понедельник, 31 января 2011 г.

პროკურატურამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება დაასრულა

სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძღულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურორ დავით დუღაშვილის განცხადებით, პროკურატურა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს და შედეგი წერილობითი ფორმით დაზარალებულ მხარეს ეცნობება.

სს საქმე, საჯარო მოხელის მხრიდან, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილზე 2010 წლის 17 დეკემბერსგანხორციელებულ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე აღიძრა. ღარიბაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს და შეფასებებს პროკურატურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გააკეთებს. მარტყოფლიშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ ურჩი რწმუნებულის დასჯის იმედი არც პროკურატურის მხრიდან აქვს და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ელის რეაგირებას.

როგორც ცნობილია, პროკურატურის შედეგების დადებისთანავე შესაბამის რეაგირებას გეგმავს კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. თავის მხრივ, დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც პირობას დებდა, რომ რეაგირებას გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

* * *
დედოფლისწყაროში შადრევანის მშენებლობას ოპოზიცია აფასებს

შადრევანის მშენებლობისთვის დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარის გამოყოფის ფაქტს ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ეხმაურებიან და მწვავე შეფასებებს აკეთებენ.

ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორი დედოფლისწყაროში): ,,დედოფლისწყაროში გაჭირვება და საყოველთაო სიდუხჭირე რომ არის, ასეთ ვითარებაში არცერთი რაიონი არ მეგულება. ასეთ დროს ხალხს პირიდან ლუკმა გამოაცალო და ქალაქის ცენტრში შადრევნები ააგო, ბრიყვული საქციელი იქნება... ცხადია, გაუმართლებლად მიმაჩნია. დედოფლისწყაროში შადრევანის გახსნის შესახებ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რადიო "ჰერეთის" ეთერში მოვისმინე... უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სოციალურ პაკეტს დამატებოდა და ისევ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს მოხმარებოდა. დედოფლისწყაროში არსებობის პრობლემა ბევრს აქვს, ასეთი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ".

სოსო ბეჟანიშვილი (ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი): ,,17 000 ათასი შადრევანისთვის?... /იცინის/ როგორც სჩანს, ხალხს შადრევნები მოსწონს. ნაციონალური მოძრაობა ხალხის არჩეულია, მათი კურსი კი ასეთია და ამ გზით მიდიან. რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა ამ გუნდს გამოუცხადა, მათი ნაბიჯებიც აღარ უნდა გაუკვირდეთ".
"ქიზიყი" კომენტარისთვის საკრებულოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატსაც დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქრისტიან-დემოკრატების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გოდერძი აბულაშვილი შადრევანის მშენებლობაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.

გოდერძი აბულაშვილი: ,,ზედმეტი კომენტარებისგან თავს შევიკავებ!... მიმაჩნია, რომ შადრევანი დედოფლისწყაროს იერსახეს გაალამაზებს. თუმცა, კარგი იქნება, რომ დედოფლისწყაროში სოციალური ფონიც შედარებით გაუმჯობესდეს. მთავარია ხაზი გატარდეს სწორად"...

ამ საკითხზე რესპუბლიკელების ადგილობრივი ორგანიზაციის პოზიციის მოსმენაც გვსურდა, თუმცა "ქიზიყი" ორდღიანი მცდელობის მიუხედავად ვერცერთ მათ წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში, რომელიც სულ ახლახან განახლდა, შადრევანი გაკეთდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შადრევანისთვის შესაბამისი ადგილი უკვე გათვალისწინებულია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარი გამოიყოფა. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა.

ჯერ უცნობია, რომელი ორგანიზაცია განახორციელებს შადრევნის სამონტაჟო სამუშაოებს, თუმცა, რიგით პირველი შადრევანი დედოფლისწყაროს სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ექნება. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ ფანტანი ქალაქს მნიშვნელოვნად დაამშვენებს და ახალგაზრდობის დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 28 января 2011 г.

ადგილობრივი ბიუჯეტი 1 მილიონზე მეტით გაიზარდა, სოც-პაკეტი კი 60 ათასი ლარით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლის პირველი სხდომა 28 იანვარს გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა. განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის გაზრდისა და სათნოების სახლების გაერთიანების საკითხი. ითქვა, რომ სოციალური პაკეტიც გაიზრდება.
სხდომის დასაწყისში ლევან ბაღაშვილმა აღნიშნა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი კიდევ 1 001 100 ლარით გაიზარდა, რის გამოც დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. ამ ეტაპზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 3 744 600 ლარი შეადგინა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კვლავაც ბიუჯეტის ზრდის მოლოდინშია.

დამატებითი თანხები სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილდა. "ქიზიყის" ინფორმაციით, 5 100 ლარი სახანძრო სამსახურს დაემატება. ბაღაშვილი ამბობს, რომ ამ თანხით მეხანძრეებისთვის ინვენტარისა გათბობის ხარჯები დაიფარება. მისი თქმით, შარშან, კორპუსების გადახურვის დროს დაჯარიმებული კომპანიის მიერ გადახდილი თანხით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვა წელსაც გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის შესასვლელში განთავსებული აბრის შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000 ლარი გამოიყოფა, რომელზეც შესაბამისი მეთვალყურეობა განხორციელდება და აბრა და მასზე განთავსებული წარწერა პერიოდულად მოწესრიგდება. 6 400 ლარით გაიზარდა პრესის მომსახურებისთვის განკუთვნილი ხარჯები.

შიდა გზების რეაბილიტაციის თანხას 405 ათასი ლარი დაემატება. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა თამარ მათეშვილმა სხდომაზე დეპუტატებს აუწყა, რომ 2010 წელს ბიუჯეტის შემოსულობებმა დაგეგმილს ბევრად გადააჭარბა და საბოლოო ჯამში 144% შეადგინა. დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

,,დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც დედოფლისწყაროში მოქმედ სათნოების სახლებს ჰქონდათ სხვადასხვა სახელი. მოგეხსენებათ, შესყიდვების კანონებში ცვლილებებია შესული. უკვე დაფიქსირდა პრეცენდენტი, როცა ამ კანონის გამო კახეთში რამდენიმე სათნოების სახლმა დროებით მუშაობა შეაჩერა და მიუსაფარი მოხუცები ერთი თვით საკვების გარეშე დარჩნენ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა, დედოფლისწყაროში სათნოების სახლები გაერთიანდეს. დედოფლისწყაროში სათნოების სახლი სავანე გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდებოდა, ამ ბოლო დროს კი ნელ-ნელა ყველანაირი დახმარება შეუწყდათ. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათზე მზრუნველობა მთლიანად იკისრა, რადგან 200-მდე უმწეო საკვების გარეშე არ დარჩეს," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკითხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ,,დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ, რომელიც ერთხმად მიიღეს. დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დანიშნავს, მისი ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თებერვლის თვეში დედოფლისწყარო სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კიდევ 355 000 ლარს მიიღებს, რის გამოც ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება. ლევან ბაღაშვილმა სოფლის მაჟორიტარებს მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტისკენ მოუწოდა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სოფლის პროგრამით შესასრულებელი სამუშაოები და სოფლის მაცხოვრებლების მიერ არჩეული პრიორიტეტები მაქსიმალურად ღია და საჯარო უნდა იყოს და მაჟორიტარებს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
კვლევამ დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებული ეკომიგრანტების რთული ვითარება დაადასტურა

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დაკვეთით, აჭარიდან კახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევამ მოიცვა სოფლები: ჰერეთისკარი, არეშფერანი (ლაგოდეხის რაიონი); სამთაწყარო (დედოფლისწყაროს რაიონი); ქორეთი (ახმეტის რაიონი). გამოიკითხა 120 რესპონდენტი.
კითხვაზე, რა სტიქიური მოვლენების შედეგად მიიღო დაზიანება თქვენმა სახლმა ან საკარმიდამო ნაკვეთმა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მეწყერი - 71%, უგზოობა და გარესამყაროსგან მოწყვეტა - 14%, ზვავი - 6%, ღვარცოფი - 2%. ამჟამად, დაზიანების მიხედვით, პირველი კატეგორია მინიჭებული აქვს 34%–ს, მეორე – 12%–ს. აღსანიშნავია, რომ 49%–მა საერთოდ არ იცოდა, თუ რომელი კატეგორიას ექვემდებარება მისი სახლი.
ეკომიგრანტები ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა წლებში ჩასახლდნენ. უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი გასახლება მართლაც ერთადერთი გამოსავალი იყო და სხვა ალერნატივა არ არსებობდა. გასახლებისას 58%–ს ხელისუფლებამ სახლის შესყიდვა შესთავაზა, 9%–ს დახმარება სახლისა და საოჯახო მეურნეობის მოწყობაში, 3%–ს საკარმიდამო ნაკვეთის შესყიდვა,16%–არაფერი.

გასახლებულებიდან 79% ამბობს, რომ მათ არ ჰქონიათ გასახლების ადგილის არჩევის შესაძლებლობა. 16%–ს ამის შანსი მიეცა. უმეტესობის თქმით, არჩევანის შემთხვევაში ისინი ბათუმში გადასახლდებოდნენ. უფრო ნაკლებმა გამოთქვა სურვილი, ისევ თავისსავე რაიონში დასახლებულიყო.

კითხვაზე: შესრულდა თუ არა ყველა ის პირობა, რაც განსახლებისას თქვენსა და სახელმწიფოს შორის არსებობდა, 47%–მა უარყოფითად უპასუხა, 21%–მა – დადებითად, ყველა დანარჩენმა კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ გასახლებულთა დიდი უმეტესობა ამტკიცებს, რომ სახლები, რომლებიც მათ დახვდათ ცუდ ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამჟამად სახლებს დაზიანებული აქვს კედლები, სახურავი, საძიკველი. 13% ამბობს, რომ მისი სახლი საცხოვრებლად საერთოდ უვარგისია. 51%–მა მთავრობას უკვე მიმართა დახმარებისათვის, მათგან ბევრმა ოფიციალური წერილით. უმეტესობა ფულად კომპენსაციას, ზოგი კი სახლის აღდგენას ითხოვს. 63%–ს თქმით, განსახლების შემდეგ მათ მთავრობა არაფრით დახმარებია, 32% კი მათ შორისაა, ვინც დახმარება ასე თუ ისე მაინც მიიღო.

გარდა იმისა, რომ უვარგის სახლებში ცხოვრობენ, ეკომიგრანტების უმეტესობა დასაქმებულიც არ არის. გამოკითხულთა 46%–ის ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება.

თეა თოფურია კახეთის საინფორმაციო ცენტრი


* * *
დედოფლისწყაროში ორი სათნოების სახლი გაერთიანდება

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ქალაქ დედოფლისწყაროში მოქმედი ორი უფასო კვების ობიექტის გაერთიანებას გეგმავს. ამ კუთხით მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება, ამის თაობაზე ინფორმირებულია ორივე სახლის ხელმძღვანელიც. გაერთიანების იდეას "ქიზიყთან" საუბარში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებენ. უკვე ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკითხის განხილვა ოფიციალურად დაიწყო.

საკრებულოს 28 იანვრის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დედოფლისწყაროს სათნოების სახლის შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ, რომელსაც დეპუტატები კენჭს უყრიან.

"ქიზიყის" ინფორმაციით, შესაძლოა, ორივე კვების ობიექტმა თავისივე შენობა შეინარჩუნოს და მუშაობა კვლავაც ცალ-ცალკე განაგრძოს, თუმცა ისინი ერთიანი მმართველობის ქვეშ მოექცევიან, საერთო ხელმძღვანელი ეყოლებათ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთიანი თანხით დაფინანსდებიან.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პრეტენზიები ჰქონდათ საკვების ხარისხთან დაკავშირებითაც. ბენეფიციართა უმრავლესობა სათნოების სახლ "სავანეში" ჩაწერას ითხოვდა და საკვების უფასო სასადილოში მიღებაზე უარს აცხადებდა. ცნობილია, რომ "სავანე" და მისი პერსონალი დადებითი რეპუტაციით სარგებლობს, ნაციონალური სასადილო კი სკანდალების ობიექტი ხშირად გამხდარა. საკვების უკმარისობასა და უხარისხობაზე ნაცმოძრაობის სასადილოს ბენეფიციარები ხშირად წუხდნენ და პერსონალს უხეშ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. იყო შემთხვევები, როცა ერთიდაიგივე მოქალაქე ორივე სახლის კვებით სარგებლობდა. მათი გაერთიანება კი ამგვარ ხარვეზებს დაარეგულირებს.

სათნოების სახლი "სავანე" დედოფლისწყაროში 1997 წელს პარლამენტარ ლაერტ ზუბადალაშვილის თაოსნობით დაფუძნდა, ხოლო 2006 წელს კულტურის სახლის შენობაში ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილო გაიხსნა. ორივე მათგანში ყოველდღიურად 180-ზე მეტი ბენეფიციარი სადილობს. მეორე წელია სათნოების სახლ "სავანეს" გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები შეუწყდა, რის გამოც საქველმოქმედო სახლი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. თავდაპირველად "სავანე" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარით ფინანსდებოდა, შემდეგ კი დახმარებების შემცირებასთან ერთად მისი სრული დაფინანსება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მეორე არხის ჟურნალისტებმა რეპორტაჟი გამგებლის მოადგილის მითითებით მოამზადეს

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები 27 იანვარს ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის თანდასწრებით აწარმოებდნენ. ამ ფაქტმა თავად გამოკითხულებსა და რიგით გამვლელებში უცნაური შეფასებები გამოიწვია.

მომხდარს გამოეხმაურნენ და უარყოფითი შეფასება გააკეთეს რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელე ჟურნალისტების მუშაობის დროს თან არ უნდა დაჰყვებოდეს:

,,როცა ჟურნალისტი ჩინოვნიკის თანხლებით ატარებს საზოგადოების გამოკითხვას, ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ჟურნალისტი ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ იმთავითვე არ უნდათ, რომ რესპონდენტებისგან კრიტიკული მოსაზრებები მიიღონ. როგორც წესი, ჩინოვნიკების თანდასწრებით რესპონდენტები არ არიან ხოლმე ისეთი გახსნილები და გულწრფელები, როგორც მათ გარეშე," - განაცხადეს ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მიერ დედოფლისწყაროს ქუჩებში ჩაწერილ მოქალაქეებს მოგვიანებით "ქიზიყი" დამატებით გაესაუბრა. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ტელეჟურნალისტებთან საუბარში გულწრფელები არ ყოფილან და არც მათ რეალურ პრობლემებზე უსაუბრიათ: ,,მათთან საუბარს აზრი არა ჰქონდა. თან, ეს რა წესია, გამგებლის მოადგილე დაჰყვებოდათ და ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს ვინ დააფიქსირებდა. თავისუფლად ვერ ვისაუბრეთ," - განაცხადეს მარინა ფიროსმანაშვილმა, მარინა ჩიტიშვილმა და სხვებმა.

თავად ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ "ქიზიყთან" კომენტარების გაკეთების სურვილი არ აქვს, ამდენად, მისი მოსაზრება ვერ მოვისმინეთ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სასამართლომ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა

დედოფლისწყაროს სასამართლომ გასული წლის 26 სექტემბერს მიკრორაიონის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, ხულიგნობისთვის ბრალდებულებს, სოფელ წითელწყაროში მცხოვრებ 1994-95 წლებში დაბადებულებს, ალექსანდრე და გიგი გიგაურებს გირაოს სახით 3 000 - 3 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, თანხის გადახდისთანავე ისინი საპატიმროებს დატოვებენ.

ამას გარდა, 16 წლის მამუკა ხიზანიშვილს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა დაევალა. ინციდენტში დედოფლისწყაროს პროკურატურის პროკურორის, დავით დუღაშვილის უმცროსი შვილი მარიამ დუღაშვილიც მონაწილეობდა. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა პროკურორის ქალიშვილს სტადიონზე ბურთის თამაშის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შეხლა-შემოხლის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეტექტივ-გამომძიებელი გოგიტა ათანელიშვილი, მან არასრულწლოვან გიგი გიგაურს ხელი გაარტყა, რომელსაც ცხვირიდან სისხლი წასკდა. თუმცა, გამოძიებას ეს გარემოება არ გაუთვალისწინებია.

გამომძიებელი ათანელიშვილი "ქიზიყთან" საუბარში ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს ის სტადიონზე იმყოფებოდა და აღიარებს, რომ არასრულწლოვანებს მართლაც აგინებდა, თუმცა სამართალდამცველი ხელის გარტყმას უარყოფს.

არასრულწლოვანების მშობლები გამოძიების არაობიექტურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რადგან საქმეში პროკურორის შვილი და დისშვილი ფიგურირებდნენ, საქმე ისე შეკერეს, როგორც აწყობდათ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

пятница, 21 января 2011 г.

გამგეობის თანამშრომლის დედამ „უფასო სასადილოში“ ინვალიდი დაჭრა

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თამრიკო ფოცხვერაშვილმა, ინვალიდ შოთა კოპლატაძეს ჭამის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საკვებით სავსე ქილები ესწოლა - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყიდან" აცნობეს.

კოპლატაძე სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობებით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ქირურგმა გოგიტა სეხნიაშვილმა განაცხადა, პაციენტს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც უკვე დამუშავდა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური ამბობს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სასადილოში ბოლო თვეების მანძილზე ინციდენტის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. თამრიკო ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის გია ფოცხვერაშვილის დედაა. 2010-02-15

16 წლის უშანგი იუშჩენკოს ნახევარი ტომარა ნარკოტიკი აღმოუჩინეს

დედოფლისწყაროს პოლიციამ არასრულწლოვანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოუჩინა - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყიდან" აცნობეს.

დაკავებულია სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები 16 წლის უშანგი იუშჩენკო.
შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოზარდს ნახევარი ტომარა მარიხუანა აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გურჯაანში გადაიგზავნა.

არასრულწლოვანის ოჯახი პოლიციის ბრალდებებს უარყოფს. დაკავებულის ბებია ლოლა იონენკო აცხადებს, რომ უშანგის ნარკოტიკთან შეხება არ აქვს და მოზარდს ტომრით ბალახი საქონლისთვის მიჰქონდა. - 2009-11-27 05:54:00

воскресенье, 9 января 2011 г.

რა მიზნით მოკლეს 69 წლის ქალი და სად გაქრა ფულით სავსე ქისა, რომელიც ღვედაშვილს ძილის დროსაც კისერზე ეკიდა

2003 წლის 20 აპრილს, ღამის 23:30 საათზე დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სხვათაშორის პოლიციის შენობის წინ მდებარეობს, შემზარავი მკვლელობა მოხდა. სიღნაღელ მანიაკად წოდებულმა 30 წლის შალვა შაიშმელაშვილმა 69 წლის პენსიონერი, მზესუმზირის გამყიდველი ქეთევან ყანჩაშვილი-ღვედაშვილი სასტიკი წამებით სიცოცხლეს გამოასალმა. უკვალოდ გაქრა ქისა, რომელსაც ღვედაშვილი კისრიდან ძილის დროსაც არ იხსნიდა. მოხუცი შვილის სანახავად ქისაში ფულს დიდხანს აგროვებდა.

"თავისუფალი გაზეთი"-ს ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი გაჭირვების გამო, ბოლო დროს, საკუთარი სახლის რამდენიმე ოთახს აქირავებდა. ბინაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებიც ათევდნენ ღამეს. იგი ქუჩაში მზესუმზირას ყიდდა, ფულს კი თავისი მკვლელობისთვის ძებნილი შვილის, ბორის ყანჩაშვილის სანახავად აგროვებდა. ამ დროისთვის ბორის ყანჩაშვილი 20 წლის კახა სეფიაშვილის (ზაქიჩი) მკვლელობისთვის 4 წელი მიმალვაში იმყოფებოდა. ის ახლაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება.

2003 წლის 12 აპრილს ღვედაშვილთან ღამის გასათევად დედოფლისწყაროელ ტაქსის მძღოლს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მიუყვანია. მანამდე რამდენიმე ოჯახში იყვნენ, მაგრამ სასტუმროს მეპატრონეებმა, ალბათ, საეჭვო პირად მიიჩნიეს და მისი ბინაში მოთავსება არ ისურვეს.

სტუმარი ღვედაშვილს ლევანად გაეცნო და ურთიერთობაც მალე დაამყარა. ერთმანეთს თავისი თავგადასავლებიც კი უამბეს. ღვედაშვილმა ლევანის ისიც კი გაუმხილა, რომ შვილი ჰყავდა ძებნილი. როგორც მეზობლები ვარაუდობენ, ლევანს მისთვის შვილის მოძებნაში დახმარება შეუთავაზებია. ამიტომ, ღვედაშვილს ლევანი მეზობლებთან კარგად დაუხასიათებია. მისთვის რამდენჯერმე ფულიც კი მიუცია, რითიც ლევანს ლუდი და პროდუქტები შეუძენია.

სანდო წყაროს ცნობით, გარდაცვლილ ქეთევან ღვედაშვილს ყელზე სტაფილოსფერი ნაჭრისგან შეკერილი ქისა ჰქონდა ჩამობმული, რომელშიც, ლევანის სტუმრობის პერიოდში დანაზოგის სახით 1 200 ლარი ყოფილა.

მეზობლები ადასტურებენ, რომ მისი ქისის არსებობა ლევანს დაწვრილებით ეცოდინებოდა, რადგან ღვედაშვილი ქისას ყელიდან ღამითაც არ იხსნიდა. მათ სტუმრის ქეთოსთან ყოფნის პერიოდში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, რომ არა მათი 5 დღიანი გაუჩინარება 15 აპრილიდან. მათი გაუჩინარების შესახებ არავინ არაფერი იცის. ღვედაშვილის ხუთდღიან გაუჩინარებას მისი ერთი ქათმის მიერ დადებული ხუთი კვერცხიც ადასტურებს. მეზობლები ამბობენ, რომ საღამოს სახლში მოსვლისთანავე ღვედაშვილი კვერცხს იღებდა. ანუ, 5 დღის განმავლობაში ის შინ არ მისულა და კვერცხებიც ადგილზე ამიტომ ეწყო. ეს ფაქტი პროკურატურამაც დააფიქსირა.

ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს, რომ ღვედაშვილი 20 აპრილს, საღამოს შინ იმყოფებოდა. ის აშკარად ვიღაცას ელოდებოდა - მე რომ მოვდიოდი, მან ფანჯრიდან გადმოიხედა, ჩემი დანახვისას სახე შეეცვალა და შიგნით შებრუნდა. მცირე ხნის შემდეგ, იგივე მეზობლის გამოსვლისას ღვედაშვილს აღარ გამოუხედავს. ის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ხსნის, რომ ქალმა ამ დროისთვის, ალბათ უკვე მიიღო ვინმე. თუმცა, მეორე მეზობლის ნათქვამიც იგივეს ადასტურებს, რომ მაშინ, როდესაც მეზობელი სადარბაზოში შედიოდა, უკან ორი ადამიანი მიჰყვებოდა. მეზობელი გარედან უყურებდა, როგორ შევიდნენ ღიად დატოვებულ, უბრალოდ მიხურულ ღვედაშვილის კარში უცნობები. ყოყმანის შემდეგ მეზობელმა გამოიხედა და ღვედაშვილის კარს მიაწვა, თუმცა უკვე დაკეტილი აღმოჩნდა. ის მეზობელი ამჟამად აცხადებს არაფერი ვიციო.

იდუმალი ღამის შემდეგ ქეთო მოიკითხეს, მაგრამ ვერ ნახეს. მეზობლებმა მის შვილს, რომელიც დედოფლისწყაროში ოჯახთან ცალკე ცხოვრობს, აცნობეს - მერამდენე დღეა დედაშენი არსად ჩანსო. პენსიონერის ვაჟი, ბესიკ ყანჩაშვილი მაშინვე მოვიდა, კარი რომ დაკეტილი დახვდა ფანჯარა გატეხა. ლოჯი და მისაღები წესრიგში იყო, თუმცა საწოლ ოთახში საშინელება იხილა. ქეთევან ღვედაშვილი პირქვე, იატაკზე ეგდო, ხელები შეკრული ჰქონდა. ფეხები კაპრონის თოკით გაკვანძული, ზემოთ აწეული და გაჭიმული, ყულფი კი ყელზე ჰქონდა მოდებული. (ეს მხოლოდ პროფესიონალების ილეთია. თუ გათიშული გონზე მოვა, ის მაშინვე კუნთს გაამოძრავებს. ამ მომენტში კი ყულფი გაინასკვება და მისი ხვედრი მაინც ტრაგიკული სიკვდილი იქნება).

მოკლულის ვაჟმა მაშინვე პოლიციას აცნობა. ოპერატიული ჯგუფი გელა ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ექსპერტებმა ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს. ნამუშევარი სუფთა იყო, კვალი არსად ჩანდა. მკვლელებს მოხუცისთვის ყვირილის საშუალებაც არ მიუციათ. ხელთათმნიანი ხელი პირზე აუფარებიათ და თავში ბლაგვი საგანი ისე ურტყეს, თავის ქალა მთლიანად ჩატეხილი ჰქონდა. მეზობლებმა მაშინვე მისი მდგმური მოიკითხეს, თუმცა ის აღარსად ჩანდა.

პოლიციამ გაუჩინარებული მდგმურის ვინაობა მალე დაადგინა. ის სიღნაღელი აღმოჩნდა. 30 წლის მრავალცოლნაყოლი, ორჯერ ნასამართლევი, საშიში დამნაშავე შალვა შაიშმელაშვილი. ის თანმხლებ პირთან ერთად თელავი-დედოფლისწყაროს ავტობუსს 20 აპრილს თელავის ერთ-ერთი სოფლიდან გამოჰყოლია. სავარაუდოდ, მას მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული, რადგან კვალის არევის მიზნით ჯერ გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ჩამოვიდა და დაბა წნორის მოვლით დედოფლისწყაროში დაბრუნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, შეგროვებული თანხა მდგმურად ყოფნის პერიოდშივე გამოართვა და გაუჩინარდა. იმ ხუთი დღის მანძილზე სავარაუდოდ, ღვედაშვილი ლევანს ეძებდა და მიაგნო კიდეც. მან მოხუცი იმ პირობით გამოისტუმრა, რომ ფულს 20 აპრილს საღამოს შინ მიუტანდა. სწორედ ამიტომ ელოდა ქეთო თავის მდგმურს მოუთმენლად. ღვედაშვილი სასტიკი წამებით მოკლეს - ფულის ქისა კი უკვალოდ გაქრა.

დედოფლისწყაროში ღვედაშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე და მკვლელობის დღიდან 10 დღის შემდეგ, მსგავსი მეთოდებით წამების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, მაშინ პოლიციას არცთუ ნაყოფიერად უმუშავია...

დათო ხიდაშელი /თავისუფალი გაზეთი/

пятница, 7 января 2011 г.

საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, შობა კაფე "დიდნაურში" ტაშ-ფანდურით აღნიშნეს

6 იანვარს 16:15 წუთზე დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაფე "დიდნაურში" გრძელი სუფრა შევნიშნეთ. აღმოჩნდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შობა-ახალ წელს აღნიშნავდნენ. ჩვენი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თვითმმართველობაში დასაქმებული 50-მდე ადამიანი სამუშაო საათებში ილხენდა, გამგეობიდან კი სოციალურად დაუცველი რამდენიმე მოქალაქე უკმაყოფილო იმ ფაქტით გამოვიდა, რომ სათანადო პასუხი ვერავინ გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ "ქიზიყმა" ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, გადავწყვიტეთ, მაინც სუფრაზე მჯდარი მაღალჩინოსნების მოსაზრებაც მოგვესმინა. საჯარო მოხელეებს მყუდროება არ დავურღვიეთ, გართობაში ხელი აღარ შევუშალეთ და კომენტარისთვის მეორე დილით დავუკავშირდით.

ალექსანდრე ალუღიშვილი (გამგებლის მოადგილე): ,,სამუშაო საათებში არ შევკრეფილვართ... ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საათები ოდნავ, 17:30 წუთამდე შევამცირეთ და მისი დასრულების შემდეგ შობა მეგობრებმა ერთად აღვნიშნეთ...
-- ანუ, გამგეობა მეგობრებით არის დაკომპლექტებული?... კი, მაგრამ, მე კაფე "დიდნაურში" გაშლილ გრძელ სუფრასთან თითქმის ყველა საჯარო მოხელე ჯერ კიდევ 16:15 წუთზე შევნიშნე და სამუშაო საათები დასრულებული რანაირად იყო?...
-- არა, არა... სამუშაო საათები აღარ იყო...
-- ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს... ჩემი თვალით დაგინახეთ და საათიც ზუსტად დავაფიქსირე... დაახლოებით 16:15 საათზე უკვე სმა-ჭამა იყო გაჩაღებული...
-- არა, არა... საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენთან იყო, გამგებელი ნამდვილად არ ყოფილა, ზუსტად ამ დროს თელავში იყო საქმეზე წასული.

ლალი ზურაშვილი (გამგეობის სოც-სამსახურის სპეციალისტი): ,,ახალ წელს გამგეობის თანამშრომლები ერთად არ შევკრეფილვართ და ახლა ამიტომ შობას დავამთხვიეთ და ერთად აღვნიშნეთ. შობის დღესასწაული ვიზეიმეთ და ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ".

მაკა მენთეშაშვილი (გამგებლის მდივანი): ,,სამუშაო საათები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით გამგეობაში 17:30 წუთამდე შემცირდა. მე 6 იანვარს სტუმარი მყავდა და სამსახურიდან სახლში ცოტა ადრე წავედი. დიდნაურში სუფრაზე არ ვყოფილვარ, არაფერი ვიცი"...

ნინო ჩოხელი (გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი): ,,მიზერული თანხა მოვაგროვეთ, სუფრაზე კი 6-საათზე დავსხედით. მეგობრები შევკრიფეთ და ერთმანეთს შობა ახალი წელი მივულოცეთ.
-- სხვას რომ ეთქვა დაგიჯერებდით, მაგრამ საკუთარი თვალით დაგინახეთ... ჯერ 5 საათიც არ იყო, უკვე ყველა სუფრასთან იჯდა...
-- რა ვიცი... თუნდაც 1 საათით ადრე გავსულიყავით, რა მოხდა მერე... რაა, არ შეიძლებოდა შობა აღგვენიშნა? ეგ რა დასაწერი თემა???...
-- აღნიშვნა შეიძლება, მაგრამ არა მგონია, სამუშაო საათებში დასაშვები იყოს, თანაც მოქალაქეთა ნაწილი მაღალჩინოსნების გამგეობაში გამოჩენას კვლავაც უშედეგოდ ელოდა...
-- ლევან ჯამალაშვილს ველოდებოდით... ისე, ამ დროს სოციალური სამსახური დაკეტილი არ იქნებოდა. როგორც ვიცი, გოგიტა რობიტაშვილი და მაია პაპაჩაშვილი იქ იყვნენ და თუ ვინმე მივიდოდა, მოქალაქეებს ისინი მოემსახურებოდნენ".

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაო საათებში საჯარო მოხელეთა ტაშ-ფანდურის პარალელურად დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ შენობაში უკმაყოფილო მოქალაქეები უშედეგოდ ილოდებოდნენ. "ქიზიყი" საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან უყურადღებოდ დარჩენილ ადამიანებსაც გაესაუბრა:

ზურაბ მოსულიშვილი (სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული): ,,გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მინდა ვნახო, მაგრამ ადგილზე არ არიან და უპასუხოდ მივდივარ. არადა, სიარული მიჭირს და არ ვიცი კიდევ მოსვლას რანაირად მოვახერხებ. რამდენი ხანია გამგეობის შენობაში უშედეგოდ ვილოდები. ახალგაზრდა მეუღლე ახლახან დამეღუპა, ორი შვილი უმუშევარი მყავს. შეშას არ მაძლევენ და ამ საკითხის გარკვევა მინდოდა, მაგრამ პასუხი ვერავისგან მივიღე"... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
დედოფლისწყაროს სასამართლოში თანამშრომლები შეამცირეს

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში შემცირება დაიწყო, თანამშრომლების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმაც დაუდასტურა. კახეთის რაიონულ სასამართლოებში თანამშრომლები 3 იანვარს გაათავისუფლეს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე. სამსახურის გარეშე დარჩნენ კანცელარიის უფროსი, მოსამართლის თანაშემწე, მდივანი, და მანდატური.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ამიერიდან დედოფლისწყაროს სასამართლოში მხოლოდ მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი და 1 მანდატური გააგრძელებენ მუშაობას.

როგორც ცნობილია, მასობრივი შემცირებები განხორციელდა გურჯაანისა და ახმეტის რაიონულ სასამართლოებშიც. თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზების შესახებ დეტალების დაზუსტება და კომენტარის გაკეთება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ისურვეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მეეზოვეების სამსახურში აღდგენის საკითხი ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს სერვისი 2007-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი უკვე გაათავისუფლა. თანამშრომლების ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან მთლიანად დაითხოვეს. ისინი გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
შპს "სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი "ქიზიყთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირება არ მომხდარა. ყოჩიაშვილი დასძენს, რომ თანამშრომლებს ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ:
,,არანაირი კადრების შემცირება არ მომხდარა. ყველა თანამშრომელს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ამ ეტაპზე ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. შესაბამისად ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულად ითვლება. ახალ ხელშეკრულებებს ჯერ ვერ გავუფორმებთ, რადგან მუნიციპალიტეტმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი ტენდერი და თუ ამ წელსაც ტენდერში ჩვენი ორგანიზაცია გაიმარჯვებს, მაშინ გადაწყდება თანამშრომელთა აღდგენისა თუ შემცირების საკითხი," – აცხადებს ზურაბ ყოჩიაშვილი.
ცნობილია, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დროებით ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ და ანაზღაურებას უნახევრებენ. შესაძლოა, წელს კადრების შემცირებაც განხორციელდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის ნასყიდა ჟიჟიაშვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას კახეთის რეგიონალური რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.
როგორც "ჰერეთს" სოფელ ზემო ქედიდან აცნობეს, შემთხვევა სააბაზანოში მოხდა. წყლის ელექტრო გამაცხელებელმა წყალზე დენი გადაიტანა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

среда, 5 января 2011 г.

კახეთში საჯარო მოხელეების ატესტაციას არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ბოიკოტს უცხადებენ

დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეთა ატესტაცია თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროში საატესტაციო კომისია უკვე შექმნილი იყო და დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჟურნალისტების დარწმუნებას კვლავაც ცდილობდა, თითქოს კახეთის მუნიციპალიტეტებში ატესტაციის ჩატარება საერთოდ არ იგეგმება.

„კვირის ბოლომდე საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები დაგეგმილი ატესტაციის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ. ატესტაცია კი თებერვლის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ატესტაციის შედეგად თანამშრომლების მასობრივი შემცირება არ იგეგმება, ოპტიმიზაციაზე კი ვიფიქრებ, თუმცა ესეც უმნიშვნელო იქნება. ის თანამშრომლები, ვინც ატესტაციის შედეგად მინიმალურ გამსვლელ ქულას ვერ დააგროვებენ, დაქვეითდებიან ან გათავისუფლდებიან. ვაკანტურ თანამდებობებზე კი კონკურსი გამოცხადდება“, - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

გაირკვა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესის მონიტორინგს ბოიკოტს უცხადებენ და ტესტირებაზე დაკვირვებას არ აპირებენ.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მონიტორინგს აზრი არ აქვს, რადგან იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა თანამდებობებზე დატოვებაც ხელმძღვანელობას სურს, ტესტები წინასწარ არის ხოლმე ცნობილი:
„2008 წლის 20 დეკემბერს ატესტაცია ჩატარდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 2009 წლის ივნისში კი გურჯაანის გამგეობაში. ორივე შემთხვევაში, ატესტაციის შედეგად ბევრმა ისეთმა თანამშრომელმა დააგროვა მაღალი ქულა, რომლებმაც არ იციან, რა არის საჯარო ინფორმაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ. მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ატესტაციამდე გამგებლების და გუბერნატორის ნდობით აღჭურვილი პირებისთვის ტესტებში მოცემული საკითხები წინასწარ იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, ატესტაციის გავლის შემდეგ, მაღალი ქულების მქონე თანამშრომლები დანიშნეს სამსახურში, მერე განცხადებები დააწერინეს გათავისუფლებაზე და შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს. ზოგიერთი კი, ვისი მუშაობაც არ უნდოდათ, გაათავისუფლეს. ვაკანტურ თანამდებობებზე არ გამოცხადებულა კონკურსი და თანამშრომლები ნაცნობ-მეგობრობით შეარჩიეს“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

იგივე აზრის არიან რიგითი დედოფლისწყაროელებიც. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ის, ვისი გაყვანაც საკრებულოს თავმჯდომარეს სურს, ის საჭირო ქულებს აუცილებლად მოაგროვებს, ტესტირების პროცესი კი შესანიღბად და იმის დასამტკიცებლად სჭირდებათ, თითქოს დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში კადრების შერჩევა მართლაც ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით ხდებოდეს და არა ძმაკაცური თუ ნაცნობ-მეგობრობის პრინციპებით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ხელმოკლეთათვის დენის საფასურის გადახდის გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა

დედოფლისწყაროს საკრებულოს გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ სოციალურად დაუცველთათვის ყოველთვიური საფასურის გადახდით ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს ელექტროენერგიის პრობლემას მოუხსნიდნენ.

ამ მიზნით, ახლახან საკრებულომ გადაწყვიტა, ცალკეული კატეგორიებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად მოხმარებული დენის საფასური ყოველთვიურად გადაურიცხონ.

"ქიზიყმა" კი გაარკვია, რომ ხელმოკლე ოჯახების ნაწილი თვეში საშუალოდ 3 - 4 ლარის ელექტრო ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ეს ცვლილება, რომელიც საშუალოდ თვეში 8-დან 12 ლარამდე პირდაპირ ენერგოდისტრიბუციაში გადარიცხვას ითვალისწინებს, ასეთი ოჯახებისთვის არცთუ ისე შეღავათიანი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ასეთი ოჯახების დიდ ნაწილს ელექტრო ტექნიკა არ აქვს, შესაბამისად მოხმარებული ელექტრო ენერგიის მაჩვენებელი ყოველთვიურად საკმაოდ დაბალია, ამდენად ეს ნაბიჯი არა დახმარების გაზრდას, არამედ ბევრისთვის მის შემცირებასაც ნიშნავს:

ელენე წიკლაური (9 აპრილის ქუჩის მკვიდრი, მარჩენალდაკარგული): ,,2 წლის ობოლ ბავშვს ვზრდი, უკიდურესად გვიჭირს. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვე მხოლოდ 2 ლარს ვიხდი... ვუფრთხილდები, მუდმივად ეკონომიურად ვხარჯავ და 2 ლარზე მეტი ელექტროენერგია ჯერ არ დამიწვია. არც ელექტრო გამათბობელი და გამაცხელებელი მაქვს, არც სარეცხის მანქანა. ძალიანაც რომ მოვინდომო 8 ლარს ვერ დავწვავ. ასე კი ზარალში ვარ, ერთჯერადი დახმარების სახით უფრო მეტი თანხა შემხვდებოდა და დიდი შეღავათი მექნებოდა"...

თამარ ჩხიკვაძე (ნიკორციხის ქუჩა, 5 შვილის ქვრივი დედა): ,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ყოველთვიური დახმარება რამდენიმე თვის წინ შეგვიწყვიტეს. ახალ წელს მშივრები შევხვდით, ბავშვებს ტკბილეული და ხილიც ვერ ვუყიდე.. დენი შეჭრილი მაქვს, 5 შვილს სიბნელეში ვზრდი... დიდი დავალიანება მაქვს და ელექტროენერგია ამიტომ შემიჭრეს. რა ვიცი, რანაირად ვვისარგებლებ ამ შეღავათით, როცა დენის მიწოდება შეწყვეტილი მაქვს... ისე კი იმედი მქონდა, რომ ფულად დახმარებას ავიღებდი".

რიტა ყოჩიაშვილი (მარტოხელა დედა, 9 აპრილის ქუჩა): ,,ერთჯერადი დახმარება უფრო მაწყობდა. ასე წაგებაში ვარ. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვის მიზერულს ვიხდით, ეს დიდ ტვირთად სულაც არ გვაწვება. ფულადი დახმარების იმედი უფრო გვქონდა, ამოგვეშველებოდა ხოლმე. ახლა კი არ ვიცი რა ვქნათ"...

გოგიტა ყოჩიაშვილი (4 შვილის მამა, სოფ ჯაფარიძე): ,,თვეში 4-5 ლარს ვიხდით-ხოლმე, მეტ დენს ჩვენ არ მოვიხმართ... ძველი გადაწყვეტილების მიხედვით ოთხ შვილზე წელიწადში 200 ლარს ავიღებდი, ახლა კი დენის ფული ყოველთვიურად რომ მიხადონ, მართლა ზარალში ვარ... ის ფულადი დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იყო"...

ლუდა წიკლაური (რუსთაველის ქუჩის მკვიდრი, 4 შვილის დედა): ,,თვეში 2-3 ლარზე მეტს არ ვიხდი. ქვითრებს გადმოგილაგებთ და ნახეთ. სახლიდან სულ გასულები ვართ და დენს ფაქტობრივად არ მოვიხმარ. ამ ინიციატივას ვაპროტესტებ!... ეს ინიციატივა ფაქტიურად გამოუსადეგარი იქნება ჩემთვისაც და ბევრი ჩემნაირისთვის. შეამოწმეთ და ნახავთ, რომ ასეთი ოჯახები მინიმალური ოდენობის დენს მოვიხმართ".

მაია ტუხაშვილი (უნარშეზღუდული, მარტოხელა დედა): ,,არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, ფაქტიურად ოჯახში ელექტრო ტექნიკა არ გაგვაჩნია. საკრებულოს გადაწყვეტილებას ვაპროტესტებ. შეღავათი ვერ იქნება, რადგან ისეც ცოტა დენს მოვიხმართ და ფულადი დახმარების აღება უფრო მნიშვნელოვანი იყო".

ამგვარი პრეტენზიებით დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალურ სამსახურს უკვე უამრავმა ადამიანმა მიაკითხა და უკმაყოფილება ღიად გამოხატა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ უკმაყოფილო ადამიანების შენიშვნები პირადად უკვე მოისმინა, თუმცა საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ,,მესმის მათი შეშფოთება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს პრეროგატივა იყო. შარშან ასეთი გადაწყვეტილება იყო, წელს კი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა". /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

вторник, 4 января 2011 г.

ავარიულ ბინაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამგეობა ბინის ქირას გადაუხდის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიულ ბინაში მცხოვრებ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ბინის ქირის თანხა გამოეყოფათ, რათა მათ შედარებით უსაფრთხო გარემოში გადასვლა მოახერხონ. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზეც ვრცლად ისაუბრეს.

„სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი კვლავ არასასურველია. დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კვლავ საჭიროებენ ჩვენგან დახმარებას. სწორედ ამიტომ მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლები საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და საჭიროებენ საცხოვრებელი ფართის დროებით შეცვლას, ასევე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000– ზე ნაკლებია, გაიცემა ყოველთვიური თანხა ბინის ქირის საფასურის დასაფარად," - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ. ამას გარდა, ლევან ბაღაშვილმა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზეც გაამახვილა ყურადღება:

,,სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, 2011 წლიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაშიც ამოვეშველებით და ეს თანხა თითოეულ ოჯახზე 8-12 ლარით განისაზღვრება, რა თქმა უნდა, კატეგორიების გათვალისწინებით“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა.

სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივი ოჯახებისთვის დაზიანებული ბინების შესაკეთებლად ერთჯერადი დახმარების სახით საშუალოდ 500 ლარიანი დახმარება არის გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა შენობის გასამაგრებლად და პრობლემის აღმოსაფხვრელად ხშირად საკმარისი არ არის, რის გამოც ბინების ნაწილში მოქალაქეების უსაფრთხოება კვლავაც დაუცველია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, მუნიციპალიტეტმა ასეთი ოჯახებისთვის ბინები დაიქირავოს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი.
* * *

1 იანვარს დედოფლისწყაროში 3 ახალშობილი დაიბადა

დედოფლისწყაროს სამშობიაროში 1 იანვარს სამი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების თანამშრომლებმა განუცხადეს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ახალი წლის პირველ დღეს დედოფლისწყაროს რაიონის პირველი მეკვლეები ორი ვაჟი და ერთი გოგონა გახდნენ.

ასევე, 1 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის, დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების თანამშრომლებს და ასევე, სახანძრო და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ახალი წელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა და პარლამენტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა პირადად მიულოცეს.

ნიკოლოზ შანშიაშვილი (დედოფლისწყაროს გამგებელი): ,,ამ ჟესტით ყურადღება და თანადგომა გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 1 იანვარსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ. ამას გარდა, ახალი წლის წინა დღეს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დედოფლისწყაროში მოქმედ ორივე უფასო სასადილოს ვესტუმრეთ. სათნოების სახლ სავანესა და უფასო სასადილოს მიუსაფარ მოხუცებს სადღესასწაულოდ ნობათი მივუტანეთ. სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს ახალი წელი მივულოცეთ და თანადგომა გამოვხატეთ," – განუცხადა "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

შეგახსენებთ, გასულ 2010 წელს დედოფლისწყაროში შობადობის ზრდა დაფიქსირდა, რაც სასიამოვნო ტენდენციად შეფასდა. კახეთის რეგიონის მასშტაბით დედოფლისწყარო შობადობის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეებს ტესტირება ჩაუტარდებათ

უახლოეს ხანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელე სპეციალურ ატესტაციას გაივლის. ის ვინც სათანადო ქულებს ვერ დააგროვებს, თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ღიად განაცხადა.

,,გამოიცა შესაბამისი ბრძანება. შევქმენით საატესტაციო კომისია. კანონი უფლებას მანიჭებს ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ატესტაცია ჩავუტარო. უკვე რამდენიმე წელია დედოფლისწყაროში თანამშრომლებს ამგვარი ტესტირება არ ჩატარებიათ. ეს ერთგვარი თვითგადამზადება იქნება... ვინც სათანადო ქულებს ვერ დააგროვებს, თანამდებობიდან გათავისუფლდება და მის ადგილზე კონკურსი გამოცხადდება. თუ სპეციალისტმა სამსახურის უფროსზე მეტი ქულა მოაგროვა, ბუნებრივია ცვლილებებიც მოხდება და ყველა მათგანი ქულების შესაბამის თანამდებობაზე დაწინაურდება, ან დაქვეითდება," - აცხადებს ლევან ბაღაშვილი.

ამ საკითხს დეპუტატებმა დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომაზე კენჭი უკვე უყარეს და დაამტკიცეს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა ფიროსმანაშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურა დეპუტატებს ლევან ბაღაშვილმა შესთავაზა, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ტესტებს უმაღლესი სასწავლებლების სპეციალისტები მოამზადებენ და მათ დედოფლისწყაროში ატესტაციის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე დალუქულ მდგომარეობაში ჩამოიტანენ. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ საატესტაციო კომისიის წევრთა დიდი ნაწილი მოწვეული ადამიანებით დაკომპლექტდება და მათი ოდენობა ადგილობრივებს გადააჭარბებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დედოფლისწყაროში, სანიაღვრე არხში მამაკაცის გვამი იპოვეს

2 იანვრის ღამეს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხში მოსახლეობამ მოხუცი მამაკაცის გვამი შენიშნა. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ექიმთა ბრიგადა გამოძახებაზე ოპერატიულად გავიდა, თუმცა ადგილზე მისულებს ქალაქ დედოფლისწყაროში მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის გიორგი მჭედლიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ:

,,ჯერ უცნობია, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოწამვლის შემთხვევები ხშირი იყო. მჭედლიშვილს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გვამი მაშინვე პროზექტურაში გადავიყვანეთ, " - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მოხუცი სუპერმარკეტის კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. მომხდარზე წინასწარი გამოძიება უკვე დაწყებულია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

воскресенье, 2 января 2011 г.

დედოფლისწყაროს საკრებულომ 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლის ბოლო სხდომა 30 დეკემბერს გამართა, სადაც დღის წესრიგში 9 საკითხი იყო შეტანილი. მათ შორის უმთავრესი 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება გახლდათ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა.

ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტმა 2 მილიონ 765 ათასი ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, გასულ წელს ბიუჯეტი 3 მილიონ 135 000 ლარის ოდენობით დაამტკიცეს. ამას 280 ათას ლარამდე განათლების სამინისტროს მიერ სკოლების რეაბილიტაციის თანხა და სხვადასხვა ტრანსფერებიც დაემატა.

2011 წლის ბიუჯეტის შემცირება ადგილობრივი შემოსულობების კლებამ გამოიწვია. ამან კი სხვადასხვა სფეროებისთვის დაფინანსების შემცირების აუცილებლობა შექმნა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე თვეში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და მას სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი და სხვადასხვა ტრანსფერებით გათვალისწინებული თანხებიც დაემატება, რაც დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მოხმარდება.

2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხებიც განიხილეს. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ ალექსანდრე ალუღიშვილი. ბუნებრივი თუ სხვა სახის კატასტროფების დროს უკვე არსებობს სამოქმედო გეგმა, თუ რა პრინციპით უნდა იმუშაონ სხვადასხვა სამსახურებმა. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2010 წელს გადაუღებელმა წვიმებმა ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო მნიშვნელოვნად დააზარალეს და ამგვარ მოვლენებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაცილებით მობილიზებული და მომზადებული რომ შეხვდეს, ამიტომ საგანგებო შტაბი ამოქმედდა. ამას გარდა გაიზარდა სარეზერვო ფონდისთვის გამოყოფილი თანხაც.

,,მარტოხელა დედები და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთაც 10 000 ქულაზე ნაკლები აქვთ, ანუ მათ ვინც სიღატაკის დაძლევის პროგრამაში მოხვდნენ და მათაც, ვინც პროგრამის მიღმა დარჩნენ ფაქტობრივად მოვუხსნით ელექტროენერგიის პრობლემას. ანუ, აქამდე ეს კატეგორია ერთჯერადი დახმარების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ლარიან დახმარებას იღებდა. ახლა კი ჩვენ ენერგოდისტრიბუციიდან საშუალო მაჩვენებელს გამოვითხოვთ და ასეთ ოჯახებს ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადს გადავურიცხავთ. მოხდება არა თანხის გაცემა, არამედ, აბონენტის ნომერზე თანხის გადარიცხვა პირდაპირ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში. ანუ, ამიერიდან დახმარება ერთჯერადის ნაცვლად იქნება ყოველთვიური და ამით ფაქტიურად ელექტროენერგიის პრობლემას მოვუხსნით," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს პრემიერ მინისტრის ბრძანებულებით სოციალურად დაუცველთათვის სათბობი შეშის განაწილების საკითხი. აღინიშნა, რომ ოჯახები უახლოეს დღეებში 1,5 კუბ შეშას მიიღებენ. ერთჯერადი დახმარება განკუთვნილია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაში მყოფ მრავალშვილიან, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ოჯახებისთვის, ასევე უნარშეზღუდულებისა და მკვეთრად უნარშეზღუდულებისთვის. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დედოფლისწყაროს ამ მიზნით 40 ათასი ლარი გამოეყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებასა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სულ მალე საჯარო მოხელეებს ატესტაციის გავლა მოუწევთ, ვინც სათანადო ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს ისინი თანამდებობებს დატოვებენ. ლევან ბაღაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2011 წლიდან დედოფლისწყაროში ვაკანტურ ადგილებზე საჯარო მოხელეები მხოლოდ კონკურსის წესით შეირჩევიან.

სხდომის დასასრულ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდ "ნუგეშს" მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და ყველას სპეციალურ ნომერზე - 700 626-ზე დარეკვისკენ მოუწოდა. მობილური ტელეფონებიდან აღნიშნულ ნომრებზე ზარის განხორციელებით 1 ლარი საქველმოქმედო ფონდ ნუგეშს გადაერიცხება, რომელიც დედოფლისწყაროში ეტაპობრივად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს.,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ ნუგეშს, რომ აგრძელებს მუშაობას და მათი თანხები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო, რომ თითოეული თეთრი ყოფილიყო აღრიცხული და გამჭვირვალე, თუ სად და როგორ იხარჯება ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ნომერზე ერთი ზარი მაინც განახორციელა," - აღნიშნა ბაღაშვილმა.

სხდომაზე საკმაო დაგვიანებით შემოვიდა საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი ნუკრი ბაღაშვილი, ხოლო დეპუტატი ლევან ჯამალაშვილი დარბაზიდან სხდომის დაწყებისთანავე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ გავიდა და სხდომა ისე დასრულდა აღარ გამოჩენილა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы