიცია დედოფლისწყაროში სუსტია. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მთავრობისგან არც არაფერს ველოდები და სიმართლე გითხრათ, მათთან მუშაობის სურვილი არც მაქვს"...
ქეთევან მჭედლიშვილი (პედაგოგი): ,,რაც ლევან ბაღაშვილია, ისეთივე იურისტიც შეარჩია... გასაკვირი არაფერია... გადაბირებები რომ ხდება... ბიკაშვილს ხელში კომბალი უნდა ეჭიროს, ასეთი კადრები საკრებულოში არ უნდა იყვნენ... ყველა ყველაფერს მშვენივრად ხვდება, თვალში ნაცრის შეყრას ნუ ცდილობენ და ხალხი სულელი ნამდვილად არ არის... ბაღაშვილის განზრახვებსაც მშვენივრად ხვდებიან და ბიკაშვილისასაც"... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ბაჩუკი გონაშვილსა და მის ვაჟს ცხვრის ბიზნესზე მონოპოლიაში ადანაშაულებენ
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ცხვრის ბიზნესი საქართველოში სარფიანი გახდა, რადგან არაბები და ირანელები ქართული ცხვრის იმპორტს ბევრად გაზრდილი ოდენობით აწარმოებენ. შედეგად ქართულ ცხვარზე მოთხოვნილებამ საგრძნობლად იმატა. ქართული ცხვრის შეძენის მსურველთა რიცხვი რომ გაიზარდა, ამას მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილიც ადასტურებს. ეს უკანასკნელი კი ბაჩუკი გონაშვილის ვაჟი გახლავთ.
საქმეში ჩახედული ადამიანები კი ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ბექა გონაშვილს და მის მამას, ფერმერ ბაჩუკი გონაშვილს პირადი ინტერესების გატარებასა და ცხვრის ბიზნესში მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ. მეცხვარეები ირწმუნებიან, რომ გონაშვილების გარეშე ცხვარი საქართველოდან ვერ გადის, მათ კი მადა ისე გაეხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ცხვრების დიდი ნაწილი სულ თვითონ შეისყიდეს.საქმეში კარგად ჩახედული გლეხი ამბობს, რომ ყველა გზას, რომლითაც უცხოელები ქართულ ცხვარს ყიდულობენ, ამჟამად გონაშვილები აკონტროლებენ, ამიტომაც უცხო მოთამაშეს არსად აჭაჭანებენ. მისი თქმით, გონაშვილების ინტერესები იმდენად დიდია, რომ მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ცხვრის გასაყიდად შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიმამრის ჩარევაც კი გახდა აუცილებელი.,,მე და ბაჩუკი ერთად გავიზარდეთ. თავზე ხელსაც კი წამოვარტყამდი ხოლმე. მთელი მისი მოდგმა ოდითგანვე მეცხვარეობას მისდევდა, ახლაც ასე აგრძელებენ. მილიონობით ლარის ცხვარი იყიდეს. ასოციაციის თავმჯდომარედაც თავისივე ვაჟი წამოსვა და ყველაფერს საუკეთესოდ აკონტროლებენ. სანამ მერაბიშვილის სიმამრი არ ჩავრიე მანამდე ვერაფერს გავხდი. ყველაფერში გონაშვილები არიან ჩართულნი". – ჰყვება საქმეში ჩახედული პირი, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მირზაანის სკოლას ისევ ბოქლომი ადევს
სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სოფლის სკოლის შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს, სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა სწავლა ამ დრომდე არ განახლებულა. „1 სექტემბრამდე დაგვპირდნენ, რომ მირზაანის საჯარო სკოლაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდებოდა. საჯარო სკოლა 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო და 150 მოსწავლე მიეღო, მაგრამ სკოლას დღემდე ბოქლომი ადევს და პასუხსაც ვეღარ ვიღებთ“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა. მათივე თქმით, სკოლის გაუქმების შემდეგ სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა, ბავშვები კი ვინც სოფელში ამ დრომდე დარჩნენ, სასწავლებლად მეზობელი სოფლის სკოლაში დადიოდნენ, რომელიც მირზაანიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლოს რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლაში სწავლა მას შემდეგ განახლდება, რაც განათლების მინისტრი შესაბამის დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამ საკითხზე განათლების სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. იმ შემთხვევაში თუ მირზაანის საჯარო სკოლაში სწავლა არ განახლდა, მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას განათლების სამინისტროსთან აპირებს. /ICK/
* * *
პრეს-მდივანის სკამზე მეოცნებე მარტყოფლიშვილის პასუხები ზოგიერთი "არამკითხეთათვის"...
მას შემდეგ, რაც „ქიზიყის“ პორტალზე შთაბეჭდილებების დაფა გაჩნდა, ნაცმოძრაობის აქტივისტები პასკვილებს ელვისებრი სისწრადფით გვესვრიან. თან თაგუნიებივით სხვის სახელს ამოფარებულან და მორალს ისე გვიკითხავენ. ისე გვმოძღვრავენ, თითქოს ჩემსავით სახლში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დიპლომი ედოთ. მამა შვილს ასწავლიდაო, ისეა ამათი საქმეც და აქეთ გვიკიჟინებენ, თურმე როგორ უნდა დაიწეროს სტატიები.
სიმართლე გითხრათ, სხვის ნიღაბს ამოფარებული ადამიანების, მითუმეტეს სააკაშვილის ლაქიების გამო პასუხებას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ რაკი უკვე იმის განხილვაც დაიწყეს რომ მარტყოფლიშვილს ესა და ეს სკამი უნდაო, გადავწყვიტე ერთი-ორი „სმეშნოი“ სიტყვა ამათაც ჩვენებურად ავარტყათ... ვინმე ვაჟბატონი „ვახო“ წერს, „ილიას აბოდებს ისე უნდა ანა ბენაშვილის ადგილი...“ ჯერ ერთი, შენ რა იცი რომ „აბოდებს“, ანდა საიდან ასკვნი რომ ასეა?... რაზეც ილია აბოდებს, ხშირ შემთხვევაში ისრულებს ხოლმე... არარეალურები და ნაკლებად საინტერესო ოცნებები კი მარტყოფლიშვილს ნამდვილად არ აქვს...
მოკლედ: მარტყოფლიშვილს ანა ბენაშვილის ადგილი ვერ ენდომება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის თბილისში მუშაობს, დროის ძირითად ნაწილს თბილისში ატარებს და მუდმივად დედოფლისწყაროში გადასახლებას ვერ მოახერხებს.
მეორეც: იმ თანამდებობების შემდეგ, რაც მარტყოფლიშვილმა ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში გაიარა, გამგეობის პრეს-მდივნის სავარძელი არცთუ ისე საოცნებოა, პირიქით... ერთგვარად დაქვეითებაც კია... ამ ფონზე მისი პოსტი არცთუ მომხიბვლელად გამოიყურება, მით უფრო, რომ მას პრეს-სამსახურიც კი არ ჰქვია და დღემდე სპეციალისტად არის გაფორმებული. და კიდევ: ანა ბენაშვილის ადგილი რომ სდომებოდა, მარტყოფლიშვილი ამ საქმის მოგვარებას რაიონისა და რეგიონის მასშტაბით თუ ვერ მოაგვარებდა, თბილისის ჩარევის შემდეგ მაინც მოახერხებდა თანამდებობის მიღებას... თუმცა, არც უცდია...
იმდღეს, უტიფარმა საკრებულოს დეპუტატმა გელა თეთრაულმა, ლანძღვა-გინების, ყვირილისა და ღრიალის შემდეგ „ქიზიყის“ კორესპონდენტს თამილა გურაშვილს მიაძახა: „ერთი მე გადამეკიდეთ და მეორე ანა ბენაშვილსო. ეტყობა ანას ადგილო უნდაო“ - დაასკვნა ბოლოს. ეგ რანაირი ლოგიკაა, ვერ ვხვდები. თუ ორ კაცს გადავეკიდე, მაინცდამაინც ანას ადგილი რატომ მინდა?... თეთრაულს უფრო მაღალი ხელფასი აქვს და იქნებ იმ ადგილისთვის ვიბრძვი?... მოკლედ, ვისაც ვაკრიტიკებთ ყველას ადგილი გვინდა?... სადამდე წასულა ჩვენი ამბიციები და ვერ ვხვდები-თურმე... ჯერ ერთი, ამხელა კაცს, ამდენი თანამდებობების მოვლის შემდეგ ოდნავ მაინც უნდა ესწავლა ჟურნალისტებთან მოქცევის წესები... ჩემო გელა, რომ დამდგარხარ და ამ ასაკში ჟურნალისტების მისამართით უტიფრად იგინები, არ გეშინია, რომ ეგ შენი ლანძღვა-გინება დიქტოფონზე ჩავიწეროთ და ეგ მახინაციებით ძლივს მიღებული დეპუტატის მანდატიც საერთოდ დაგატოვებინოთ?!...
ისე, მეტის ღირსები ვართ... ახია ჩვენზე... თეთრაულის "საბლატაო" რომ გახდება დედოფლისწყაროში უარესსაც ვიმსახურებთ, (სხვა რაღა უნდა გვიკვირდეს)...
ანდა, „ვითომ ჟურნალისტებიო“ რომ წერთ, პირი გამოირეცხეთ, ზოგიერთებმა...
2005 წელს ილია მარტყოფლიშვილმა თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობით. ხოლო, 2007 წელს მაგისტრატურა. ასეც რომ არ იყოს, მარტყოფლიშვილის კომპეტენცია ზოგიერთების განსასჯელი ნამდვილად არ არის...
ამას გარდა,
ილია მარტყოფლიშვილი CV
2002-2003 წ მუშაობდა ჟურნალ „თბილისელებში“; 2003 წ ჟურნალ „კვირის ბოლოს“ რედაქტორი; 2003 წ დედოფლისწყაროს ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი. 2004-2006 წ გაზეთ „ქიზიყის“ მთ რედაქტორი; 2003-06 ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება „კამბეჩოვანი“-ს დირექტორის მოადგილე; 2004 წ რადიო „უნივერსის“ (103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. 2005 წ „პირველი რადიო“-ს (106.4) საინფორმაციო სამსახრის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, 2005-2007 წ კახეთის რეგიონულ გაზეთ „პროგრესის“ დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი; 2005 წლიდან დღემდე „თავისუფალი გაზეთი“-ს კახეთის ბიუროს რედაქტორი. 2006 წ ჟურნალ „რეალური სამყარო“-ს ჟურნალისტი; 2007 წ გაზეთ „კამარა“-ს ჟურნალისტი. 2007 წლიდან ჟურნალ „ღია ბოქლომი“-ს აღმასრულებელი რედაქტორი 2007 წლიდან დღემდე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ს კახეთის კორ 2007 წლიდან გაზეთ „ვერსია“ს კახეთის კორ 2008 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი 2009 წ დღემდე ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი
საკმარისია ძვირფასებო, თუ კიდევ გავაგრძელოთ... ანდა ნერვებს რატომ იშლით?... თუ არ მოგწონთ და თუ თქვენს გემოვნებას "ქიზიყის" პორტალი ვერ აკმაყოფილებს - ვინ გაძალებთ???... ძალით ვინ გექაჩებათ, სხვა საიტები მონახეთ, სადაც თქვენი დახვეწილი გემოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ. მაგალითად www.unm.ge ზე შებრძანდით და დატკბით ცხოვრებით. ანდა ტელევიზორი ჩართეთ და ნებისმიერ ქართულ არხზე გადართეთ, საინფორმაციო გამოშვებებს დაელოდეთ და მიხვდებით, თუ რა ელვისებური სისწრაფით მიექანება საქართველო აღმშენებლობისა და განვითარებისკენ... ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ... "ქიზიყი" კი თავის საქმეს გაკეთებს და უთქვენოდაც არ უღალატებს პრინციპებს...
და რაც ყველაზე მთავარია: საკუთარ თავთან და საკუთარ სინდისთან ვიქნებით მართლები. ერთადერთ პრინციპს არ დავარღვევთ - ეს იქნება მხოლოდ სიმართლე!!! დანარჩენებმა კი იქილიკონ და გასკდნენ ბოღმით... ღმერთმა ხომ იცის, ვინაა მტყუან-მართალი...
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
კულტურის სამსახური შემოქმედებითად დახუნძლულ შემოდგომას გვპირდება
დედოფლისწყაროში მოქმედ მომღერალ ვაჟთა გუნდ "ხორნაბუჯის" იუბილის აღნიშვნას კულტურის სამსახური უახლოეს მომავალში გრანდიოზულად გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში დედოფლსიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა განაცხადა. იქვე მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: ,,ახლო მომავალში იგეგმება თბილისის "ბავშვთა თეატრის" მოწვევა დედოფლისწყაროში, ასევე, ფართომასშტაბიანად ვგეგმავთ ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელ მომღერალ ვაჟთა გუნდ "ხორნაბუჯის" 30 წლის იუბილის აღნიშვნას. ასე რომ, წინ საინტერესო და შემოქმედებითად დახუნძლული შემოდგომა და არა მხოლოდ შემოდგომა გველის." - აღნიშნა ყოჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. გიორგი ყოჩიაშვილი ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროს კულტურული გამოცოცხლება მალე შეეტყობა. ყველაფრის მიუხედავად, კულტურის სამსახურის ახალი შეფი მიიჩნევს, რომ თეატრების დედოფლისწყაროში მოწვევა აზრს კარგავს, რადგან ადგილობრივების ღირებულებები შეიცვალა და ასეთი წარმოდგენები ნახევრად ცარიელ დარბაზში იმართება. ამ ფონზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრების დაფინანსებისთვის ფულის ხარჯვა ყოჩიაშვილს მართებულად არ მიაჩნია. /ქიზიყი/
საკრებულოში აუქციონის კომისია შეიქმნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამიერიდან ერთით მეტი კომისია იმუშავებს. როგორც ცნობილია, საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა აუქციონის კომისიის შექმნაზე იმსჯელეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ექსკლუზიურად განუცხადა, ახლადშექმნილი კომისია აუქციონზე გასატან საკითხებზე იმუშავებს და ამ კომისიას თავად უხელმძღვანელებს: ,,დებულება უკვე შევუმუშავეთ, მაგრამ კომისიას ოფიციალური მუშაობა ჯერ არ დაუწყია. რეგლამენტის მიხედვით, კომისია 11-დან 13-მდე წევრით უნდა დაკომპლექტდეს. მისი ხელმძღვანელი აუცილებლად საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს, ამდენად, კომისიას მე ვუხელმძღვანელებ. წევრთა ვინაობაზე ახლა მიდის მუსაობა და მათი გვარები მოგვიანებით გახდება ცნობილი." - აცხადებს ბაღაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ინფრასტრუქტურის სამსახურში წითელწყაროს სასაფლაოს სკანდალის ირგვლივ საეჭვოს ვერაფერს ხედავენ
სოფელ წითელწყაროს სასაფლაოზე განხორციელებული შემოღობვის სამუშაოების ირგვლივ სკანდალი აქტიურ ფაზაში გადავიდა. მოსახლეობა თანხების მითვისებაზე საუბრობს და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს, დასახელებული მაღალჩინოსნებიდან ერთ-ერთი მათგანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებს სასამართლოთი ემუქრება, მისი მოგვარე, ავთანდილ თეთრაული რომელიც გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გახლავთ, სამწუხაროდ საღათას ძილს მისცემია და "ქიზიყის" კორესპონდენტის კითხვაზე არცთუ საიმედო პასუხს ამბობს. ჩანს, რომ მოგვარე გელა თეთრაულის გამო არ უნდა, ამ მზაკვრული საქმის დეტალები ამოქექოს... თეთრაულებს თუ არ უნდათ, სამაგიეროდ "ქიზიყს" უნდა და შესაშური ენთუზიაზმით და დიდი სიამოვნებით ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ბოლომდე მივიყვანთ მას.
სხვათაშორის, დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში მიაჩნიათ, რომ თუ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წითელწყაროში განხორციელებული სამუშაოების დროს თანხა გაუხარჯავი დარჩა და ის თუ შპს „დიდოსტატი1“ ის მიითვისა, ან სხვა დედოფლისწყაროელი მაღალჩინოსნები „წილში გაიყვანა“ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. „ქიზიყი“ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში იმის გარკვევას ცდილობდა, სოფელ წითელწყაროში ახალი სასაფლაოს შემოღობვის დროს, კონკრეტულად რომელი სპეციალისტი ადევნებდა თვალყურს. მოკვლევისას საკმაოდ უცნაური პასუხები მივიღეთ. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა დავით ფხოველიშვილმა „ქიზიყთან“ საუბარში განაცხადა, რომ თუ მას მეხსიერება არ ღალატობს, შესაძლოა კონკრეტულად ამ სამუშაოებზე თავად იყო მიმაგრებული. „რა ვიცი, მე მგონი მე ვიყავი... ზუსტად აღარ მახსოვს, ბევრი სამუშაო იყო და ახლა ვეღარ ვიხსენებ. დრო გავიდა და აღარ მახსოვს... ალბათ მე ვიყავი - აცხადებს სპეციალისტი დავით ფხოველიშვილი.
- ალბათ, რას ქვია?... ჩვენ გვაინტერესებს იყავი თუ არა?...
- მგონი კი...
- აქ პრეტენზიები აქვს მოსახლეობას და თუკი თანხები „მოიტეხა“ და მაღალჩინოსნებმა მიითვისეს, პასუხი ვინ უნდა აგოს?...
--საგანგაშო არაფერია... მერე რა მოხდა... სამშენებლო მასალები კი აჩუქეს, მაგრამ ისა... დარჩენილი ფული იმ შპს-ს დარჩეს, რა მოხდება, ამაში უცნაური რა არის...
-- რა უცნაურად მსჯელობთ... საჯარო მოხელე ხართ და ნუთუ უცნაურს ვერაფერს ხედავთ, რომ საპრეზიდენტო პროგრამით გამოყოფილი ფული კერძო შპს-მ ჯიბეში ჩაიდოს? -- რა მოხდა მერე...
-- რა რა მოხდა, თუ მეწარმეებმა ქველმოქმედება გასწიეს და სოფელს დაეხმარნენ, თუ მასალა სოფელს აჩუქეს კერძო ორგანიზაციამ რატომ უნდა ისარგებლოს - გაუგებარია.... უფასოდ აშენება თუ შესაძლებელი იყო, ეს სამუშაოები ისეც ჩაგეტარებინათ და სოფლის პროგრამის თანხით კი სხვა პრობლემა მოგეგვარებინათ... ზედმეტი მოუვიდოდათ წითელწყაროელებს თუ, რას ფიქრობთ?...
- არ ვიცი... არ ვიცი... გასაკვირი რა ნახეთ, თანხები თუ დარჩა და შპს-ს შერჩა, ეს მისთვის განკუთვნილი ფული იყო..." - აცხადებს ფხოველიშვილი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურის სამსახურში ტყემალზე სხედან და ბალის კურკებს ისვრიან... სხვათაშორის, ფხოველიშვილი ისე თავგამოდებით ცდილობდა ამ შპს-ს გამართლებას და დაცვას, რომ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, დარჩენილი თანხიდან წილში ისიც გაეყვანათ და თამასუქები მისთვისაც მიეცათ. სხვაგვარად, ასე აბდაუბდა პასუხებს არ გაგვცემდა, ასეთ ტუტუცურ შეფასებებს არ გააკეთებდა და თავს კომიკურ ვითარებაში არ ჩაიგდებდა. საჯარო მოხელესთვის ეს კომენტარი მართლაც რომ შეუფერებელი და სამარცხვინოა, ამას მტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რატომ ცდილობს ფხოველიშვილი ასე თავგამოდებით თავის მართლებას და მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას?... იმედია, მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებს სულ მალე გაეცემა პასუხი... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი